საკანონმდებლო ორგანოში თავდაცვის მინისტრს, ლევან იზორიას მოუსმინეს

04 აპრილი 2019
საკანონმდებლო ორგანოში თავდაცვის მინისტრს, ლევან იზორიას მოუსმინეს

საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის ახალი რეგლამენტის შესაბამისად, მინისტრის საათის ფორმატში, საქართველოს მთავრობის წევრს, თავდაცვის მინისტრს ლევან იზორიას მოუსმინეს.

მომხსენებელმა 2018-2020 წლების სამთავრობო პროგრამის შესაბამისი მიმართულებით შესრულების თაობაზე მოხსენება წარადგინა.

სიტყვის გამოსვლისას მინისტრმა ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე, ამ მიმართულებით თავდაცვის უწყების მიერ მიღწეულ პროგრესზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

„დღეს 4 აპრილია - ნატოს დაარსებიდან 70 წლისთავი და განსაკუთრებით დღეს, სიმბოლურად, თქვენთან ანგარიში მინდა, სწორედ, იმ პროგრესით დავიწყო, რომელიც საქართველოს, ნატოს მიერ ერთ-ერთ ყველაზე სანდოდ აღიარებულ პარტნიორს აქვს ალიანსში ინტეგრაციის გზაზე. ჩვენი ხელისუფლებისთვის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტი არის, სწორედ, ნატოში ინტეგრაცია და მინდა სიამაყით ვთქვა, რომ ნატოსთან ურთიერთობის 27-წლიანი ურთიერთობის ფარგლებში, საქართველოსა და ნატოს ურთიერთობა არასდროს ყოფილა ასეთი დინამიკური, პოზიტიური და მასშტაბური, როგორიც დღეს არის“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ამის ნათელი დადასტურებაა გასულ კვირას დასრულებული უპრეცედენტო „ნატო-საქართველოს სწავლება 2019.“

„პირველად საქართველოს, როგორც პარტნიორ ქვეყანას, აღნიშნული წვრთნების როგორც დაგეგმვის, ისე აღსრულების ნაწილში დაეკისრა სრული პასუხისმგებლობა აიღოს და ჩვენ, ეს პასუხისმგებლობა ალიანსის წინაშე ღირსეულად შევასრულეთ“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, ბოლო 3 წლის განმავლობაში „ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის“ განვითარების კუთხით, უპრეცედენტო დინამიკაა და ეს არის ერთ-ერთი ამბიციური ინიციატივა, რომლის ფარგლებში „ნატო-საქართველოს სწავლება 2019“ განხორციელდა.

მან ყურადღება ნატოს გენერალური მდივნისა და ნატოს სამხედრო კომიტეტის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებზეც გაამახვილა: „მინდა ბატონი სტოლტენბერგის სიტყვები გავიმეორო, რომ თავდაცვის უწყებაში განხორციელებული რეფორმები არის ძალიან შთამბეჭდავი და ეს არის, რა თქმა უნდა, ჩვენი საერთო მონაპოვარი, რომელსაც მაქსიმალურად კიდევ უფრო განვავითარებთ და ეს გვაძლევს მტკიცე რწმენას, მოტივაციას და საფუძველს იმისთვის, რომ ჩვენ, ახლო მომავალში გავხდებით ნატოს სრულფასოვანი წევრი ქვეყანა. ამ აღიარების საფუძველი კი არის ის, რომ ჩვენი რეფორმები არის აბსოლუტურ თანხვედრაში ნატოს მიერ გაჟღერებულ თავდაცვისა და შეკავების პოლიტიკასთან“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

ლევან იზორიამ ნატოსთან თანამშრომლობის ისეთ პრაქტიკულ მექანიზმებზეც გაამახვილა ყურადღება, როგორიცაა „ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი” (NGP).

მისი განცხადებით, SNGP კონფერენციაზე საქართველო დასახელდა, როგორც სამაგალითო და სამოდელო ქვეყანა, ნატოს სხვა პარტნიორი ქვეყნებისთვის. მისივე თქმით, ამ მიმართულებით მიღწეული პროგრესი სათანადოდ აისახა ნატოს გენერალური მდივნის წლიურ ანგარიშებშიც.

