პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში, საქართველოს ვიცე-პრემიერს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს მაია ცქიტიშვილს მოუსმინეს

20 თებერვალი 2019
პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში, საქართველოს ვიცე-პრემიერს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს მაია ცქიტიშვილს მოუსმინეს

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, მინისტრის საათის ფორმატში, საქართველოს ვიცე-პრემიერს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, მაია ცქიტიშვილს მოუსმინეს.

„ვიწყებთ პირველი საკითხის განხილვას - მინისტრის საათის ფორმატში საქართველოს მთავრობის წევრის, ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის გამოსვლა 2018 წლის გაწეული მუშაობისა და 2019 წლის სამომავლო გეგმების შესახებ. ამ გამოსვლით ინერგება ახალი ფორმატი - ახალი რეგლამენტით გათვალისწინებული ფორმატი საქართველოს პარლამენტში - მინისტრის საათის ფორმატი, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა და მადლობას გადავუხდით ქალბატონ მაიას იმისთვის, რომ სწორედ ის ხსნის ამ ფორმატს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

ამის შემდეგ პარლამენტის ტრიბუნა მინისტრს დაეთმო. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი პირველი მინისტრია, რომელიც პარლამენტის ახალი რეგლამენტის შესაბამისად, პლენარულ სხდომაზე მინისტრის საათის ფორმატში, სამთავრობო პროგრამის შესრულების შესაბამისი მიმართულების შესახებ მოხსენებით გამოვიდა.

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ მე მაქვს დღეს შესაძლებლობა პირველად, პირველი წარვდგე თქვენ წინაშე ახალი ფორმატის - მინისტრის საათის ფარგლებში, რომელიც არის ახალი ეტაპი მთავრობასა და პარლამენტს შორის ურთიერთობაში. ეს არის ახალი კონსტიტუციის შესაბამისად შედგენილი რეგლამენტის ასევე აუცილებლი პირობა, რომელიც უზრუნველყოფს იმ საპარლამენტო დემოკრატიის ჩამოყალიბებას, რომლის პოლიტიკური ნებაც გამოხატა ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ. მზად ვართ, ვიმსჯელოთ თქვენთან ერთად, მოვისმინოთ თქვენი მოსაზრებები, გაგიზიაროთ ჩვენი ხედვები იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც ჩვენი ქვეყნის რეგიონული განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. იმედი მაქვს, რომ ჩვენი დისკუსია და მსჯელობა იქნება შინაარსობრივი და დაგვეხმარება ერთობლივი ნაბიჯების შემუშავებაში კონკრეტული შედეგების მისაღებად. ასევე, იმედი მაქვს რომ დღევანდელი დისკუსია ხელს შეუწყობს ახალი საპარლამენტო ფორმატის – „მინისტრის საათის“ ინსტიტუციურ ჩამოყალიბებას და განვითარებას“, - მიმართა მინისტრმა კანონმდებლებს.

მაია ცქიტიშვილის განცხადებით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი რეგიონული განვითარება, ადგილობრივი დემოკრატია და ხელისუფლების დეცენტრალიზაცია გახდა.

„ის, რომ ჩვენ უკვე მივაღწიეთ მნიშვნელოვან პროგრესს ამ მიმართულებით, აღიარა ევროპის საბჭომ რეგიონულ და ადგილობრივ ხელისუფალთა კონგრესის 2018 წლის ანგარიშში. კონგრესის ანგარიშმა დაადასტურა, რომ ჩვენი ხელისუფლება კვლავაც აქტიურად აგრძელებს ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუტების გაძლიერებას ხელისუფლების ეტაპობრივი დეცენტრალიზაციისთვის“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა. მან დამსწრე საზოგადოებას შეახსენა, რომ 2018 წლის მარტში სწორედ პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში პარლამენტის თავმჯდომარემ და პრემიერ-მინისტრმა ერთობლივად წარადგინეს დეცენტრალიზაციის გრძელვადიანი ხედვა.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, ამ ხედვაზე დაყრდნობით, სამინისტროს კოორდინაციით, ყველა დაინტერესებული პირის ფართო ჩართულობით, 2019-2025 წლების დეცენტრალიზაციის სტრატეგია და 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა მომზადდა, რომელიც ეფუძნება სამ ძირითად პრინციპს:

  • ადგილობრივი თვითმმართველობების უფლებამოსილების გაზრდა;
  • თვითმმართველობების მატერიალური და ფინანსური გაძლიერება;
  • სანდო, გამჭირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობა.

