რიგგარეშე სხდომაზე პარლამენტის საშემოდგომო სესია დაიხურა

21 დეკემბერი 2018
რიგგარეშე სხდომაზე პარლამენტის საშემოდგომო სესია დაიხურა

საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულების საფუძველზე, დღეს პარლამენტში რიგგარეშე სხდომა გაიმართა.

პარლამენტმა საქართველოს პარლამენტის წევრის სალომე ზურაბიშვილისთვის, საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე არჩევასთან დაკავშირებით, პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე საკითხი განიხილა.

შესაბამისი დადგენილების პროექტი სხდომაზე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა წარმოადგინა.

„დადგენილების მიხედვით, საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი ადგენს: სალომე ზურაბიშვილს ვადამდე შეუწყდეს საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება და ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.

რიგგარეშე სხდომაზე, პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა კანონპროექტი „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

კანონპროექტის თანახმად, განისაზღვრება ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებლის სტატუსი, რომელიც უზრუნველყოფს ელექტროენერგიის შესყიდვას და მიწოდებას პირდაპირი მომხმარებლებისთვის.

გარდა ამისა, კანონის პროექტის თანახმად, საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემა სავალდებულო იქნება ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის, გადაცემისა და განაწილების ლიცენზიატებისთვის და ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისა და იმ განაწილების ლიცენზიატებისთვის, რომლებსაც არანაკლებ 50,000 მომხმარებელი ყავთ.

კანონის პროექტი აგრეთვე ითვალისწინებს საქართველოს მთავრობისთვის უფლებამოსილების მინიჭებას დაამტკიცოს ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებლის სავალდებულო კრიტერიუმები და განსაზღვროს მათი ამოქმედების ვადები.

პარლამენტის წევრებმა მესამე მოსმენით განიხილეს კანონპროექტი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.

კანონის პროექტი ითვალისწინებს სასამართლოების მიერ განსახილველ სამოქალაქო საქმეების ჩამონათვალში შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების აკრძალვასთან დაკავშირებული საქმეების დამატებას, თუ ნაწარმოების გავრცელება ლახავს სხვათა უფლებებს. ცვლილება გამომდინარეობს კანონმდებლობის კონსტიტუციასთან ჰარმონიზაციის პროცესიდან.

რიგგარეშე სხდომაზე მესამე მოსმენით იქნა განხილული კანონპროექტი „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.

კანონპროექტით წესრიგდება „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში (I, II და III დანართები) მოცემული ნიმუშებით საერთაშორისო ვაჭრობასთან, საერთაშორისო ვაჭრობის გამონაკლის შემთხვევებთან, ნებართვის გაცემის წესთან და ნებართვის გაცემის განსაკუთრებულ პირობებთან დაკავშირებული საკითხები.

კანონის პროექტით აგრეთვე რეგულირდება ისეთი საკითხები, როგორიც არის ნებართვის მოქმედების ვადა, ნებართვის მფლობელის ვალდებულებები და საერთაშორისო ვაჭრობა იმ ქვეყნებთან, რომლებიც არ არიან კონვენციის წევრები. გარდა ამისა კანონის პროექტით წესრიგდება სანებართვო მოწმობის ფორმასთან და CITES-ის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის წესთან დაკავშირებული საკითხები.

პარლამენტმა მეორე მოსმენით განიხილა კანონპროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.

კანონპროექტის თანახმად, ადმინისტრაციულად დასჯადი ქმედება ხდება პიროტექნიკური ნაკეთობის არასრულწლოვნისთვის მიყიდვა.

აღნიშნული სამართალდარღვევისთვის კანონის პროექტი ითვალისწინებს ფიზიკური პირის 100 ლარით და იურიდიული პირის 200 ლარით დაჯარიმებას.

შემოთავაზებული ცვლილებით, პიროტექნიკური ნაკეთობის არასრულწლოვნისთვის მიყიდვასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს განიხილავს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს შესაბამისი სამსახური ან მის მიერ უფლებამოსილი პირი.

დეპუტატებმა პირველი მოსმენით განიხილეს კანონპროექტი „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

კანონპროექტი არეგულირებს პირის საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სტიპენდიატად არჩევასთან და სტიპენდიატის ასაკთან, სტიპენდიის ოდენობასთან და სტიპენდიის შეწყვეტასთან დაკავშირებულ საკითხებს.
პროექტის თანახმად:

  • საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სტიპენდიატად აირჩევა დოქტორის აკადემიური ხარისხის ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის მქონე პირი, რომელიც საერთაშორისო დონეზე აღიარებული სამეცნიერო ნაშრომების ავტორია;
  • საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სტიპენდიატად აირჩევა საქართველოს მოქალაქე, რომელიც მოღვაწეობს საქართველოში და მისი ასაკი 50 წელს არ აღემატება. პირი აკადემიის სტიპენდიატად აირჩევა 5 წლის ვადით. ერთი და იგივე პირის აკადემიის სტიპენდიატად არჩევა შეიძლება მხოლოდ ორჯერ. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სტიპენდიატის არჩევის წესი განისაზღვრება აკადემიის წესდებით;
  • საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრ- კორესპონდენტებისა და აკადემიის სტიპენდიატების საერთო რაოდენობა ათს არ უნდა აღემატებოდეს;
  • საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სტიპენდიატს ენიშნება სტიპენდია თვეში არანაკლებ 900 ლარის ოდენობით;
  • საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სტიპენდიატს სტიპენდია შეუწყდება საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის, საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის ან საქართველოში სამეცნიერო მოღვაწეობის შეწყვეტის შემთხვევაში.

