პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში ლევან დავითაშვილს მოუსმინეს

07 მარტი 2019
პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში ლევან დავითაშვილს მოუსმინეს

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „მინისტრის საათის“ ფორმატში, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს, ლევან დავითაშვილს მოუსმინეს. მინისტრი გამოსვლის დასაწყისში მთავრობის წევრების პარლამენტის მიმართ გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაციის წარდგენის ახალ ფორმატს შეეხო და აღნიშნა, რომ იგი კარგ საშუალებას იძლევა პარლამენტის წინაშე კიდევ უფრო მეტად ანგარიშვალდებული იყოს და საზოგადოებას სრულყოფილი ინფორმაცია გააცნოს.

ლევან დავითაშვილმა სამინისტროს მიერ 2018 წლის გაწეული საქმიანობის და სამომავლო გეგმების შესახებ პრეზენტაცია ორი მიმართულებით წარადგინა. მან გარემოს დაცვის საკითხებზე და სოფლის მეურნეობის სფეროში არსებულ ვითარებაზე დეტალურად ისაუბრა.

„2018 წელი იყო პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი წელი გაერთიანებული სამინისტროსთვის. ჩამოყალიბდა ახალი სტრუქტურა, რომელმაც უნდა უპასუხოს იმ გამოწვევებს, რომელიც გაგვაჩნია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკა ეფუძნება სამ ძირითად სტრატეგიულ დოკუმენტს: საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა მესამე ეროვნული პროგრამა 2017-2021 წლები; საქართველოს სოფლის განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა 2017-2020 წლები; საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა 2015-2020 წლები“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის ინფორმაციით, 2018 წელს საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა III ეროვნული პროგრამა (NEAP3) დამტკიცდა, რომელიც წარმოადგენს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სფეროში ქვეყნის უმთავრეს სტრატეგიულ დოკუმენტს და სამოქმედო პროგრამას. NEAP3 ქვეყანაში არსებული გამოწვევების, საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების, მდგრადი განვითარების მიზნებისა და მრავალმხრივი გარემოსდაცვითი შეთანხმებების ვალდებულებების შესაბამისად განსაზღვრავს დარგის გრძელვადიან სტრატეგიულ პრიორიტეტებს, მიზნებს, ამოცანებსა და კონკრეტულ სამოქმედო გეგმას ხუთწლიანი პერიოდისთვის.
მისივე განცხადებით, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტთან ერთად, 2018 წელს მომზადდა საქართველოს კანონის პროექტი „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების შესახებ”, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაციასთან, სტატუსის მინიჭებასთან, აღდგენა-გაშენებასთან, მართვასთან და სარგებლობასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს დაარეგულირებს.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, დღეისათვის, ცალკეულ მუნიციპალიტეტებში დონორების მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში მიმდინარეობს და დაგეგმილია ქარსაფარი ზოლების გაშენება. კერძოდ, 2019 წლისთვის დაგეგმილია ქარსაფარი ზოლების გაშენება გარდაბნის, გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში.

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა სამინისტროს საქმიანობის წლიური ანგარიშის წარდგენისას ქვეყნისთვის ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, 2018 წლის ბერნის კონვენციის მუდმივმოქმედი კომიტეტის შეხვედრაზე საქართველომ წარადგინა და კომიტეტმა დაამტკიცა ზურმუხტის 36 ტერიტორია. ამ ეტაპზე შერჩეულია 58 ზურმუხტის ტერიტორია, მათგან 39 - დამტკიცებულია ბერნის კონვენციის მუდმივმოქმედი კომიტეტის მიერ, 7 ტერიტორია არის კანდიდატი, ხოლო 12 - შეთავაზებული.

მინისტრმა სამინისტროს ფარგლებში „ველური ბუნების მართვის სააგენტო“ ჩამოყალიბების მნიშვნელობის საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ „ეროვნული საშენი მეურნეობის“ ბაზაზე ჩამოყალიბდა სსიპ „ველური ბუნების ეროვნული სააგენტო“, რომლის ძირითადი ფუნქციებია: ფლორისა და ფაუნის სახეობათა ეტაპობრივი აღრიცხვისა და შემდგომი მონიტორინგის ორგანიზება, კვლევების ორგანიზება, აღწარმოებისთვის საჭირო სამუშაო გენოფონდის შექმნა, ნადირობისა და სპორტული თევზჭერის რეგულირება; კერძო სექტორისთვის სახეობათა გასამრავლებელი მასალისა და საკონსულტაციო მომსახურებების მიწოდება; მოსახლეობის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაზე მუშაობა.

სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაციის წარდგენისას, ლევან დავითაშვილმა თბილისში ჰაერში ტყვიის შემცველობის დასადგენად ჩატარებული მასშტაბური კვლევების თაობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, 65 ლოკაციაზე, მათ შორის, სკოლებისა და ბაღების მიმდებარე ტერიტორიებზე ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ ტყვიის შემცველობა ნორმის ფარგლებშია.

„2018 წელს გაიხსნა თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი, ატმოსფერული ჰაერის, ნიადაგის და წყლის ანალიზის ლაბორატორია. ასევე გასულ წელს საქართველოს მასშტაბით ჰაერის ხარისხის პირველი ავტომატური მობილური სადგური ამოქმედდა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში ჰაერის ხარისხის შემოწმება“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის ინფორმაციით, გარდა ჰაერში ტყვიის მონიტორინგისა, 2018 წელს, მოსახლეობის მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გააქტიურდა ბენზინში ტყვიის შემცველობის სახელმწიფო კონტროლი და 143 ავტოგასამართ სადგურზე 250-მდე საწვავის სინჯის ლაბორატორიული კვლევის შედეგად, არც ერთ სინჯში ტყვიის შემცველობა არ დაფიქსირდა.
ლევან დავითაშვილმა ჰაერის ხარისხის მართვის ევროპული სტანდარტების დასანერგად და სამრეწველო ობიექტებიდან ჰაერის დაბინძურების სანქციების გამკაცრების მიზნით, მიმდინარე წელს დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებზე ისაუბრა.

„ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის ევროპული პრინციპების დანერგვისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების მოთხოვნების შესრულების მიზნით, ძირეული ცვლილებები განხორციელდება „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში. მნიშვნელოვნად გაიზრდება სამრეწველო სექტორიდან ჰაერის დაბინძურებისთვის დადგენილი სანქციები, რადგან დღეისთვის არსებული ჯარიმები იმდენად მცირეა, რომ მას პრაქტიკულად არანაირი შემაკავებელი ეფექტი არ გააჩნია“, - განაცხადა მინისტრმა.

ლევან დავითაშვილმა დაცული ტერიტორიების განვითარების მნიშვნელობასა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა. მისი თქმით, 2019 წელს დაცული ტერიტორიების ფართობი 190 00 ჰა-ით გაიზრდება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში პირველად, საქართველოს დაცული ტერიტორიები UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის ნომინაციაზეა წარდგენილი. 2018 წელს კი, დაცული ტერიტორიების სააგენტო ევროპარკების ფედერაციის წევრი გახდა. მისივე ინფორმაციით, 2018 წელს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა 16%-ით, ხოლო სერვისებიდან მიღებული შემოსავლების რაოდენობა 87%-ით გაიზარდა. მიღებული შემოსავლები კი საკონსერვაციო საქმიანობას და ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება.

„2019 წელს ვიზიტორებისთვის ოკაცეს ჩანჩქერის ახალი ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა გაიხსნება, რომელიც რეგიონში ტურისტების რაოდენობას გაზრდის. კვლევების მიხედვით, მხოლოდ 5 დაცული ტერიტორიის ეფექტმა საქართველოს ეკონომიკაში 87 000 000 ლარი შეადგინა“, - აღნიშნა მინისტრმა.

გარემოს დაცვით მიმართულებების სამომავლო გეგმებზე საუბრისას, ლევან დავითაშვილმა პარლამენტში უკვე წარდგენილ ტყის ახალ კოდექსზე და გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის შესაბამისი აღჭურვილობებით განახლების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის ბოლოსთვის გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტი შესაბამისი მოწყობილობებით აღიჭურვება.

