პარლამენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო

19 აპრილი 2019
პარლამენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი მეორე მოსმენით, 87 ხმით, 31-ის წინააღმდეგ მიიღო.

პარლამენტის წევრების: ირაკლი კობახიძის, არჩილ თალაკვაძის, მამუკა მდინარაძის, ანრი ოხანაშვილის, გიორგი კახიანის, დავით მათიკაშვილის და გურამ მაჭარაშვილის საკანონმდებლო ინიციატივა მუხლობრივად განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა წარადგინა.

სხდომაზე მსჯელობა პროექტის იმ მუხლებთან დაკავშირებით გაგრძელდა, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მოძიებას, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის საკითხს და მის უფლებამოსილების ვადას შეეხებოდა.

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა, კანონპროექტით გათვალისწინებული უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის 10 წლის ვადით არჩევის 5 წლამდე შემცირება და სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის წესის კიდევ უფრო მეტად დაზუსტება ითხოვეს.

„საქართველოს კონსტიტუციის მესამე მუხლში წერია, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ვადა არის 10 წელი. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს უზენაესი სასამართლოს წევრთაგან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით 10 წლის ვადით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს პარლამენტი. ამიტომ ფიზიკურად შეუძლებელია ამის შეცვლა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ორგანული კანონით ვერ დავარეგულირებთ იმ ვადას, რაც კონსტიტუციამ დაადგინა“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მომხსენებელმა თანმდევი - „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტიც წარადგინა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონით წარდგენილმა კანდიდატმა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე შესაბამისი ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 7 დღის ვადაში უნდა შეავსოს და წარადგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია.

„საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამის მუხლს უნდა დაემატოს მითითება იმის შესახებ, რომ საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი კანდიდატი ვალდებულია საჯარო სამსახურის ბიუროს წარუდგინოს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია“, - განაცხადა მომხსენებელმა.

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატები მიიჩნევენ, რომ მოსამართლეობის კანდიდატმა ასევე, უნდა წარადგინოს ოჯახური ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაცია.

„მე პრინციპული წინააღმდეგობა იმასთან დაკავშირებით, რომ მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია ჰქონდეს მათ შორის, ოჯახის წევრთან მიმართებაში, პარლამენტს და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ მაქვს თუმცა, გთავაზობთ დავაზუსტოთ ეს საკითხი. პრინციპი იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე წარმოდგენილი კანდიდატის და მისი ოჯახის წევრის ირგვლივ არსებული მდგომარეობა ამაში გეთანხმებით. საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციას გავივლით საჯარო სამსახურის ბიუროსთან და ამის შემდგომ შემოგთავაზებთ საბოლოო რედაქციას“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მომხსენებელმა „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტზეც ისაუბრა.

მისი განმარტებით, შემოთავაზებული ცვლილებით, პარლამენტის უფლებამოსილების ვადის ფარგლებში, ერთი და იმავე პირის წარდგენა შესაძლებელი იქნება მხოლოდ 2-ჯერ.

„ეს არის ძალიან სწორი ნაბიჯი, როდესაც თუკი, ერთი მოწვევის პარლამენტში კანდიდატი 2-ჯერ არ იქნება არჩეული, მას არ უნდა ჰქონდეს შეზღუდვა, რომ სხვა მოწვევის პარლამენტში იყოს არჩეული. თუკი კანდიდატი ერთმა პოლიტიკურმა გუნდმა 2-ჯერ, ერთი მოწვევის პარლამენტში არ აირჩია, მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა წარმოადგინოს საკუთარი თავი სხვა მოწვევის პარლამენტებში. აქამდე იყო შეზღუდვა, რომ რომელიმე მოწვევის პარლამენტში კანდიდატს 2-ჯერ თუ არ დაუჭერდნენ მხარს, მას აღარასოდეს ექნებოდა შესაძლებლობა ყოფილიყო წარდგენილი“, - განაცხადა მომხსენებელმა.

პროექტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობისა და მოსამართლეობის კანდიდატების საქართველოს კონსტიტუციის ან/და სხვა კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ქმნის რეგლამენტით გათვალისწინებულ სამუშაო ჯგუფს.