ვიცე-პრემიერმა მადლობა გადაუხადა დეცენტრალიზაციის სტრატეგიის და 2-წლიანი სამოქმედო გეგმის შემუშავებაში ჩართულ ყველა ადამიანს და აღნიშნა, რომ დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტი მალე წარედგინება პარლამენტს და აქ შექმნილი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში კიდევ უფრო დაიხვეწება.

მისივე თქმით, სამივე მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა, რაც ზოგიერთი მიმართულებით უკვე ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობების უფლებამოსილების გაზრდას, კერძოდ, ადგილობრივი თვითმმართველობების უფლებამოსილების გაზრდის ნაწილში 2019 წლიდან თვითმმართველობებს დელეგირებით გადაეცათ სკოლების მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების და ბავშვების სკოლებში ტრანსპორტირების უფლებამოსილება შესაბამისი ფინანსური რესურსით.
მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ფისკალური დეცენტრალიზაციის ნაწილში პარლამენტის მხარდაჭერით 2019 წლიდან შეიცვალა ტრანსფერის ფორმულა. მუნიციპალიტეტებისთვის გასანაწილებელი თანხა დაუკავშირდა დამატებითი ღირებულების გადასახადს.

„თვითმმართველობების საკუთარი შემოსავლები გახდა უფრო პროგნოზირებადი, მზარდი და ის აღარ არის მათთვის დემოტივატორი - ძველი მოდელისგან განსხვავებით, მუნიციპალიტეტების საკუთარი შემოსავლების ზრდა აღარ იწვევს ტრანსფერის შემცირებას. ახალი მოდელის შემოღების შედეგად მუნიციპალიტეტების დაფინანსება 2018 წელთან შედარებით გაიზარდა 13%-ით, რაც დაახლოებით 105 მლნ ლარს შეადგენს. 50 მუნიციპალიტეტისათვის მოხდა თანხის 25%-ით გაზრდა და ა. შ.“, - აღნიშნა მინისტრმა.

როგორც ვიცე-პრემიერმა განაცხადა, ძლიერი თვითმმართველობის ნაწილში მნიშვნელოვანი იყო შეწყვეტილი „სოფლის პროგრამის“ ამოქმედება მოქალაქეთა ჩართულობის მხარდაჭერისთვის და თვითმმართველობის განვითარებისთვის. მისი თქმით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამამ ცხადყო, რომ სოფელმა უკეთ იცის საკუთარი საჭიროებები.

„მოსახლეობა ჩართული უნდა იყოს გადაწყვეტილების მიღებაში არა მხოლოდ მუნიციპალიტეტში, არამედ სოფელში და თემში. წელს აღდგენილმა სოფლის მხარდაჭერის პროგრამამ დაგვანახა, რომ სოფელმა უკეთ იცის რა უნდა. პროგრამის ფარგლებში ორ თვეში უკვე 2100-ზე მეტი კრება ჩატარდა, სადაც მოსახლეობამ კონკრეტული მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები აირჩია. ასეთმა აქტიურობამ გამოიწვია ის, რომ გავაორმაგეთ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ბიუჯეტი, რაც ნიშნავს იმას, რომ უკვე წელს შეძლებს სოფელი მეტის გაკეთებას საკუთარი დასახლებისთვის“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მინისტრის თქმით, კიდევ ერთ ინსტრუმენტს, წარმოადგენს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდი, რომლითაც ერთი მხრივ ხდება რეგიონების განვითარებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნა, ხოლო მეორე მხრივ მუნიციპალიტეტებს ექმნებათ შესაძლებლობა საკუთარი ძალებით მართონ აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტები.

მაია ცქიტიშვილის განცხადებით, რეგიონებს შორის უთანაბრობის გასწორებისათვის, 2018 წლის ივნისში დამტკიცდა „2018-2021 წლების საქართველოს რეგიონული განვითარების პროგრამა“, რომელიც საქართველოს რეგიონული განვითარების პოლიტიკის ძირითად მიზნებს, ამოცანებს, შესაბამის პრიორიტეტებსა და ღონისძიებებს, მათ შორის რეგიონებში განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებს განსაზღვრავს. ევროკომისიის დახმარებით, რეგიონული პოლიტიკის დაგეგმარება ევროსტანდარტების შესაბამისად მოხდება, რაც ჩვენს ქვეყანას ევროკავშირის რეგიონულ ფონდებზე წვდომის საშუალებას მისცემს.
მინისტრმა თავის გამოსვლაში მნიშვნელოვანი ყურადღება მთის განვითარების საკითხებს დაუთმო, რომელიც რეგიონული განვითარების პოლიტიკის ნაწილს წარმოადგენს. ქვეყნის ტერიტორიის 65% არის მაღალმთიანი და შესაბამისად, მაღალი მთის განვითარებას სახელმწიფო განსაკუთრებულ პრიორიტეტს ანიჭებს.