„სპეციალისტები, მიღებული გამოცდილების საფუძველზე, ახალი, თანამედროვე ხელსაწყოთი - „ეკოსაუნდერის“ საშუალებით განახორციელებენ შავ ზღვაში თევზის მარაგების ოდენობის დათვლას. ეს საშუალებას მისცემს ჩვენს სპეციალისტებს მაღალი სიზუსტით ჩაატარონ კვლევები, ხოლო მაღალი სიზუსტით დათვლილი მარაგები, საშუალებას მისცემს ქვეყანას უფრო მეტი შემოსავლები მიიღოს მეთევზეობის დარგიდან“, - განაცხადა მინისტრმა.

გარემოს დაცვის საკითხებზე საუბრის შემდეგ, ლევან დავითაშვილმა პარლამენტის წევრებს სოფლის მეურნეობის კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებზე ინფორმაცია მიაწოდა. „სოფლის მეურნეობა ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დარგია, სადაც ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 42%-ია დასაქმებული. ამ დარგში არის მემკვიდრეობით მიღებული პრობლემები და არის დიდი გამოწვევები. თუმცა, ბოლო წლებში ჩვენს გავქვს მაკროეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესება სხვადასხვა მიმართულებით და 2012 წლიდან აგრო სასურსათო პროდუქციის ზრდა 41%-ით არის გაზრდილი“ - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში, წინასწარი მონაცემებით, 4%-ით გაიზარდა სოფლის მეურნეობის სექტორში შექმნილი დამატებული ღირებულება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, 2017 წელს დაფიქსირებული შემცირების შემდეგ. გაზრდილია, როგორც მემცენარეობის, ასევე მეცხოველეობის დარგში შექმნილი დამატებული ღირებულება.

რაც შეეხება სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელ სექტორში შექმნილ დამატებულ ღირებულებას, 2018 წლის 3 კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 10%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

მინისტრმა დეპუტატებს სოფლის მეურნეობის სფეროდან მიღებული შემოსავლების მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და სტატისტიკა გააცნო. მისი ინფორმაციით, გასულ წელს საქართველოდან ექსპორტირებულია 959.2 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც 23.2%-ით მეტია 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. 2018 წლის წინასწარი მონაცემებით, 3 კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აგრობიზნესის მთლიანი გამოშვება 337.2 მლნ ლარით (5.2%) გაიზარდა და 6.8 მლრდ ლარს მიაღწია. სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება კი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10.8%-ით (31 მლნ ლარი) გაიზარდა.
ლევან დავითაშვილმა ყურძნის ჩაბარების და ღვინის წარმოების მონაცემებიც წარმოადგინა.

„2019 წელს ორ მნიშვნელოვან ადგილწარმოშობის ზონაში - „ქინძმარაულსა“ და „მუკუზანში“ ყურძნის ჩაბარება, აღრიცხვა და გადამუშავება მოხდება ფერმერის კადასტრის ელექტრონული სისტემაში დარეგისტრირების შემდეგ და არსებული ტრადიცია, სოფლის გამგებლების მიერ ცნობების გაცემა ამ ზონებში აღარ იქნება საჭირო. ანალოგიური სისტემა მუშაობს ევროპის ქვეყნებში და ეს სიახლე კიდევ უფრო აამაღლებს ქართული ღვინის საიმედოობასა და რეპუტაციას“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მისი განცხადებით, მეღვინეობის დარგში წარმატებულად მიმდინარეობს მუშაობა ღვინის ხარისხის კონტროლის ახალი სისტემების დანერგვის მიმართულებით, ასევე წარმატებით ხორციელდება ახალი საექსპორტო ბაზრების ათვისების სტრატეგია, რაც ასახულია ექსპორტის მზარდ მაჩვენებლებზე.

მინისტრის ინფორმაციით, 2018 წელს, საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში 86,2 მლნ ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული, რაც ბოლო თითქმის 30 წლის რეკორდული მაჩვენებელია. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 203 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 20%-ითაა გაზრდილი. ექსპორტი გაზრდილია ქართული ღვინის სტრატეგიულ და ტრადიციულ ბაზრებზე, ევროპისა და აზიის მიმართულებით.