რიგგარეშე სხდომაზე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ წარმოადგინა კომიტეტის მიერ 2017 წლის საშემოდგომო და 2018 წლის საგაზაფხულო სესიების პერიოდში გაწეული საქმიანობის ანგარიში.

თამარ ხულორდავამ, ასევე ისაუბრა იმ მნიშვნელოვან სიახლეებზეც, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2018 წლის საშემოდგომო სესიის პერიოდში.

კომიტეტის საკანონმდებლო საქმიანობაზე საუბრისას, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა კომიტეტის მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომლითაც დამკვიდრდება ნორმატიული აქტების ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების და ევროკავშირის სამართლებრივ აქტთან შესაბამისობის დადგენის ერთგვაროვანი პრაქტიკა.

მისივე თქმით, კომიტეტი აგრძელებს მუშაობას „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტზე“.

როგორც თამარ ხულორდავამ აღნიშნა, საზედამხედველო ფუნქციის განხორციელების პროცესში კომიტეტი განაგრძობდა აღმასრულებელ ხელისუფლებაზე საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელებას.

„15 საკომიტეტო სხდომა მიეძღვნა სხვადასხვა თემატური მიმართულებით აღმასრულებელი ხელისუფლების და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების ანგარიშების მოსმენას, მათ მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების საკითხებზე“, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.

თამარ ხულორდავამ ისაუბრა ევროპარლამენტთან თანამშრომლობის საკითხებზე, კერძოდ: ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის საპარლამენტო ასამბლეაზე, ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენციაზე და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის ინიციატივაზე - საქართველო, მოლდოვა და უკრაინა.

„ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ძალისხმევის და ევროპარლამენტის ჯგუფებთან აქტიური მუშაობის შედეგად, 2018 წლის 14 ივნისს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია –„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის ინტერვენციიდან 10 წლის შემდეგ“,- აღნიშნა თამარ ხულორდავამ.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თავის გამოსვლაში ასევე განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტში ევროპული მიმართულების გაძლიერებისა და განვითარების, აგრეთვე, ევრო-ინტეგრაციული პროცესების პოპულარიზაციის მიზნით, კომიტეტის საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება საინფორმაციო, საგანმანათლებლო და ანალიტიკური საქმიანობაა.

კანონპროექტების კენჭისყრის შემდეგ, პარლამენტმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვიცე-პრემიერის გიორგი გახარიას მოსმენა დაიწყო.

მინისტრმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობის ანგარიში წარმოადგინა და კომპეტენციის ფარგლებში, პარლმენტის წევრების შეკითხვებს უპასუხა, რის შემდეგაც ცალკეულმა დეპუტატებმა, კომიტეტების, ფრაქციების, უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლებმა საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს.

დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ, პარლამენტის საშემოდგომო სესია სახელმწიფო ჰიმნის შესრულებით დაიხურა.

გალერეა

  • რიგგარეშე სხდომაზე პარლამენტის საშემოდგომო სესია დაიხურა, 2018 წლის 21 დეკემბერი
  • რიგგარეშე სხდომაზე პარლამენტის საშემოდგომო სესია დაიხურა, 2018 წლის 21 დეკემბერი
  • რიგგარეშე სხდომაზე პარლამენტის საშემოდგომო სესია დაიხურა, 2018 წლის 21 დეკემბერი
  • რიგგარეშე სხდომაზე პარლამენტის საშემოდგომო სესია დაიხურა, 2018 წლის 21 დეკემბერი
  • რიგგარეშე სხდომაზე პარლამენტის საშემოდგომო სესია დაიხურა, 2018 წლის 21 დეკემბერი
  • რიგგარეშე სხდომაზე პარლამენტის საშემოდგომო სესია დაიხურა, 2018 წლის 21 დეკემბერი
  • რიგგარეშე სხდომაზე პარლამენტის საშემოდგომო სესია დაიხურა, 2018 წლის 21 დეკემბერი
  • რიგგარეშე სხდომაზე პარლამენტის საშემოდგომო სესია დაიხურა, 2018 წლის 21 დეკემბერი
  • რიგგარეშე სხდომაზე პარლამენტის საშემოდგომო სესია დაიხურა, 2018 წლის 21 დეკემბერი
  • რიგგარეშე სხდომაზე პარლამენტის საშემოდგომო სესია დაიხურა, 2018 წლის 21 დეკემბერი
  • რიგგარეშე სხდომაზე პარლამენტის საშემოდგომო სესია დაიხურა, 2018 წლის 21 დეკემბერი
  • რიგგარეშე სხდომაზე პარლამენტის საშემოდგომო სესია დაიხურა, 2018 წლის 21 დეკემბერი