სხდომაზე, სამუშაო ჯგუფის დაკომპლექტების წესზე და მისი მუშაობის პროცედურაზე იმსჯელეს.

როგორც პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენელმა ირმა ინაშვილმა აღნიშნა, პარლამენტის რეგლამენტში უნდა ჩაიდოს მექანიზმი, რომ მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევის პროცესი იქნება უზრუნველყოფილი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირი ეთერით, რათა მაქსიმალურად დაცული იყოს საჯაროობა.

„საჯაროობა იქნება უზრუნველყოფილი, პროექტში არის ჩანაწერი, რომ მთლიანად პროცესი მიმდინარეობს საჯაროდ. ნებისმიერ პარლამენტის წევრს უფლება ექნება დაესწროს კომიტეტის სხდომას“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ცალკეული დეპუტატების გამოსვლების შემდეგ, საპარლამენტო ტრიბუნა ფრაქციების წარმომადგენლებს დაეთმოთ.

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა თინა ბოკუჩავამ, კოლეგებს, მათ შორის, საპარლამენტო უმრავლესობიდან, მოუწოდა საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირონ, რადგან კანონპროექტში არ არის გათვალისწინებული ვენეციის კომისიის და ეუთოს რეკომენდაციები.

„პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლის, ადა მარშანიას განცხადებით, იუსტიციის საბჭოს წევრების მონაწილეობა მთელ ამ პროცესში გამორიცხული უნდა იყოს.

მისი თქმით, კენჭისყრები არ უნდა იყოს ფარული, ასევე, იუსტიციის საბჭომ უნდა დაასაბუთოს, თუ რატომ უთხრა უარი ამა თუ იმ კანდიდატს.

მას მიაჩნია, რომ კანდიდატს გასაჩივრების უფლება უნდა ჰქონდეს ყველა ეტაპზე მის მიმართ გამოტანილი განაჩენის თაობაზე.

„თუ ჩვენ გვინდა სასიკეთოდ, ძირფესვიანად შევცვალოთ ეს საკითხი, განვიხილოთ კონსტიტუციური კანონი და ამით მოეღება ბოლო ყველანაირ საუბრებს არსებული კლანების შესახებ“, - განაცხადა ადა მარშანიამ.

„როდესაც ვსაუბრობთ მოსამართლეების კეთილსინდისიერებაზე, რატომ არ ვსაუბრობთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების კეთილსინდისიერებაზე?! თუ საბჭომ გადმოგვიგზავნა მოსამართლეთა კანდიდატების სია, რომლის დამტკიცება შეუძლებელია მათი წარსულიდან გამომდინარე ეს ნიშნავს, რომ საბჭოს წევრები არიან არაკეთილსინდისიერები“, - განაცხადა გია ლომიამ.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ მოსამართლეთა არჩევის დროს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უნდა გაიმართოს ღია კენჭისყრა, რათა არ მოხდეს პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება.

ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, რადიკალიზაცია, ქვეყნისთვის, მისი თითოეული მოქალაქისთვის არის ძალიან დამაზიანებელი და სახიფათო.

„გამოსავალი იქნებოდა ძალაუფლების გადანაწილება, რისთვისაც საჭიროა, მართლმსაჯულების ისეთი რეფორმა, როდესაც ქვეყანაში არ დარჩება კითხვის ნიშანი იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში არსებობს სამართლიანი სასამართლო“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ხათუნა გოგორიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობიდან კოლეგებს მოუწოდა „ევროპული საქართველოს“ ინიციატივა გაიზიარონ, რომლის მიხედვით, ერთი მოწვევის პარლამენტმა ერთი სესიის განმავლობაში, მოსამართლეობის სამ კანდიდატზე მეტი არ განიხილოს.

„ერთადერთი შანსი, რომ პარლამენტს ჰქონდეს იმიჯი და საზოგადოებაში პარლამენტის პატივისცემა აიწიოს, არის ის, რომ მივიღოთ გადაწყვეტილება - ერთი სესიის განმავლობაში პარლამენტმა სამ კანდიდატზე მეტი არ განიხილოს“, - განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.