თავდაცვის მინისტრმა ნატოს გადაწყვეტილებაც გააჟღერა, რომლის თანახმად, 2020 წელს, „ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი“ თავის ოპერაციულ ფუნქციებს „ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის“ ფარგლებში განახორციელებს. „ნატო მუდმივ საწყისებზე განსაზღვრავს 5 პოზიციას, სადაც ნატოს წარმომადგენლები იქნებიან წარმოდგენილნი. ეს არის იმ კონკრეტული პრინციპის განხორციელება, რასაც ჰქვია მეტი ნატო საქართველოში და საქართველო უფრო მეტად ნატოში“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

მომხსენებელმა საერთაშორისო მისიებში საქართველოს მონაწილეობაზეც გაამახვილა ყურადღება: „წლების განმავლობაში ჩვენი კონტრიბუციით, განსაკუთრებით საერთაშორისო მისიების ფარგლებში, მთელ ცივილიზებულ სამყაროს დავუმტკიცეთ, რომ ვართ ერთგულები, როგორც დემოკრატიული ინსტიტუტების განხორციელების საქმეში, ისე სამხედრო თვალსაზრისით - მისიებში მონაწილეობის კუთხით. განსაკუთრებით აღვნიშნავ ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ ფარგლებში ჩვენს ნატოს მიმართ გაჟღერებული პოზიციების ერთგულებას, რომ ვრჩებით ბოლომდე, სანამ ალიანსი იქ იმყოფება. ჩვენ ვაქტიურობთ ნატოს საპასუხო ძალების ფარგლებშიც“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

მომხსენებელმა, ნატოსთან თანამშრომლობის ერთ-ერთ ისეთ მნიშვნელოვან ასპექტზეც ისაუბრა, როგორიცაა შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცება. მისი თქმით, საქართველოს პროგრესი აქვს ამ მიმართულებითაც.

„ჩვენი მხრიდან მაქსიმალურს გავაკეთებთ, რომ ეს უსაფრთხოება უზრუნველვყოთ ჩვენი მოქალაქეებისთვის, ნატოსთან ერთად, შავი ზღვის რეგიონში“, - განაცხადა მთავრობის წარმომადგენელმა.

სიტყვით გამოსვლისას, მომხსენებელმა, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციაზე ისაუბრა. როგორც მინისტრმა განაცხადა, თავდაცვის უწყება, უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების ფარგლებში, მაქსიმუმს აკეთებს ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანების გზაზე. „ჩვენ ვართ ჩართული ყველა სტრატეგიულ დიალოგში. ღირსეულად ვასრულებთ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ფარგლებში ნაკისრ ვალდებულებებს, ასევე, დღის წესრიგით განსაზღვრულ ვალდებულებებს“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

მომხსენებელმა, გლობალური უსაფრთხოების მიმართულებით დასახულ გეგმებზეც ისაუბრა.

მისი თქმით, საქართველომ, როგორც ევროკავშირის პარტნიორმა ქვეყანამ, შესაძლოა მონაწილეობა მიიღოს ორგანიზაციის წევრი ქვეყნებისთვის განსაზღვრული სხვადასხვა სტრუქტურული თანამშრომლობის ინიციატივის ფარგლებში.

ლევან იზორიამ საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო ურთიერთობასა და ორმხრივ თანამშრომლობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ნატოში ინტეგრაციის გზაზე, საქართველოს ერთ-ერთი მთავარი მოკავშირე ამერიკის შეერთებული შტატებია.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა იმ უპრეცედენტო დინამიკაზე ისაუბრა, რომელიც თავდაცვის სფეროში საქართველოს აშშ-თან აქვს

„2016 წლის 6 დეკემბერს ხელი მოვაწერეთ ჩარჩო ხელშეკრულებას. საქართველოს ისტორიაში, პირველად განისაზღვრა გრძელვადიანი თანამშრომლობის გეგმა 3 წლის ფარგლებში. ჩვენ, 2019 წელს გეგმით განსაზღვრული ყველა პრიორიტეტები წარჩინებით შევასრულეთ და ვემზადებით გრძელვადიანი მეორე ხელშეკრულების გაფორმებაზე, რომელიც წელს აუცილებლად შედგება“, - აღნიშნა ლევან იზორიამ.