„მთის კანონის თანახმად 1730 დასახლებას მაღალმთიანის სტატუსი მიენიჭა, 244 884 ადამიანი სარგებლობს მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პირისთვის განკუთვნილი შეღავათებით. 2018 წელს შემუშავდა მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2019-2023 წწ. სტრატეგია, რომლის მიზანია მაღალმთიანი დასახლებების მდგრადი განვითარება, მთაში მცხოვრებთა სოციალური მხარდაჭერა და სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდა. აღნიშნული პრიორიტეტების მიხედვით გაწერილია კონკრეტული ქმედებები და პროგრამები, რომელიც ხელს შეუწყობს მთის განვითარებას“, - განაცხადა მინისტრმა.

მაია ცქიტიშვილმა თავის გამოსვლაში სივრცითი მოწყობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და განაცხადა რამდენად მნიშვნელოვანი კომპონენტია იგი რეგიონული განვითარების დაგეგმვაში. მისი თქმით, 2018 წელს სივრცითი ტერიტორიული დოკუმენტაცია შემუშავდა შემდეგი ადგილებისთვის: ბაკურიანი, დიდი მიტარბი, (დამტკიცებულია) მესტია, მულახის თემი, ნიკორწმინდა, ურეკი, ამბროლაური, ჭრებალო, შაორი, ონი, შოვი, უწერა, ახმეტა, თუშეთი (12 სოფელი), ფოთი (მალთაყვას უბანი), თელავი. მიმდინარეობს მუშაობა ლებარდე, უშგული, აბასთუმანი, ჭაჭკარი, ველისციხის სივრცითი მოწყობის დოკუმენტაციაზე, 2019 წელს კი მუშაობა დაიწყება მცხეთის, ზუგდიდის, ბორჯომის, სურამის, ფასანაურისა და გრიგოლეთის სივრცითი მოწყობის დოკუმენტაციაზე.

მინისტრის განცხადებით, ინფრასტრუქტურული მიმართულებით თანხების ათვისების დინამიკა ყოველწლირად მზარდია. მისი თქმით, მიმდინარე წელს აღნიშნული მაჩვენებელი 20% იქნება.

„იმის გათვალისწინებით, რომ წლის განმავლობაში ძალიან ბევრი კითხვა და გავრცელებული ინფორმაციაა იმასთან დაკავშირებით, რომ თანხების აუთვისებლობა იყო, საჭიროდ ჩავთვალეთ, რომ გრაფიკი მოგვემზადებინა. 2009 წლიდან მოყოლებული ჩვენს მიერ შედგენილი გრაფიკით ირკვევა, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურაში შემავალი ყველა უწყების მიერ ფაქტობრივად ათვისებული თანხების დინამიკა წლების განმავლობაში მზარდია. 2017 წელს პირველად იყო ფაქტობრივად ათვისებული ხარჯების 40%-მდე ზრდა, უკვე შემდგომი წლების ზრდა დაახლოებით 20%-ის ფარგლებშია და 2018 წელს მილიარდ 662 მლნ ლარის ათვისება გვქონდა ბიუჯეტში. 2019 წელს ასევე 20%-იანი ზრდა არის დაგეგმილი იმ ფონზე, როცა ჩვენი ჯამური ბიუჯეტი შეადგენს 2 მლრდ ლარს“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