მისი თქმით ამ მოწვევის პარლამენტს მთლიანობაში შესაძლებლობა ექნება 9 მოსამართლე და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე აირჩიოს. „უზენაესი სასამართლო იქნება უფლებამოსილი, რომ იმუშაოს“, - განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.

ოთარ კახიძის განცხადებით, ვენეციის კომისიის და ეუთოს რეკომენდაციები არ არის გათვალისწინებული.

მისი განცხადებით, გათვალისწინებული არ არის რეკომენდაციები, რომლის მიხედვით, მოსამართლეთა არჩევის პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე; ყველა კანდიდატი უნდა შეფასდეს ქულათა სისტემით და გადაწყვეტილება იყოს დასაბუთებული; ინტერესთა კონფლიქტის გამო სრულფასოვნად გამოირიცხოს იუსტიციის საბჭოს წევრის მონაწილეობა; ასევე არ არის გათვალისწინებული მოქმედი მოსამართლეებისთვის განსხვავებული პროცედურის დადგენა.

სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის სახელით ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე გამოვიდა.

მისი განცხადებით, გათვალისწინებულია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციების უდიდესი ნაწილი.

„ვენეციის კომისიის რეკომენდაციების უდიდეს ნაწილს ვითვალისწინებთ და იმ არაძირითად ჩანაწერზე, რომელიც ძირითად რეკომენდაციებში საერთოდ ვერ მოხვდა, აპელირებთ იმიტომ, რომ ისევ და ისევ გავლენებზე ფიქრობთ“, - მიმართა საპარლამენტო ოპოზიციას, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.

მისი განცხადებით, საზოგადოების ფართო წრეებმა უნდა იცოდნენ, რომ ოპოზიციას სასამართლოს დამოუკიდებლობა აშინებს და რადგან სასამართლოზე გავლენის მოპოვებას ვერ ახერხებს, ცდილობს, სასამართლო გააჩეროს.

„საუბარია უკვე იმაზე, რომ რამენაირად გააჩეროთ სასამართლო. გააჭიანუროთ იქ პროცესები. შეჩერდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების მუშაობა პრაქტიკულად, იმიტომ, რომ 7 მოსამართლე რომ დარჩება, შეუძლებელია, 5 ათასზე მეტი საქმე განიხილონ მათ და ეს არის კოლაფსი, რაც არის ჩვენი პასუხისმგებლობა და ამას ვერ დავუშვებთ“, - მიმართა მამუკა მდინარაძემ ოპონენტებს.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, ოპონენტების განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ უმრავლესობა ვენეციის კომისიის არცერთ რეკომენდაციას არ ითვალისწინებს - ტყუილია.

„ვენეციის კომისიის დასკვნაში ოთხი ძირითადი საკითხი იყო. დავიწყებ იმით, რასაც ვერ ან არ ვითვალისწინებთ. ფარული კენჭისყრა უზრუნველყოფს იმას, რომ გავლენებისგან დაიცალოს კონკრეტული გადაწყვეტილება. რაც შეეხება გამოცდას, ვითვალისწინებთ სრულად. რაც შეეხება ინტერესთა კონფლიქტს - მოსამართლეობის კანდიდატი, რომელიც იმავდროულად არის იუსტიციის საბჭოს წევრი, გამოირიცხება ყველანაირი პროცედურიდან, მათ შორის, ბოლო კენჭისყრიდან. გამოდის, რომ უდიდეს ნაწილს ვითვალისწინებთ და იმ არაძირითად ჩანაწერზე, რომელიც ძირითად რეკომენდაციებში საერთოდ ვერ მოხვდა, აპელირებთ იმიტომ, რომ ისევ და ისევ გავლენებზე ფიქრობთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„ერთ-ერთი უპრეცედენტო კანონპროექტია ის, რასაც ჩვენ ვუყრით კენჭს, ამ ყველაფრიდან გამომდინარე - ამ უპრეცედენტობიდან, პროცედურების გამჭვირვალობიდან, კრიტერიუმების სიმკაცრიდან გამომდინარე, რომელთან დაკავშირებითაც ვენეციის კომისიამ მხოლოდ რამდენიმე შენიშვნა მოგცა და რომლის დიდ ნაწილს ვითვალისწინებთ. ჩვენ დავუჭერთ მხარს ამ კანონპროექტს და შესაბამისად, არა მხოლოდ კანონპროექტი, შესაბამისი პროცესი იქნება წარმატებული. არავინ მოგცემთ იმის უფლებას, რომ გააჩეროთ სასამართლო“, - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ფრაქციის თავმჯდომარემ.