მისივე განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატებისგან საქართველოს მიმართ უპრეცედენტოდ არის გაზრდილი სამხედრო საგარეო დაფინანსება. „თუ 5 წლის წინ აშშ-ის ფინანსური დახმარება 12 მილიონი ლარი იყო, ის დღეს 41 მილიონ ლარს შეადგენს და ეს იქნება მზარდი დინამიკა. ჩვენ, სწორედ, ამ ერთობლივი პოლიტიკით დავიწყეთ ყველაზე ამბიციური საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP), რომელიც 2 მნიშვნელოვან - წვრთნების კომპონენტსა და შემდეგ, მიღწეულის ინსტიტუციური შენარჩუნების ასპექტს მოიცავს“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას, ლევან იზორიამ შესყიდვების გრძელვადიანი სტრატეგიის შესახებაც ისაუბრა. მისი განცხადებით, დაწყებულია თანამედროვე ტანკსაწინააღმდეგო სისტემის შესყიდვა. „მინდა დღეს, ამ მაღალი ტრიბუნიდან გითხრათ, რომ ჯაველინების სისტემა უკვე სრულად შევისყიდეთ და ის საქართველოშია. ასევე, აშშ-დან გამოყოფილი თანხებით მოხდება შვეულმფრენების რემონტი და მათი მოდერნიზება“, - განაცხადა მთავრობის წარმომადგენელმა.

ქვეყნის სტრატეგიული მიზნის მიღწევის, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე, მინისტრმა აშშ-ის გარდა, ყურადღება დიდ ბრიტანეთთან, საფრანგეთთან და გერმანიასთან თანამშრომლობის მზარდ დინამიკასა და სტრატეგიულ დიალოგზე გაამახვილა: „აშშ-ის შემდეგ სწორედ, დიდი ბრიტანეთია მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებებში მრავალრიცხოვნად წარმოდგენილი. ჩვენ მათთან გამორჩეულად ვთანამშრომლობთ“, - განაცხადა მომხსენებელმა.

მისი თქმით, წელს ახალი ფორმატით დაიწყო (დიმიტრი ამილახვარის სახელობის ქართულ-ფრანგული დიალოგი) სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში საფრანგეთთან თანამშრომლობა.

ლევან იზორიამ განსაკუთრებით გამოყო საჰაერო თავდაცვის სისტემის ასპექტში განხორციელებული ბოლო შესყიდვა, რომელიც 2018 წლის 17 დეკემბერს გაფორმდა და რომლის საფუძველზეც, საქართველოს მართვისა და კონტროლის ის სისტემა ექნება, რომელიც ნატოს ერთიანი მართვისა და კონტროლის სისტემაში ინტეგრაციის შესაძლებლობას აძლევს.

როგორც გერმანიასთან თანამშრომლობაზე საუბრისას, თავდაცვის მინიტრმა აღნიშნა 2018 წლის 27 ნოემბერს პირველად მოეწერა ხელი თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ასპექტში ორმხრივ შეთანხმებას. „გერმანელებთან ერთად წლებია, ავღანეთში მაზარ-ი-შარიფის პროვინციაში, ვიცავთ უსაფრთხოებას. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში, გერმანია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფინანსური კონტრიბუტორია. ეს ეხება თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIBS) წარმატებულ ფუნქციონირებას, ასევე, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) გაწეულ კონტრიბუციას. გერმანიის მთავრობამ გარკვეული სატრანსპორტო საშუალებების, სატვირთო ავტომობილების შეძენის გადაწყვეტილება მიიღო, რითაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დახმარება გაგვიწია“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავებაზე საუბრისას, მინისტრმა შავი ზღვის ქვეყნებთან და რეგიონული მასშტაბით თანამშრომლობის პოზიტიური დინამიკას გაუსვა ხაზი და სამმხრივი ფორმატის ფარგლებში ნაყოფიერი თანამშრომლობა აღნიშნა.