მინისტრმა ვრცლად ისაუბრა ასევე წყალმომარაგებისა და წყალარინების, საგზაო ინფრასტრუქტურის, სტიქიის პრევენციის, ტურიზმის ინფრასტრუქტურის, რეგიონებისა და მთის განვითარების, სპორტული და განათლების ინფრასტრუქტურის საკითხებზე.
მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას ქვეყნის მოსახლეობისათვის წყალმომარაგება წარმოადგენს. მისი თქმით, გასული წელი მნიშვნელოვანი იყო წყალმომარაგების სფეროში, ვინაიდან პირველად დაიწყო წყლის ინფრასტრუქტურის სრული ინვენტარიზაცია და მთელი ქვეყნის მასშტაბით შესწავლა, შესაბამისი საჭიროებების გამოვლენის მიზნით. პროცესი 2019 წელს დასრულდება და მნიშვნელოვნად გაამარტივებს წყალმომარაგების პოლიტიკის, მათ შორის, სატარიფო პოლიტიკის დაგეგმარებისა და პრიორიტეტების დასახვის პროცესს. მან ასევე ისაუბრა 2019 წელს წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემაში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და აღნიშნა, რომ 2019 წელს წყალმომარაგებისა და წყალარინების სამუშაოებზე გამოყოფილი 282 მილიონი ლარით 85 პროექტი განხორციელდება და მათი დასრულების შემდეგ, დამატებით 430 000 ადამიანი ისარგებლებს 24-საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებითა და თანამედროვე, გამართული კანალიზაციის სისტემით.
მინისტრის ინფორმაციით, ბევრ რეგიონში, სოფლად მოსახლეობას აქვს წყალმომარაგების ქსელები, თუმცა აღნიშნული ქსელები ხშირად არ არის მოწყობილი სტანდარტების დაცვით, არ აქვთ საქლორატორო, საფილტრაციო დანადგარები, რის გამოც წყლის ხარისხი არ შეესაბამება სასმელი წყლის სტანდარტს. ასევე არ ხდება აღნიშნული წყლის სისტემების მართვა დადგენილი სტანდარტების შესაბამისად.

„ძალიან ბევრ ადგილას მოსახლეობას ჯერ კიდევ არ აქვს წვდომა ხარისხიან სასმელ წყალზე, ან არ აქვს უზრუნველყოფილი 24 საათიანი წყალმომარაგება. ამიტომ, ჩვენი ერთი-ერთი პრიორიტეტი 2019 წელს საქართველოს რეგიონებში სწორედ წყალმომარაგებისა და კანალიზაციის მოწესრიგებაა. ამ მიმართულებით წყალმომარაგების კომპანიის ბიუჯეტი 30 პროცენტითაა გაზრდილი. ჩვენ USAID-ის დახმარებით დავიწყეთ წყალმომარაგების სისტემის მართვის მოდელის შემუშავება - საპილოტე რეგიონებად გურია და მცხეთა-მთიანეთია შერჩეული. მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვა დონორ ორგანიზაციებთან, რათა აღნიშნული მოდელი გავრცელებული იქნას სხვა რეგიონებზეც“, - განაცხადა მინისტრმა.

მან ის მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები დაასახელა, რომელთა დასრულებაც 2019 წელს იგეგმება, მათ შორისაა: ანაკლიაში, მესტიაში, წყალტუბოსა და ურეკში წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის სამუშაოები. ასევე ქუთაისის, ჯვრის, ჭიათურის, ურეკისა და გარდაბნის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები. მისივე თქმით, იწყება მარნეულის კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა, რომლის დასრულების შემდეგ 20000-ზე მეტ ადამიანს პირველად მოემსახურება თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების ინფრასტრუქტურა. გუდაურში იწყება წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემის და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა. კანალიზაციის ქსელის და წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის სამუშაოები იწყება ქუთაისში, ჭიათურასა და ვალეში. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამინისტრო განსაკუთრებით ზრუნავს გამყოფი ხაზების მიმდებარე სოფლების წყალმომარაგების გაუმჯობესებაზე.

ვიცე-პრემიერმა საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოებზე საუბრისას ის მიმართულებები დაასახელა, რომლებზეც ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა. ესაა: საერთაშორისო მნიშვნელობის ჩქაროსნულ მაგისტრალები, შიდა სახელმწიფოებრივი გზები, რომელთა მშენებლობას და რეაბილიტაციას ახორციელებს გზების დეპარტამენტი; მუნიციპალური მნიშვნელობის გზები, რომლებსაც ახორციელებენ მუნიციპალური განვითარების ფონდი და მუნიციპალიტეტები; სოფლის გზები, რომელსაც ახორციელებენ მუნიციპალიტეტები.

მინისტრის ინფორმაციით, 2018 წელს საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის მთლიანად დაიხარჯა 1 მლრდ 478 მლნ ლარი და განხორციელდა 617 პროექტი, მათ შორისაა ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობა - 727 მლნ ლარი. მან დეტალურად ისაუბრა ასევე გზების მშენებლობასა და რეაბილიტაციაზე, ასევე საგზაო უსაფრთხოების ღონისძიებებზე. მისი თქმით, წელს პირველად დაიწყება მუშაობა არსებულ გზებზე უსაფრთხოების სტანდარტების ამაღლების მიმართულებით.