„ჩვენ მივიღეთ კანონი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ, შეიქმნა სააგენტო, რომელიც ხელს შეუწყობს ასეთი კოოპერატივების ჩამოყალიბებას. 1000-ზე მეტი ასეთი კოოპერატივია, ეს არის თვისობრივად ახალი ფორმა; ჩვენ უნდა შევძლოთ კოოპერატივების გაძლიერება, არა რაოდენობის გაზრდა, არამედ მათი გამსხვილება, როგორც ეს არის ევროპის ქვეყანებში", - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
მისი ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით 1111 სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივია რეგისტრირებული, რომელთა სწრაფი განვითარებისათვის შემუშავებულია და ხორციელდება არაერთი სახელმწიფო პროგრამა. რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში 10 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია ჩართული. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში გაერთიანებულ 210-ზე მეტ მეპაიეს, რომელთა საკუთრებაში არსებული საქონლის რაოდენობა 2000 ფურზე მეტს შეადგენს, შესაძლებლობა ეძლევა სტანდარტების დაცვით აწარმოონ რძის პროდუქტები. მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში 10 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი ჩაერთო, რომელშიც გაერთიანებულია 204 მეპაიე, მობილიზებული ვენახის რაოდენობა 219 ჰა-ს შეადგენს. ყურძნის გადამამუშავებელი 5 კოოპერაციული საწარმო უკვე ამოქმედდა, 5 საწარმოს მშენებლობა მიმდინარე წელს დასრულდება. მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენების სახელმწიფო პროგრამაში, 2018 წელს 10 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი ჩაერთო, რომელშიც გაერთიანებულია 300-ზე მეტი მეპაიე, მობილიზებული საქონლის რაოდენობა კი 2200 ფურს შეადგენს. მათ 25 წლიანი იჯარის უფლებით გადაეცემათ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრები და თანადაფინანსებით საქონლის საკვების წარმოებისათვის საჭირო სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა. დუშეთის მუნიციპალიტეტის უკანაფშავის ადმინისტრაციულ ერთეულში დასრულდა რძის მიმღებ-გადამმუშავებელი საწარმოს მშენებლობა, მიმდინარეობს საწარმოს აღჭურვა, საწარმო დღიურად 1,5 ტონა რძეს გადაამუშავებს.

ლევან დავითაშვილი სამინისტროს მხრიდან ბიო წარმოების სტიმულირების საკითხს შეეხო და აღნიშნა, რომ საქართველოში ბიო პროდუქტების მწარმოებლების ფინანსური მხარდაჭერა იგეგმება.

„ბიო წარმოების ხელშეწყობა არის მწვანე ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილი. აღნიშნული პროექტის პრეზენტაცია გაიმართება უახლოეს პერიოდში. ფერმერებს დავეხმარებით, რომ მათ ბიო წარმოების განვითარება შეძლონ. ჩვენ დავეხმარებით როგორც წარმოებისა და კონსულტაციების ნაწილში, ისე სერტიფიცირების ეტაპზე, რომ მოხდეს ბიო წარმოებაზე გადასვლა. ეს არის ძვირი და რისკიანი მიმართულება და სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერის გარეშე მისი განხორციელება რთული იქნება“, - აღნიშნა მინისტრმა.

ლევან დავითაშვილმა სამინისტროს წინაშე არსებულ გამოწვევებზე საუბრისას აზიური ფაროსანას საკითხს შეეხო და აღნიშნა, რომ მის დასაძლევად სახელმწიფო მასშტაბურ ღონისძიებებს ახორციელებს. მისი განცხადებით, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის პარალელურად, 2018 წელს მნიშვნელოვანი ღონისძიებები განხორციელდა კალიის, ბზის ალურას და ამერიკული თეთრ პეპელას საწინააღმდეგოდ, რამაც ხელი შეუწყო მწვანე საფარის შენარჩუნებას და ეკონომიკური ზარალის თავიდან აცილებას. მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა თხილის სექტორში არსებულ გამოწვევებზე, რომელიც მისი შეფასებით, კომპლექსურია და სხვადასხვა დაავადებას უკავშირდება. ლევან დავითაშვილის განცხადებით, ამ კუთხით სამინისტრო აქტიურად მუშაობს თხილის მწარმოებელთა ასოციაციასთან, ასევე სახელმწიფოს თანადაფინანსებით შექმნილია სპეციალური ჯგუფები, რომლებიც აღჭურვილია შესაბამისი ცოდნით, პრეპარატით და ტექნიკური საშუალებებით, რომლებიც დაეხმარებიან ფერმერებს, რათა მათ მიიღონ მაღალი ხარისხის მოსავალი.