მომხსენებელმა თავდაცვის სფეროში რუმინეთთან, ბულგარეთთან, უკრაინასთან, ბალტიისპირეთის და სკანდინავიის ქვეყნებთან მჭიდრო ურთიერთობაზეც ისაუბრა.
თავდაცვის მინისტრმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, ბოლო წლებში განხორციელებულ ერთობლივ, მრავალეროვნული სწავლებების მზარდ დინამიკაზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, უპრეცედენტოდ იზრდება მონაწილე ქვეყნების რაოდენობა და აღნიშნული სწავლების ფარგლებში არსებობს პროგრესი.

„გასული წლის დეკემბერში, აშშ-ის ერთ-ერთმა სამხედრო დანაყოფმა, ასეულის სახით, პირველად საქართველოს ისტორიაში ჩაატარა საკუთარი მზადყოფნის გეგმის შესასრულებლად და შესაფასებლად სწავლებები. რაც გვაძლევს საფუძველს, რომ სტრატეგიულ კონტექსტში, მეტი ნატოს პრინციპის უზრუნველყოფის თვალსაზრისით ვიფიქროთ, როგორც აშშ-ის, ისე ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო დანაყოფები როტაციის პრინციპის საფუძველზე გადიოდნენ ჩვენი სამხედრო ინფრასტრუქტურის გამოყენებით მეტ სწავლებას საქართველოში. სწორედ, ეს არის გაწევრიანებამდე ყველაზე სწორი პოლიტიკა საქართველოში მეტი ნატოს უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენი მომავალი სტრატეგიული თანამშრომლობისთვის “, - განაცხადა ლევან იზორიამ.

ლევან იზორიამ თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისათვის იმ მნიშვნელოვან კომპონენტებზე, ისაუბრა რაზეც ბიუჯეტია მიმართული ეს ეხება ქვედანაყოფების დაკომპლექტებას, აღჭურვას წვრთნას და შენარჩუნებას.

„ჩვენი პოლიტიკით შევძელით, რომ, ძირითადად, ბიუჯეტი მივმართეთ თავდაცვის ძალების საბრძოლო მზადყოფნის გაძლიერებისკენ“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

მისი განცხადებით, თუ ბიუჯეტის 2/3 იყო სოციალური და პერსონალური ხარჯებისთვის გათვალისწინებული, პრინციპული რეფორმების შედეგად, დღეს თავდაცვის ბიუჯეტის 20%-ზე მეტი მიმართულია ძირითადი შეიარაღების შესყიდვისკენ, თავდაცვის მზადყოფნის ამაღლებისკენ. მინისტრის შეფასებით, ბიუჯეტის განაწილება ნატოს სტანდარტების შესაბამისად ხდება.

„დღეს ბიუჯეტის მართვა არის, სწორედ, გონივრული განაწილება და ნატოს სტანდარტებთან დაახლოება. საქართველო უკვე აკმაყოფილებს იმ სტანდარტებს, რომელიც ფინანსური კუთხით დღეს ნატოსთვის მთავარი სტანდარტია. საქართველო ხარჯავს დღეს მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს თავდაცვის ბიუჯეტისთვის, თუმცა უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ გონივრულად ხარჯავს ამ 2%- ის ფარგლებში ფინანსებს, იმისთვის, რომ საბრძოლო მზადყოფნის ხარისხი იყოს მაქსიმალურად უზრუნველყოფილი“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

მომხსენებელმა უწყებათაშორისი თანამშრომლობის კოორდინაციაზე ისაუბრა.

„საზოგადოების ფართო ჩართულობა, უწყებათაშორისი თანამშრომლობის მაღალი კოორდინაცია და თანამონაწილეობის მაღალი ხარისხი არის ტოტალური თავდაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

ლევან იზორიამ დეპუტატებს იმ ძირითად მიმართულებებზე მიაწოდა ინფორმაცია, რომლის ფარგლებშიც მნიშვნელოვანი მიღწევები განხორციელდა და რომელთა გაძლიერება თავდაცვის უწყების პრიორიტეტად რჩება.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობებში, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობაში, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობაში, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობაში, ეროვნულ გვარდიასა და სპეციალური ოპერაციების ძალებში განხორციელებულ და მიმდინარე პროცესებზე.