ვიცე-პრემიერის განცხადებით, წელს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სტიქიის პრევენციის ღონისძიებებს. მისი თქმით, 2019 წელს იწყება სტიქიის პრევენციის მასშტაბური სამუშაოები, რომელიც გულისხმობს რისკის შემცველ გზებსა და მდინარეებზე ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელებას, მდინარეების კალაპოტების გაწმენდას, სანიაღვრე არხების მოწესრიგებას და ღვარცოფის საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებას. ამ სამუშაოებისათვის 2019 წელს გამოყოფილია 55 მლნ ლარი.

მინისტრმა ისაუბრა 2019 წელს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ნაწილში დაგეგმილ ღონისძიებებზე. დაგეგმილია 172 მლნ ლარის ღირებულების 583-ზე მეტი პროექტი. წელს მიმდინარეობს მზიურის პარკის რეაბილიტაციის პროექტი, თბილისის მეტროს აღჭურვის პროექტი და 5 რეგიონული ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობა, დასრულდება ჭიათურის საბაგიროს მშენებლობა და ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია.

2018 წელს სამინისტროში გადმოვიდა კიდევ ერთი ახალი მიმართულება - დევნილთა საცხოვრებლების მშენებლობა. 2019 წელს იგეგმება იძულებით გადაადგილებულ პირთათვის 16 საცხოვრებელი სახლის მშენებლობის დასრულება სხვადასხვა რეგიონში, შედეგად, 1520 ოჯახი მიიღებს საცხოვრებელ ბინას. წელსვე დამატებით იწყება 13 მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა მცხეთაში, წყალტუბოში, ქუთაისსა და ზუგდიდში, რის შედეგადაც დამატებით 1260 ოჯახი საცხოვრებელი ბინით იქნება უზრუნველყოფილი.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ასევე სპორტულ და განათლების ინფრასტრუქტურაზე და იმ სამუშაოებზე ისაუბრა, რომელთა განხორციელებაც მიმდინარე წელს იგეგმება. ამგვარად, დაგეგმილია 22 სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება, ღირებულებით 60 მლნ ლარი; მუნიციპალური განვითარების ფონდი იწყებს 64 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობას, ღირებულებით - 46 მლნ ლარი; მუნიციპალური განვითარების ფონდი ასევე იწყებს 29 ახალი სკოლის მშენებლობის პროექტს - ბენეფიციართა რაოდენობა 4000, ღირებულება - 68 მლნ ლარი. დაგეგმილია ასევე სარეაბილიტაციო სამუშაოები.

სამინისტროს საქმიანობაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ტურიზმის ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტებს. ამ მიმართულებით უფრო ფართო მასშტაბური პროექტების განხორციელება იგეგმება, რაც სივრცითი მოწყობის დაგეგმარებას უკავშირდება. 2019 წელს დასრულდება ტურიზმის ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები ნიკორწმინდის და მოწამეთას მონასტრებთან და კაცხის სვეტთან. დასრულდება ასურეთში შვაბების ქუჩის რეაბილიტაციის პროექტი და ვანის არქეოლოგიური მუზეუმების მშენებლობა. დაიწყება ახალი მუზეუმის მშენებლობა ონში და ოზურგეთში. მოეწყობა ვიზიტორთა ცენტრები და პარკინგები ფოკაში, ბოდბეში, ატენის სიონთან, კაცხის სვეტთან და ა. შ. 2019 წელს ჯამში დაგეგმილია ტურიზმის ინფრასტრუქტურის 41 პროექტის განხორციელება, რომლის ღირებულება 138 მლნ ლარი იქნება.

როგორც მინისტრმა განაცხადა, ცალკე უნდა აღინიშნოს მთის კურორტები, განსაკუთრებით, ბაკურიანი და გუდაური, რომელთა ქაოტური განაშენიანების შედეგად, აქ არსებული ინფრასტრუქტურა ვერ ემსახურება დამსვენებელთა გაზრდილ რაოდენობას. მისი თქმით, სიტუაციის გამოსწორების მიზნით დაგეგმილია შესაბამისი ღონისძიებები, მათ შორის, სავარაუდოდ, საკანონმდებლო დონეზე.