დღესვე, პარლამენტმა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცედურებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე სახალხო დამცველს მოუსმინა.

სახალხო დამცველის მოსმენა მას შემდეგ გაიმართა, რაც სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის შესახებ კორექტირებული კანონპროექტის განხილვა დასრულდა.

„სახალხო დამცველს, რომელსაც კონსტიტუციის მიხედვით, მაქვს დავალებული საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დაცვაზე ზედამხედველობა, ბუნებრივია, გვერდს ვერ ავუვლიდი სასამართლო ხელისუფლების ფორმირების საკითხს. ის თუ როგორ იქმნება სასამართლო ინსტიტუციები და როგორია პროცედურები ამ მიმართებით, განსაზღვრავს ქვეყანაში სამართლიანი სასამართლოს უფლებას. სასამართლოს დამოუკიდებლობა ეს არის ადამიანის უფლებების დაცვის ქვაკუთხედი, ხოლო სასამართლოს დამოუკიდებლობას, სასამართლოს მიმართ ნდობას, მეტწილად, განაპირობებს ის პროცესი რის მიხედვითაც ხდება მოსამართლეების შერჩევა, ნომინირება და დანიშვნა“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.

მისი განცხადებით, უნდა გაიწეროს ისეთი პროცედურა, რომელიც რისკებისგან დაგვაზღვევს და ამავდროულად, დარღვეული უფლებების დასაცავად სამართლებრივი გზები იარსებებს.

„ამ მხრივ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მოსამართლეთა არჩევის სისტემას ჰქონდეს მაღალი საზოგადოებრივი ნდობა. ამ ტიპის ნდობა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ კანონის უზენაესობის პრინციპის აუცილებელ ნაწილად მიიჩნევა“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მისი თქმით, 2013 წლიდან სასამართლო სისტემაში ხორციელდება რეფორმები, რაც არის კარგი, მაგრამ არასაკმარისი სასამართლო სისტემის გაჯანსაღებისთვის.

„დღეს არის ისტორიული მომენტი, როდესაც უზენაესი სასამართლოს მთლიანი შემადგენლობის სამი მეოთხედის ფორმირება ხდება. დღეს, აუცილებელია იმგვარი პროცედურების შემოღება, რომელიც იქნება ჯეროვანი და გამჭვირვალე, ადამიანის უფლებების სტანდარტების შესაბამისი და რომელიც გაზრდის ნდობას სასამართლოს მიმართ და ის გაზრდილი ნდობა ბუნებრივია, უნდა ტრანსფორმირდეს უფრო მეტად დაცულ ადამიანის უფლებებში“, - აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

მისი განცხადებით, სწორედ, ყოველივე ამის უზრუნველსაყოფად, სახალხო დამცველმა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების სამსახურს - „ოდირს“ მიმართა მოსაზრებების მოსამზადებლად.

სახალხო დამცველმა სხდომაზე გამოსვლისას კანონმდებლებს სწორედ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ რეკომენდაციებზე ესაუბრა.

მისი განცხადებით, დოკუმენტში ასახულია, რომ მოსამართლეთა დანიშვნასთან დაკავშირებული პროცესი დაჩქარებულად მიმდინარეობს.

„პარლამენტმა იმ მოსამართლეთა არჩევის წესი უნდა მიიღოს, რომლებიც უმაღლესი ინსტანციის მოსამართლეები 20-30 წელი იქნებიან, ამიტომ საკითხის განხილვას უფრო მეტი დრო და განხილვა სჭირდება“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.

მისი თქმით, არსებობს ორი უაღრესად ავტორიტეტული ორგანიზაციის დასკვნა.

სახალხო დამცველი მიესალმა, რომ მოსამართლეთა სავალდებულო საკვალიფიკაციო გამოცდა ინიცირებული კანონპროექტიდან ამოღებული იქნება.