სპეციალური ოპერაციების ძალებში განხორციელებულ რეფორმებზე საუბრისას, მინისტრმა საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს ის ძირითადი სიახლე გააცნო, რაც თავდაცვის ძალებში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესში, სპეციალური ოპერაციების ძალებში განხორციელდა.

ლევან იზორიამ საქართველოს ეროვნულ გვარდიაში მიმდინარე მნიშვნელოვან სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.

მინისტრმა საბრძოლო მზადყოფნის გაძლიერების კუთხით, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის წამყვანი როლი აღნიშნა. სამხედრო წვრთნების მნიშვნელობის გარდა, მინისტრი კარიერული პერსპექტივებისა და საგანმანათლებლო შესაძლებლობების საკითხსაც შეეხო და ეროვნული თავდაცვის აკადემიის, სერჟანტთა აკადემიის მაღალი ხარისხი ხაზგასმით აღნიშნა.

ლევან იზორიამ ერთ-ერთ პრიორიტეტად ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის განვითარება დაასახელა და დეპუტატებს შვეულმფრენების მოდერნიზაციისთვის გამოყოფილი მნიშვნელოვანი თანხების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა: „ამ რესურსით ჩვენ შევძლებთ არა მხოლოდ სამხედრო ამოცანების განხორციელებას, არამედ, კრიზისების მართვის დროს მოქმედებას“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

პრიორიტეტულ მიმართულებებს შორის საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სამხედრო პოლიციისა და კიბერუსაფრთხოების სფეროს განვითარებაც დაასახელა.

ლევან იზორიამ მოხსენებისას, თავდაცვის ძალების სტრუქტურული ორგანიზების მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა.

მინისტრის განცხადებით, თავდაცვის ძალების ძირითად საბრძოლო კომპონენტს სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობა წარმოადგენს და სხვა მიმართულებებთან ერთად, რეფორმების ფოკუსირება ამ კუთხითაც ხდება.

თავდაცვის მინისტრმა მოხსენებით გამოსვლისას, ინფრასტრუქტურის განვითარების გრძელვადიან სტრატეგიაზე გაამახვილა ყურადღება.

ლევან იზორიამ თავდაცვის უწყების სამხედრო და სამოქალაქო პერსონალზე ზრუნვა თავდაცვის უწყების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დაასახელა. მისი განმარტებით, თავდაცვის სამინისტროს მიერ გატარებული გონივრული პოლიტიკითა და მთავრობის მეთაურის მხარდაჭერით, სამინისტროს პერსონალისთვის სხვადასხვა სოციალური პროგრამები განხორციელდა.

ლევან იზორიამ სამხედრო მოსამსახურეების წინაშე საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების შესახებ კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების საკითხზეც გაამახვილა ყურადღება.

ლევან იზორიამ ლოჯისტიკის მიმართულებით და თავდაცვის უწყებაში წარმომადგენლობითი ხარჯების შემცირებაზე ისაუბრა.

თავდაცვის მინისტრმა მიღწევების ფონზე ასევე, ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომელიც სტრუქტურაში ჯერ კიდევ არსებობს.

„გამოწვევები არსებობს. ჯერ კიდევ შორს ვართ იდეალურისგან თუმცა, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ პასუხისმგებლიანად, თქვენ წინაშე, მოსახლეობის წინაშე, იმ სტრატეგიული ამოცანების შესასრულებლად, რასაც ჰქვია ქვეყნის ნატოში და ევროკავშირში ინტეგრაცია, ყველაფერი მაღალ ხარისხში იყოს აყვანილი. ჩვენ გვაქვს უპრეცენდენტო აღიარება ამ მიმართულებით, იმ შესაძლებლობის ფარგლებში რაც შეგვიძლია“, - განაცხადა სიტყვის გამოსვლის დასრულებისას ლევან იზორიამ.

თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა, რის შემდგომაც ტრიბუნა სიტყვით გამოსვლებისთვის საპარლამენტო კომიტეტების, ფრაქციების და ცალკეული დეპუტატების გამოსვლებით გაგრძელდა.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, თავდაცვის საკითხთან დაკავშირებით, მმართველი გუნდი და ოპოზიცია კონსოლიდირებული უნდა იყოს.

„მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ოპოზიცია ხართ, ჩვენ - უმრავლესობა, მიმაჩნია, რომ მაქსიმალურად უნდა დავიხარჯოთ ქვეყნის საერთო ინტერესებისათვის, იმიტომ რომ დღეს თავდაცვის სამინისტრო არის ლოკომოტივი ნატოს გზაზე“,- მიმართა კოლეგებს, სიტყვით გამოსვლისას ირაკლი სესიაშვილმა.

კომიტეტის თავმჯდომარემ სამხედრო-სარეზერვო სამსახურის განვითარების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

„სამხედრო სარეზერვო სამსახური ვერ იარსებებს ტოტალური თავდაცვის უზრუნველყოფის პრინციპში სამოქალაქო თავდაცვის გარეშე“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

დეპუტატი გაწვევის სისტემასთან დაკავშირებით, ოპონენტთა განცხადებასაც გამოეხმაურა. ირაკლი სესიაშვილის თქმით, თუ საზოგადოება მიიჩნევს, რომ მისი პოზიცია სწორი არ არის, იგი მზადაა შემდგომი მსჯელობისთვის.

ირაკლი სესიაშვილმა თავდაცვის უწყების ხელმძღვანელს თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დაუდასტურა და სამხედრო მოსამსახურეებს ღირსეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

„ეს არის ძალიან შთამბეჭდავი რეფორმები და მიღწევები, რაც პირველ რიგში, ჩვენს ქვეყანას აძლიერებს და აძლიერებს როგორც შიდა პოლიტიკის კუთხით, ასევე, საგარეო ასპარეზზე“, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ.

სოფო კილაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატოს სტანდარტებთან დაახლოება ადამიანის უფლებათა განუხრელ დაცვას გულისხმობს.

კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, მისასალმებელია, რომ სამინისტროს პერსონალსა და მათ ოჯახებზე ზრუნვა ასევე, სამინისტროს მოსამსახურეების სოციალური გაძლიერება თავდაცვის უწყების ერთერთი მთავარი პრიორიტეტია.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, კახაბერ კუჭავამ თავდაცვის მინისტრს, ლევან იზორიას, მის გუნდს და ქართველ ჯარისკაცებს სტიქიური უბედურებების დროს, აღმკვეთ ღონისძიებებში მათი ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა.

„როდესაც მძვინვარებს სტიქიური უბედურება, ჯარისკაცები დგანან იქ, სადაც უნდა იდგეს ყველა ქართველი და საკუთარი სიცოცხლის ფასად, მეხანძრე-მაშველებთან, რეინჯერებთან, მეტყევეებთან ერთად ებრძვიან იმ სტიქიურ უბედურებას, რომელიც ჩვენ საერთო სიმდიდრეს ანადგურებს. მახსოვს ბორჯომის ტყეში გაჩენილი ხანძრის დროს, ქართველი სამხედროები როგორ იბრძოდნენ სტიქიის წინა ხაზზე და ხანძრის ჩაქრობას ცდილობდნენ. სხვადასხვა მეწყერის თუ სტიქიური უბედურებების დროს, ყოველთვის როდესაც ამის საჭიროება დგას, ისინი მართლაც თავდაუზოგავად იბრძვიან და იცავენ ქვეყნის ბუნებრივ სიმდიდრეს“, - განაცხადა კახაბერ კუჭავამ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, თავდაცვა მმართველი გუნდის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სფეროა.

მისი განცხადებით, 2017 - 2018 წლებში თავდაცვის სფეროში გატარებული რეფორმების შედეგად, ყველა ძირითადი ფინანსური სტანდარტი შეესაბამება ნატოს სტანდარტებს.

ანრი ოხანაშვილი თავის გამოსვლაში თავდაცვის სამინისტროში ხარჯების დაზოგვის პოლიტიკაზეც ისაუბრა და სამხედრო მოსამსახურეების ხელფასების ზრდის ტენდენცია აღნიშნა.