„მინისტრის საათი“ დეპუტატების შეკითხვებით გაგრძელდა. პარლამენტის წევრებმა მინისტრის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე შეფასებები გააკეთეს და გარკვეულ საკითხების დაკონკრეტების მიზნით, ლევან დავითაშვილს კითხვებით მიმართეს, რომლებზეც მინისტრმა ორი საათის განმავლობაში ვრცლად და დეტალურად ისაუბრა.
პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათი“ კომიტეტების და ცალკეული წევრების გამოსვლებით გაგრძელდა. კომიტეტების სახელით დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულია გამოვიდა. „სოფლის მეურნეობაში არსებობს რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვა, რომლებიც დაკავშირებულია შინაარსებთან. ეს არის: თანამიმდევრულობა, კომპლექსურობა, მდგრადობა და კვალიფიკაციის მნიშვნელობა, რომლის გარეშეც ეს დარგი ვერასოდეს იქნება კონკურენტუნარიანი. თითოეული ამ სიტყვის შინაარსის უკან ჩვენ ვხედავთ გარკვეულ ქმედებებს. ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი შედეგები. თუ სოფლის მეურნეობაში რაიმე მნიშვნელოვანი შეიძლება მოხდეს, ეს არის ამ კონცეფციის შემდგომი განვითარება. დღევანდელ სამინისტროში სწორედ, კონცეფცია არის კარგად დანახული. ჩვენ ვხედავთ თანმიმდევრულობას, კვალიფიკაციას და გარკვეული მიმართულებებით არსებული გამოწვევების სწორად დანახვას. იმედი მაქვს მათი საქმიანობა კიდევ უფრო ეფექტური იქნება მომავალში“, - განაცხადა რომან კაკულიამ.

ცალკეული პარლამენტის წევრების გამოსვლის უფლებით ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ისარგებლეს. გამომსვლელებმა სოფლის მეურნეობის სხვადასხვა სექტორში არსებული ვითარბა შეაფასეს და პრობლემების დაძლევის საკუთარი ხედვები წარმოადგინეს.

დეპუტატების გამოსვლების შემდეგ საპარლამენტო ტრიბუნა ფრაქციის წარმომადგენლებს დაეთმო. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, თინათინ ბოკუჩავა თავის გამოსვლაში ჰაერის დაბინძურების კუთხით არსებულ ვითარებას შეეხო და აღნიშნა, რომ ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში, აღნიშნულ თემაზე პირველი საკომიტეტო მოკვლევა ჩატარდა, რისთვისაც მან კომიტეტის თავმჯდომარეს და მოკვლევის პროცესში ჩართულ პირებს მადლობა გადაუხადა. თინათინ ბოკუჩავამ ჰაერის დაბინძურებაზე მოქმედ ფაქტორებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პრობლემის მოგვარებას სხვადასხვა ფაქტორებთან ერთად არსებული კორუფცია უშლის ხელს. ევროპული საქართველოს სახელით ოთარ კახიძემ, სერგო რატიანმა, ლელა ქებურიამ და სერგი კაპანაძემ ისაუბრეს. მომხსენებლებმა როგორც გარემოს დაცვის ასევე სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს და აღნიშნულ თემებზე სასაუბროდ მინისტრი კომიტეტის სხდომაზე მიიწვიეს. ოთარ კახიძემ სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ხე-ტყით სარგებლობის და საძოვრების საკითხებზე მინისტრს ფრაქციის მიერ ინიცირებული პროექტების გასაცნობად ლევან დავითაშვილს სამუშაო შეხვედრის გამართვა შესთავაზა.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ სახელით გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახაბერ კუჭავა გამოვიდა.