რაც შეეხება ინტერსთა კონფლიქტთან დაკავშირებულ საკითხს, ომბუდსმენმა აღნიშნა ისიც, რომ მისასალმებელია კანონპროექტის ავტორთა მიერ ამ რეკომენდაციის გათვალისწინება.

„მისასალმებელია, რომ მთავარი რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნა, მაგრამ ასევე, აუცილებელია დაზუსტდეს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრს, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად იქნება წარდგენილი, არ შეეძლოს განხილვაში არანაირი ფორმით მონაწილეობა, არ წარმართოს საბჭოს სხდომები, არ ჩაერთოს ადმინისტრაციულ-საორგანიზაციო საკითხებში, იგი ასევე არ უნდა გაეცნოს სხვა კანდიდატების შესახებ ინფორმაციას. კანდიდატად წარდგენილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი აბსოლუტურად უნდა იყოს დისტანცირებული კონკურსის გარშემო მიმდინარე პროცესებისგან“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მესამე პრინციპული საკითხი, რომელსაც როგორც ვენეციის კომისია ასევე, „ოდირი“ განსაზღვრავს, ეს არის ფარული კენჭისყრის გაუქმება, გადაწყვეტილებების დასაბუთება და გასაჩივრების უფლებამოსილების მინიჭება კანდიდატებისთვის.

„ეს არის ის საკითხი რომელიც ორდღიანი განხილვის შემდეგ დარჩა გაუთვალისწინებელი."

მისი განცხადებით, საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის არასამართლიანი და გაუგებარია, როდესაც ხდება მოსამართლეობის რანგირება და კანდიდატთა ქულებით შეფასება.

როგორც სახალხო დამცველმა აღნიშნა, საერთაშირისო ორგანიზაციები აკრიტიკებენ კანდიდატებთან გასაუბრების შემდეგ ფარული კენჭისყრის გამართვას.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია კანდიდატებისთვის გასაჩივრების შესაძლებლობის მინიჭება.

ნინო ლომჯარიამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცედურაზე და კრიტერიუმებთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებზეც გაამახვილა ყურადღება.

მისი განცხადებით აუცილებელია კანონპროექტთან დაკავშირებით მუშაობა გაგრძელდეს და საბოლოო ჯამში მიღებული იქნას ისეთი კანონპროექტი, რომელიც შეესაბამება ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებს და იმ რეკომენდაციებს, რომელსაც გვთავაზობს ავტორიტატული ორგანიზაციები.

მისივე განცხადებით, სახალხო დამცველის მოწვევით, საქართველოს 16-17 მაისს „ოდირის“ ექსპერტები ეწვევიან.

„ჩვენ მოგვეცემა საშუალება მათთან ერთად განვიხილოთ წარმოდგენილი მოსაზრებები და რეკომენდაციები. კარგად მესმის, თუ როგორ გვეჩქარება უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტება, რადგან ვიცი თუ რა მდგომარეობაა იქ. თუმცა, ვფიქრობ, პროცესის დაჩქარება არ იქნება სწორი. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა, კარგად ავწონ-დავწონოთ რამდენად შესაბამისობაში მოდის ის კანონპროექტი, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ ყველა იმ ფუნდამენტურ რეკომენდაციასთან, რასაც ჩვენი უცხოელი კოლეგები და პარტნიორები გვთავაზობენ“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველმა სიტყვით გამოსვლის შემდეგ, დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა, რის შემდგომაც, საპარლამენტო ტრიბუნა საკუთარი პოზიციების დასაფიქსირებლად, ფრაქციების გამოსვლებს დაეთმო.

სხდომაზე, უმრავლესობის სახელით, პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე გამოვიდა.

„კანონპროექტი ადგენს უპრეცედენტო პროცედურას. არის უპრეცედენტოდ ღია, გახსნილი, გამჭვირვალე და ეს ყველაფერი კეთდება შედეგისთვის“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. ირაკლი კობახიძემ კანონპროექტით დადგენილ პროცედურასა და კანონპროექტის საბოლოო მიზანზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

„მთავარი არის ის, რომ შედეგად მივიღოთ მაღალკვალიფიციური და კეთილსინდისიერი მოსამართლეები უზენაეს სასამართლოში“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, თავის დროზე, უმრავლესობამ განაცხადა, რომ გაიზიარებდა ყველა იმ შენიშვნას, რომელიც იქნებოდა გამომდინარე კონსტიტუციის პრინციპებიდან და ზოგადად, ევროსაბჭოს რეკომენდაციებიდან.