მან, ასევე, ისაუბრა ახალ სარეზერვო სამსახურზე, რომელიც არის ნებაყოფლობითი და ანაზღაურებაზე დაფუძნებული.

„არ საუბრობთ პროგრამებზე და პროექტებზე, როგორიც არის „ჩვენი ჯარი“, არ საუბრობთ საზოგადოების ცნობიერების მიზნით წინ გადადგმულ ნაბიჯებზე, არ საუბრობთ იმაზე, თუ როგორ ვითარდება დაცვითი შესაძლებლობები, რაც ძალიან სამწუხარო ფაქტია“,- მიმართა ოპოზიციონერ კოლეგებს ანრი ოხანაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ სხდომაზე, 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ომი რუსეთის ფედერაციამ დაიწყო.

„რასაკვირველია რუსეთმა ომი დაიწყო, მაგრამ ის ნაწილი, შეკვეთა იმისა, რომ ცხინვალზე ყოფილიყო სარაკეტო დარტყმა, რუსეთის ინტერესებში იყო და არა მარტო ეს - ამის გადაღება ტელევიზიით და ამ კადრების ჩვენება მთელი მსოფლიოსათვის მისი გეგმის ნაწილი იყო“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება-მწვანეების“ თავმჯდომარე, გიორგი გაჩეჩილაძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, წარსული საქმეების დავიწყებაზე ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

„როგორ დავიბრმავოთ თვალები, როდესაც გაყვანილი ბაზები რუსებმა თავიდან წამოგვიჭიმეს, ამდენი დევნილია ჩასახლებული გზებზე და ამდენი რეპრესირებული ადამიანი ქონების დაბრუნებას და სამართლიანობის აღდგენას ითხოვს. ოპოზიცია მაინც ამბობს, რომ ყველაფერი ეს უნდა დავივიწყოთ და ყველაფერი თავიდან დავიწყოთ. ეს არის სახელმწიფო დანაშაული და პროკურატურამ გამოძიება თავიდან უნდა დაიწყოს“, - განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ.

ფრაქციის თავმჯდომარემ ოპოზიციის წარმომადგენლებს აგვისტოს ომის დასრულების შემდეგ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ 2008 წლის 7 აგვისტოს მიღებული რეზოლუცია გაახსენა და რეზოლუციის ის ნაწილი წაიკითხა, სადაც საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის რეგიონის გაუფრთხილებლად დაბომბვაზეა საუბარი.

მისივე განცხადებით, წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რუსეთის მიერ რეზოლუციაში ჩაწერილ სიყალბეს მხარი დაუჭირეს.

ფრაქცია პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელმა ირმა ინაშვილმა თავდაცვის მინისტრი გააკრიტიკა.

„მაშინ როდესაც ქვეყნის ტერიტორიის 22% ოკუპირებულია სახელმწიფოს უმთავრესი მიზანი უნდა იყოს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. მე არ მომისმენია გამოსვლაში, როგორ აპირებს ხელისუფლება ამ მთლიანობის აღდგენას“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მისი განცხადებით, უნდა შეიქმნას ახალი ფორმატები საქართველო-ნატო-რუსეთის შემადგენლობით.

„უნდა ვიმუშაოთ აქტიურად, საღად, ბრძნულად იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ რუსეთთან ახალი ომის საფრთხე. მშვიდობისთვის უნდა ვიყოთ მზად და სამშვიდობო პოლიტიკა უნდა ვაწარმოოთ“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა სალომე სამადაშვილმა სავალდებულო სამხედრო სამსახურის რეფორმის აუცილებლობაზე ისაუბრა.

„ჩვენ გვჭირდება სისტემა, რომელიც სწორედ იმაზე იქნება მორგებული, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე, საკუთარ ვალდებულებად ჩათვლის სამხედრო მომზადების გავლას. ამისთვის ჩვენ გვჭირდება რეალური რეფორმა. არ არის რთული იმ სისტემის შექმნა, რომელიც იმუშავებს და რომელიც რეალურად მისცემს შესაძლებლობას ადამიანებს მოემზადონ თავდაცვისათვის და გახდნენ საკუთარი ქვეყნის ერთ-ერთი რიგითი ჯარისკაცი, როგორც უნდა იყოს საქართველოს ყველა მოქალაქე“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

გიგა ბოკერიამ გამოსვლისას, ბოლო წლების განმავლობაში. ჯარში წვევამდელთა კლების ტენდენციაზე გაამახვილა ყურადღება. მისი განცხადებით, მოქალაქეს უნდა ჰქონდეს იმის გრძნობა, რომ საკუთარ სამშობლოს ჯარში ემსახუროს.