კახაბერ კუჭავამ მადლობა გადაუხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან დავითაშვილს გარემოს დაცვის მიმართულებით გატარებული აქტიური ღონისძიებებისთვის.

„არ ვიყავი მომხრე ორი სამინისტროს გაერთიანების და დღესაც იგივე აზრზე ვრჩები და ვთვლი, რომ გარემოს დაცვის სამინისტრო არის უწყება, რომელიც უნდა იყოს დამოუკიდებლად, თუმცა, მაშინ მე მახსოვს თქვენგან მიღებული პირობა, როდესაც დაინიშნეთ, რომ თქვენ არა თუ არ დააკნინებდით, არამედ პირიქით, გააძლიერებდით გარემოს დაცვის მიმართულებას. გულწრფელად გეტყვით, რომ განმაცვიფრეთ და გამაკვირვეთ და მადლობას გიხდით იმისთვის, რომ თქვენი პირადი ჩართულობაც მაღალია, რაც შედეგებზეც მეტყველებს გარემოს დავის მიმართულებით. ეს დამატებით იმედსაც მაძლევს, რომ ყველა ის გეგმა, რომელიც თქვენ დასახეთ, პირველ რიგში, არა მარტო სწორად არის გაანალიზებული და დასახული, არამედ წარმატებით იქნება დასრულებული. მაიმედებს ის პროცესი და ის ურთიერთობა, რომელიც ჩვენს კომიტეტს და სამინისტროს ჩამოგვიყალიბდა ერთი წლის განმავლობაში“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ.

„დღეს ქვეყანა ბევრი საინტერესო ინფრასტრუქტურული და სტრატეგიული პროექტის განხორციელების ეტაპზეა. ვთვლი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ის საკითხები, სადაც თქვენი სამინისტრო თვლის, რომ გარემოზე მიყენებული ზიანი შეიძლება იყოს დასაშვებზე მაღალი, თქვენი სიტყვა თქვათ და შევაჩეროთ ასეთი პროექტები“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ.

კახაბერ კუჭავა თავის გამოსვლაში სამინსიტროს დაფინასების საკითხსაც შეეხო.

„გარემოს დაცვის კუთხით სამინისტროს დაფინანსების საკითხთან მიმართებაში ნამდვილად არის დადებითი ტენდეცია. ორი წლის განმავლობაში ბიუჯეტი იზრდება, თუმცა პირადა მე ვთვლი, რომ ეს არ არის საკმარისი რაოდენობით ზრდა, იმისთვის, რომ ყველა იმ გამოწვევასთან ბრძოლის საშუალებას მოგვცემს, რის წინაშეც ჩვენ ვდგავართ“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია კონტროლისა და ზედამხედველობის გაძლიერება სამინისტროს შიგნით არსებულ უწყებებზე.

კახაბერ კუჭავა სიტყვით გამოსვლისას ტყის რეფორმის საკითხსაც შეეხო.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კანონი, რომელიც გადაწყვეტს მომავლში ჩვენი ტყის მასივების არა მხოლოდ შემცირების შეჩერებას, არამედ ზრდის პერსპექტივებს და ჩვენი თაობებისთვის იქნება უმნიშვნელოვანესი, რომ მდგრად მართვაზე ორიენტირებული ტყის მასივები გვექნება, რომელიც ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი ბუნებრივი სიმდიდრეა წყალთან ერთად“,- განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ.

კახაბერ კუჭავამ აღნიშნა, რომ 2019 წელს ბევრ საინტერესო კანონპროექტზეა მუშაობა დაგეგმილი, მათ შორის: წყლის კოდექსზე, მწარმოებელთა გაფართოებულ ვალდებულების შესახებ და სხვა.

სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის სახელით, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ოთარ დანელია წარსდგა. „დაახლოებით 7-8 წლის წინ 511 მლნ. აშშ დოლარის აგრო სასურსათო პროდუქციის ექსპორტი ხორციელდებოდა. გასული წლის წინასწარი მონაცემებით თითქმის ორჯერ მეტი ღირებულების სასოფლო დანიშნულების პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა. მათ შორის რეკორდული რიცხვი როგორც რაოდენობრივად, ისე თანხობრივი მაჩვენებლით ღვინოს უჭირავს. რომ არა თხილის პრობლემა და გამოწვევა, საერთო საექსპორტო მაჩვენებელი, დაახლოებით 200 მლნ-ით მეტი იქნებოდა“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.