„ჩვენ აღვნიშნეთ სწორედ ეს: თუ სადმე დაადგენდა ვენეციის კომისია წინააღმდეგობას სამართლებრივ პრინციპებთან, ამ შემთხვევაში, ჩვენ გავიზიარებდით რეკომენდაციებს. ეს პროცედურა არის სრულ შესაბამისობაში და არა მარტო სრულ შესაბამისობაში სამართლებრივ პრინციპებთან, არამედ, ადგენს იმაზე ათჯერ და ასჯერ მაღალ სტანდარტს, ვიდრე არის დადგენილი ევროკავშირის ქვეყნებშიც კი და ამასთან დაკავშირებით შეიძლება ძალიან ხმამაღალი განცხადებების გაკეთება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა ვენეციის კომისიის მიდგომაზეც და აღნიშნა, რომ გარკვეული ფორმით, კომისიის დასკვნებში პოლიტიკური რეკომენდაციების გაწერა შესაძლებელია, თუმცა, ირაკლი კობახიძის თქმით, ვენეციის კომისიას ყოველთვის განსხვავებული პოზიცია ჰქონდა.

„ვენეციის კომისია შექმნილია სამართლებრივი ექსპერტიზისთვის და შესაბამისად, ისინი ვერ ითვალისწინებენ პოლიტიკურ კონტექსტს შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენისას“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ დეტალურად ისაუბრა პროცედურაზე, რომელიც, მისი თქმით, გართულებულია და რომელიც იძლევა გარანტიას, რომ საბოლოო ჯამში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები სრულ შესაბამისობაში იქნებიან კონსტიტუციით და კანონმდებლობით დადგენილ კრიტერიუმებთან.

პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა განცხადებას, იმის შესახებ, რომ პარლამენტი კანონპროექტს ფორსირებულად განიხილავს.

„ამ ყველაფერს, ჯამში, ვუთმობთ 7 თვეს. ჯერ 4 თვე დასჭირდება, საბოლოო ჯამში, კანონპროექტის მიღებას და ამის შემდეგ, 3 თვე სჭირდება, კიდევ პროცედურას. 7 თვე გაგრძელდა ეს პროცესი იმისთვის, რომ შედეგზე გავიდეთ და შედეგი არის კვალიფიციური და კეთილსინდისიერი მოსამართლეები“, - განმარტა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება პოლიტიკურ კონტექსტს - პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ეს არის რევანშის ინტერესი კონკრეტული პოლიტიკური ძალის მხრიდან, რომელსაც 2012 წლამდე სასამართლოზე სრული კონტროლი ჰქონდა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი რევანშს არ დაუშვებს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მმართველი გუნდისთვის მთავარი არის ადამიანის უფლებების დაცვა და სასამართლო სწორედ ადამიანის უფლებების სათანადოდ დასაცავად არის შექმნილი.

„მთავარი არის ის, რომ მდგომარეობა იყოს კარგი, ადამიანის უფლებები იყოს განუხრელად დაცული და ამიტომ ვსაუბრობთ ჩვენ ყოველთვის, რომ როცა სასამართლოს ეხება საქმე, ყველა ჩვენს ოპონენტს თუ დაინტერესებულ მხარეს ვთხოვთ კონკრეტული საქმეების წარდგენას, რასთან დაკავშირებითაც მზად ვართ დისკუსიისთვის“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

სხდომაზე შემაჯამებელი სიტყვით ნინო ლომჯარია გამოვიდა და აღნიშნა, რომ წარმოდგენილი კანონპროექტის მიღებით არ მთავრდება სასამართლო სისტემის რეფორმირება და წინ უფრო მნიშვნელოვანი საკითხება გადასაწყვეტი.