„ვამუშავეთ ინიციატივებს, შესაძლოა საკანონმდებლო ცვლილებებიც იყოს მისაღები, რათა ამ კურორტების მართვის სტანდარტები რეალობასთან შესაბამისობაში მოვიყვანოთ“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

დასასრულ, მინისტრმა ისაუბრა სამინისტროს უწყებების საქმიანობაში სისტემური ცვლილებების შესახებ, რამაც კიდევ უფრო ნაყოფიერი უნდა გახადოს სამინისტროს და მისი უწყებების საქმიანობა ყველა მიმართულებით. მისი თქმით, ასევე აქტიურად მუშაობენ სხვა სამინისტროებსა და სახელმწიფო უწყებებთან, რათა უკეთ განსაზღვრონ რეგიონების განვითარებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურული პროექტები.

მაია ცქიტიშვილმა ვრცელი და ინფორმაციული ანგარიშის წარდგენის შემდეგ პარლამენტის წევრების მრავალრიცხოვან კითხვებს უპასუხა, რომლებიც ეხებოდა როგორც კონკრეტული სოფლისა თუ რაიონის საჭიროებებს, ასევე საერთო სახელმწიფოებრივ პროექტებს. 

ამის შემდეგ, საპარლამენტო ტრიბუნა ცალკეულ დეპუტატებს და ფრაქციების წარმომადგენლებს დაეთმო.

ფრაქციის „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისათვის“  სახელით ირაკლი აბესაძემ გამოსვლა მინისტრისადმი მადლობის სიტყვებით დაიწყო: „მსურს მადლობით დავიწყო მინისტრისადმი, ვინაიდან უჩვეულოა, რომ ბევრი სხვა შემთხვევებისაგან  განსხვავებით, უპასუხოდ არ დატოვა კითხვა“, - განაცხადა დეპუტატმა. ირაკლი აბესაძე მიიჩნევს, რომ სამინისტროს მხრიდან, ცალკეულ შემთხვევებში ადგილი ჰქონდა სახსრების არამართლზომიერ ხარჯვას, ხოლო გარკვეულ პროექტებთან დაკავშირებით არაპროფესიონალურ  გადაწყვეტილებების მიღებას და არასწორ დაგეგმვას.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ მინისტრის დღევანდელი მოსმენის ფორმა იყო კარგი - იყო გაწონასწორებული, ყოველგვარ ისტერიას მოკლებული გამოსვლა, განსხვავებით სხვებისაგან, რომლებიც ამით ვნებენ საკუთარ პარტიას და საკუთარ საქმეს.

„დღეს ჩვენ ვიხილეთ ძალიან კარგი ურთიერთობა დეპუტატებსა და მინისტრს შორის, რამაც ხელი შეუწყო პროფესიულ ჭრილში განხილვას“, - განაცხადა რომან გოცირიძემ, თუმცა მისივე თქმით, შინაარსი არც თუ მოსაწონი იყო: „დღემდე ამ სამინისტროს ექვსი ხელმძღვანელი შეიცვალა, რომელთაც თან სდევდა ჩავარდნები, ეჭვი კორუფციის შესახებ, შეუსრულებელი პროექტები“, - განაცხადა რომან გოცირიძემ. მისივე თქმით, საბიუჯეტო თანხების აუთვისებლობა და პროექტების გზაში გაჩერება დღესაც გრძელდება.

ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ სახელით, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი გამოვიდა, რომლის შეფასებით, მინისტრმა ამომწურავი ინფორმაცია წარმოადგინა რეგიონული განვითარების, ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ, თუმცა მისივე თქმით, რეალობა ცოტა სხვაგვარია. „დღეს ჩვენი ქვეყანა ძალიან ჰგავს იმ ორკესტრს, რომელშიც ყველა ინსტრუმენტი უკრავს ცალ-ცალკე და არ არის ერთიანი ჰარმონია. მე მეჩვენება და მრჩება განცდა, რომ არ არის ქვეყნის სახელმწიფოებრივ-ეკონომიკური განვითარების ერთი კონკრეტული სტრატეგია, რომელსაც მიყვება ყველა სამინისტრო. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ყველა სამინისტროს აქვს მისი ინდივიდუალური და ვიწრო პროგრამა, კონცეფცია და ერთმანეთთან კავშირში არ არის“, - განაცხად ირმა ინაშვილმა.