კომიტეტის თავმჯდომარე გადამამუშავებელი საწარმოების დაფინანსების საკითხს შეეხო და სოფლის მეურნეობის მიმართულებით მეტი ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „აუცილებლად მინდა ხაზი გაუსვა და ავღნიშნო, რომ მიწის მორატორიუმმა მნიშვნელოვნად შეაფერხა სოფლის მეურნეობის ინვესტიციები. ჩემი მონაცემებით დაახლოებით 1500 ტრანზაქცია ვერ შესრულდა, რამაც სოფლის მეურნეობაში 200 მლნ-ით ნაკლები შეიტანა“, - აღნიშნა ოთარ დანელიამ.

იგი საბრუნავი კაპიტალის თემასაც გამოეხმაურა და აღნიშნულ საკითხზე მინისტრის პოზიცია გაიზიარა. პარლამენტის წევრის განცხადებით, მნიშვნელობა არ აქვს თუ რამდენი საწარმო დაფინანსდება თუ არ მოხდება შემდგომში მათი შენარჩუნება.

„ძალიან მნიშვნელოვანია ამ საწარმოების საკონსულტაციო დახმარება და ფინანსური მენეჯმენტის ხელშეწყობა, რადგან ნებისმიერ ქვეყანაში სოფლის მეურნეობას სახელმწიფო დახმარება და ჩართულობა სჭირდება. შესაბამისად, საბრუნავი კაპიტალის ნაწილში ფინანსური რესურსის ხელმისაწვდომობა აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იყოს“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ოთარ დანელიამ პროექტის „დანერგე მომავალის“ თაობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თავის დროზე აღნიშნული პროექტი სხვადასხვა პარამეტრით დაიგეგმა, რაც თვითუზრუნველყოფას, სასურსათო უზრუნველყოფას და საექსპორტო პოტენციალის ხელშეწყობას ისახავდა მიზნად. მისივე განცხადებით, მას თანმდევ პროექტად თან ახლდა სამაცივრე და შემნახველი მეურნეობის ხელშეწყობა და სასიხარულო ფაქტია, რომ დაახლოებით 6400 ტონის ტევადობის შემნახველი მეურნეობები დაფინანსდა. კომიტეტის თავმჯდომარე ბიომრავალფეროვნების მიმართულებასაც შეეხო და იგი უმნიშვნელოვანეს სფეროდ შეაფასა. მანვე კოლხური ბზის და კოლხური ღვინის საკითხები მიმოიხილა და მინისტრს კონკრეტული თხოვნით მიმართა. „მინდა გთხოვოთ ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად იქნებ ვიზრუნოთ დასავლეთ საქართველოს, განსაკუთრებით კი კოლხური მეღვინეობის აღორძინების ტემაზე. ჩვენ ამ საკითხებზე ინდივიდუალურად ისედაც ვმუშაობთ, მაგრამ თუ სააგენტო ჩაერთვება უფრო ეფექტურ შედეგს მივიღებთ“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.

პარლამენტის წევრების გამოსვლების შემდეგ საპარლამენტო ტრიბუნა შემაჯამებელი სიტყვისთვის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების მინისტრს დაეთმო. ლევან დავითაშვილმა ყველა იმ დეპუტატს, რომლებმაც თემატური და შინაარსობლივი საკითხი წამოჭრეს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სამინისტროს მიერ მათი მოსაზრებების გაზიარება მოხდება. მინისტრმა პარლამენტის დარგობრივი მიმართულებების კომიტეტის თავმჯდომარეებს და კომიტეტების წევრებს სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა. „კომიტეტების ინიციატივები საინტერესო და სასარგებლოა და ამასთან დაკავშირებით სამინისტროს შესაბამისი დღის წესრიგი აქვს, რომელიც აღნიშნულ ინიციატივებს ეხმიანება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

7 მარტის პლენარული სხდომა „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტის განხილვით დასრულდა, რომელიც იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, მიხეილ სარჯველაძემ წარმოადგინა.