„წინ გვაქვს იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმირების თემა, მოსამართლეთა არჩევის წესში შესატანი ცვლილებები, დისციპლინური სამართალწარმოების პროცედურის გამართვა და ასე შემდეგ. იმედს ვიტოვებ, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით ამჯერად მაინც იქნება ყველა პოლიტიკური პარტიის მხრიდან აქტიური ჩართულობა და უფრო მეტი დისკუსია“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მისი განცხადებით, სახალხო დამცველის პლენარულ სხდომაზე გამოსვლა შესაძლებელი გახდა იმ ცვლილებებით, რაც განხორციელდა პარლამენტის რეგლამენტში, რაც ომბუდსმენმა პოზიტიურად შეაფასა.

„ეს იყო სწორი ცვლილებები და დაზუსტებები, რაც განხორციელდა და რამაც სახალხო დამცველს უკვე ძალიან ნათლად და ცალსახად მიანიჭა უფლება, რომ მიმართოს საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პარლამენტი არის ვალდებული მოუსმინოს მას უახლოეს პერიოდში მიმართვისთანავე და მე ნამდვილად გპირდებით, რომ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, სადაც ჩავთვლი რომ ამ საკითხებს ექნება არსებითი მნიშვნელობა ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, აუცილებლად გამოვიყენებ ამ უფლებამოსილებას“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ანრი ოხანაშვილმა სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას და მის გუნდს მადლობა გადაუხადა.

„ჩვენ ავირჩიეთ სახალხო დამცველი, რომელსაც სრული ლეგიტიმაცია და უფლება აქვს გამოვიდეს და დაასაბუთოს თავისი პოზიცია, იმსჯელოს. ჩვენ მას ვაძლევთ ასპარეზს და ეს არის ისტორიაში პირველი ფაქტი, როდესაც მან გამოიყენა საპარლამენტო ტრიბუნა. ჩვენ მას შესაძლებლობა სრულად მივეცით, საკუთარი თუნდაც, კრიტიკული პოზიცია წარედგინა პარლამენტის წინაშე. ჩვენ ვართ გუნდი, რომლებმაც უზრუნველვყავით ყველა სუბიექტის მაქსიმალური ჩართულობა, დებატების მაქსიმალური შესაძლებლობა ამ კანონპროექტზე“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მისი თქმით, კანონპროექტზე მუშაობა პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით დაიწყო დეკემბრის ბოლოდან, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, ასევე, სახალხო დამცველის ოფისის ჩართულობით.

„ოპოზიციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ ძალიან ბევრ შეხვედრას. 4 თვის განმავლობაში გამჭვირვალედ მიმდინარეობდა ეს პროცესი. დისკუსიების შემდეგ დაინიცირდა პროექტი და წარვმართეთ სხდომები, რომელიც არის საჯარო და რომელშიც ყველა მონაწილეობს. სწორედ, ჩვენი ნება იყო ვენეციის კომისიისთვის გაგვეგზავნა კანონპროექტი და წარმოედგინათ მათ თავიანთი არგუმენტები. ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი არგუმენტები იმისთვის, რომ დოკუმენტი არის ძალიან გამართული“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

მისი თქმით, კანონპროექტში სრულადაა გათვალისწინებული ვენეციის კომისიის რეკომენდაციები.

„საუბარი იმაზე, რომ თითქოს ბარიერს ვქმნიდით გამოცდის სახით, მოხსნილია, ვინაიდან არანაირ გამოცდას არ ვაწესებთ. საუბარი იმაზე, რომ თითქოს ინტერესთა კონფლიქტი შეიძლებოდა ყოფილიყო, მოხსნილია. ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან სწორი, ეფექტური, გამართული დოკუმენტი, რაც მოგვცემს საშუალებას მივიღოთ ადეკვატური გადაწყვეტილება. ჩვენზეა დამოკიდებული ავირჩიოთ შესაბამისი კანდიდატები“, - აღნიშნა მომხსენებელმა.

პარლამენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი თანმდევ საკითხებთან ერთად, მეორე მოსმენით, 87 ხმით, 31-ის წინააღმდეგ კენჭისყრის შედეგად მიიღო.

„საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს მხარი 85 ხმით 27-ის წინააღმდეგ დაუჭირეს.

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი კი 85 ხმით, 26-ის წინააღმდეგ იქნა მიღებული.