მისი თქმით, კარგია, როდესაც ქვეყანაში ხორციელდება ინფრასტრუქტურული პროექტები, მაგრამ დღეს ჩვენი ერი ფიზიკური გადარჩენის წინაშე დგას და მან მოუწოდა ხელისუფლებას, ძალისხმევა უპირველესად სიღარიბის დაძლევისაკენ მიმართოს. ირმა ინაშვილმა მთავრობას კიდევ ერთხელ მოუწოდა ყურადღება დაუთმოს აჭარაში სკოლა-ინტერნატების რეაბილიტაციის საკითხს და იქ შექმნილ ვითარებას. „გვერდზე უნდა გადავდოთ კერძო ინტერესები და ყველამ სახელმწიფოებრივად ვიაზროვნოთ და ვიმუშავოთ“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ფრაქცია „ევროპული საქართველო - რეგიონების“ წარმომადგენელ აკაკი ბობოხიძის  განცხადებით, მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ კომუნიკაციის პრობლემა არ არსებობს, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, თუ კი ზოგიერთ საკითხს ყურადღებას ამ ტრიბუნიდანაც დაუთმობს. მან ძირითადად ტურიზმის განვითარების საკითხებზე და რამდენიმე პროექტში ცვლილების განხორციელების აუცილებლობაზე ისაუბრა. აკაკი ბობოხიძემ მაია ცქიტიშვილს, როგორც ვიცე-პრემიერს, საოჯახო სასტუმროებისათვის წყლის ტარიფის გაზრდის საკითხთან დაკავშირებითაც მიმართა და იმედი გამოთქვა, რომ  ამ საკითხზე  მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით იქნება გადაწყვეტილება მიღებული.

ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ პოზიცია ოთარ კახიძემ გამოხატა. მისი შეფასებით, შეინიშნება კოორდინაციის ნაკლებობა სამინისტროებსა და სახელმწიფოს ცალკეულ სტრუქტურებს შორის. თავის გამოსვლაში მან ყურადღება დაუთმო ანაკლიის პორტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებსაც და აღნიშნა, რომ ეს აზიანებს არა რომელიმე კონკრეტულ პირს, არამედ პროექტს, რომელიც ქვეყნისათვის არის ძალიან მნიშვნელოვანი.    

ფრაქცია „ევროპული საქართველო - რეგიონების“ წარმომადგენელ ზურაბ ჭიაბერაშვილის  განაცხადებით, მართალია მინისტრს ღირსეულად ეჭირა თავი, მაგრამ როდესაც უწყებას აქვს აუთვისებელი თანხები, მისი მუშაობა წარმატებულად ვერ ჩაითვლება. ზურაბ ჭიაბერაშვილს მიაჩნია, რომ ბევრი პროექტი ვერ განხორციელდა. მისივე თქმით, მთავრობამ ბევრი არასწორი გადაწყვეტილება მიიღო და მათ შორის არის თავის დროზე „სოფლის პროგრამის“ შეწყვეტაც. მისივე თქმით, კარგია, რომ დღეს ეს პროგრამა კვლავ ამოქმედდა.

საპარლამენტო ფრაქციების წარმომადგენლების შემდეგ ტრიბუნა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიას დაეთმო.

„დღეს აღსანიშნავი დღეა, ვინაიდან საქართველოს პარლამენტმა პირველად აამოქმედა ახალი რეგლამენტის ფარგლებში ახალი საზედამხედველო ფორმატი და ინსტრუმენტი. ჩემთვის, როგორც რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარისთვის ორმაგად მნიშვნელოვანია ეს, რამდენადაც დღეს უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ - მთავარმა კონსტიტუციურმა ორგანომ მთელი სამუშაო დღე დაუთმო რეგიონულ საკითხებზე მსჯელობას”, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

მისი შეფასებით, მინისტრის მოხსენება  იყო ღირებული, რადგანაც პირველ რიგში ის იყო უაღრესად სწორად შედგენილი. „პრაქტიკულად ეს თანმიმდევრობა ასახავს ხედვის მართებულობას, რომელიც სამინისტროს რეგიონულ განვითარებასთან დაკავშირებით აქვს. ის იწყებოდა ძლიერი თვითმმართველობის ანუ რეფორმის საჭიროებით და გრძელდებოდა და მოიცავდა ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც ასე პრინციპულად მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონების განვითარებისთვის“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ზაზა გაბუნიამ მინისტრს მადლობა გადაუხადა დეცენტრალიზაციის სტრატეგიის მომზადებისთვის,  რომლის განხილვაც  უახლოეს დღეებში დაიწყება პარლამენტში.

კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, მნიშვნელოვანი იყო აქცენტები, რომელიც მოხსენებაში გაკეთდა მთასთან დაკავშირებით. „მნიშვნელოვანია ის არსებითი და ფუნდამენტური სიახლე, რომელიც სამინისტროს სივრცითი განვითარების გეგმებთან დაკავშირებით აქვს“. მისი თქმით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ბიუჯეტის ათვისების პროცენტი, რომელიც გაზრდილია სამჯერ და მილიარდ 662 მილონ ლარს შეადგენს.

ზაზა გაბუნიას განცხადებით, ეს აჩვენებს, რომ ჩვენი ხელისუფლებისთვის არის  პრინციპული საკითხი რეგიონული საკითხები, რეგიონული პოლიტიკა, რეგიონული განვითარება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ყოველწლიურად იზრდება, როგორც ბიუჯეტი, ასევე შესრულების მაჩვენებელი.

„ეს არის მზარდი დინამიკა და როდესაც კრიტიკაზეა საუბარი, მე ვისურვებდი, რომ ეს კრიტიკა იყოს გაცილებით ჯანსაღი და ყურადღება მიაქციეთ იმ მნიშვნელოვან ციფრებს (2018 წლის განმავლობაში განხორციელდა და დასრულდა 1200-ზე მეტი პროექტი. დაიხარჯა 1 მილიარდ 662 მლნ ლარი იმ ფონზე როდესაც ნაციონალური მოძრაობის დროს (2009 წელს) ითვისებდნენ 665 მლნ. ლარს. იმავე წლის მონაცემებთან შედარებით, საგზაო ინფრასტრუქტურის ბიუჯეტი გაიზარდა 4ჯერ, წყალმომარაგების ბიუჯეტი გაიზარდა 3-ჯერ, მყარი ნარჩენების მართვის ბიუჯეტი გაიზარდა 49-ჯერ) რომელიც მეტყველებს პროგრესზე, განვითარებაზე, მეტ მიღწევებზე და არა რეგრესზე, როგორც ამის წარმოდგენას ცდილობდა ზოგიერთი ოპოზიციონერი“, -  განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

პარლამენტის პლენარული სხდომის დასასრულს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა დასკვნითი სიტყვით მიმართა პარლამენტის წევრებს.

„მინდა მადლობა გადავუხადო ყველა დეპუტატს, რომელიც გულწრფელად არის დაინტერესებული რეგიონის პრობლემებით, იქნება ის „ქართული ოცნების“  თუ ოპოზიციის წარმომადგენელი. როდესაც რეგიონების განვითარებაზე და რეგიონებში მცხოვრები ადამიანების ყოფაზე, მათი ცხოვრების გაუმჯობესებაზე, სიღარიბის დაძლევაზე, ელემენტარული ცხოვრების პირობების უზრუნველყოფაზე ვსაუბრობთ, ყველანი უნდა ვიყოთ გაერთიანებული ამ საკითხების გარშემო. ბევრ შეფასებას ვერ დავეთანხმები ოპოზიციის მხრიდან, მაგრამ ვფიქრობ, რომ დღევანდელი დღე იყო გამორჩეული. ამ ფორმატში ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, ძალიან ბევრ საკითხზე გვესაუბრა“, - განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, ახალი კონსტიტუცია, ახალი რეგლამენტი და ახალი ფორმატი კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას იძლევა იმისთვის, რომ მთავრობამ და პარლამენტმა ნაყოფიერად იმუშაოს ერთად და ხელი შეუწყოს ყველა იმ ამოცანის შესრულებასა და   მიზნის მიღწევას, რომელიც  ”ქართული ოცნების“ ხელისუფლებას აქვს დასახული.

მან ასევე მადლობა გადაუხადა რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გუნდს, თითოეულ თანამშრომელს, ყველა იმ კონტრაქტორს, რომელიც მისივე შეფასებით, ცდილობს, რომ საკუთარი პროექტები კეთილსინდისიერად შეასრულოს.

„დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი ერთობლივი ძალისხმევით მოვახერხებთ ამ ქვეყნის აშენებას ისე, როგორც ეს გვაქვს ჩაფიქრებული“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის,  მაია ცქიტიშვილის გამოსვლით ახალ ფორმატს ჩაეყარა საფუძველი. ირაკლი კობახიძემ ვიცე-პრემიერს და მის გუნდს მადლობა გადაუხადა.

„თქვენი მობრძანებით, გამოსვლით, დისკუსიით ძალიან კარგი საფუძველი ჩაეყარა ახალ პრაქტიკას, ახალ ფორმატს - „მინისტრის საათს“ და ამისთვის მინდა უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ამით, საკითხის განხილვა დასრულდა და პარლამენტის 20 თებერვლის პლენარულმა სხდომამ მუშაობა დაასრულა.

ხვალ, 21 თებერვალს, 11:30 საათზე ბიუროს სხდომა, ხოლო 12:00 საათზე პარლამენტის პლენარული სხდომა გაიმართება.