„ჯარში სამსახური განსაკუთრებული პატივი და თავგანწირვა. ადამიანები ასეთ დროს სიცოცხლეს წირავენ და ჩვენ, პატივს მივაგებთ ყველას. მაგრამ როდესაც ეს მიდის იძულებამდე, აქ მე ვხედავ უკუშედეგს. საუკეთესო გამოსავალი არის პროფესიული არმია“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

„სპორტი თავდაცვისუნარიანობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია და აქედან გამომდინარე, სახელმწიფოსთვის ნომერ პირველი პრიორიტეტი უნდა იყოს სპორტის განვითარება, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა“, - აღნიშნული განცხადება, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, შოთა ხაბარელმა გააკეთა.

მისი მნიშვნელოვანი გამოწვევაა ის ფაქტი, რომ წვევამდელთა 30 % სამხედრო სამსახურისთვის უვარგისია.

კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ თავდაცვის სფეროსთვის გამოყოფილ ბიუჯეტში გათვალისწინებული იყოს ეს კომპონენტიც.

ირაკლი აბუსერიძემ სხვადასხვა საკითხებთან მიმართებაში თავდაცვის სამინისტროს საქმიანობა გააკრიტიკა.

სიტყვით გამომსვლელმა მთავრობის წარმომადგენელს „ევროპული საქართველოს“ საკანონმდებლო ინიციატივა გააცნო და შესთავაზა, მთავრობამ მხარი დაუჭიროს საკითხს.

„სამხედრო პირთათვის, სხვადასხვა სამხედრო ჩინის მქონე ადამიანებისთვის განსხვავებული ოდენობით ძალიან მიზერული რაოდენობების კომპენსაციებია დაწესებული, თუმცა 65 წლამდე კომპენსაციის დანიშვნის შემთხვევაში ის 80 %-ით გაიცემა. 65 წლის ზემოთ კი ის გაიცემა 100% -ით. ჩვენ გთავაზობთ, რომ ასაკობრივი ცენზის მიუხედავად, ამ კომპენსაციის დანიშვნის საფუძვლის წარმოშობისთანავე სრულად, 100 %-ით გაიცემოდეს ეს კომპენსაცია. წლიურად ეს სულ რვა მილიონი ლარია“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

მისი თქმით, ეს ხელს შეუწყობს იმას, რომ ჯარში სამსახური იყოს პოპულარული, ჯარში სამსახური ფასდებოდეს იმ ადამიანებისთვის ვინც დღეს მსახურობს ან მომავალში გადაწყვეტს მსახურს.

მისივე ინიციატივაა, რომ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე სამხედრო ვეტერანებისთვის დაუბეგრავი მინიმუმი 3000 ლარიდან გაიზარდოს 6 ათას ლარამდე.

„ამ ორი კონკრეტული შემოთავაზების გარდა, თქვენ ძალიან ბევრი გაქვთ გასაკეთებელი იმისთვის, რომ ჯარში სამსახური გახდეს პოპულარული, დაცვის სამსახური მართლაც უკავშირდებოდეს სამშობლოს ცნებას და პატრიოტიზმის ცნებას“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, კობა კობალაძის განცხადებით, ქვეყნის უსაფრთხოებისა და ერთიანობის დაცვაში მხოლოდ სამხედროები არ უნდა მონაწილეობდნენ.

„აუცილებელია სახელმწიფოსა და საზოგადოების ყველა სეგმენტის ჩართულობა და სწორედ, ამ შემთხვევაში შევძლებთ ვისაუბროთ ტოტალურ თავდაცვაზე, რაც თავის მხრივ, თავდაცვის ძალებთან ერთად, ძლიერი სამოქალაქო თავდაცვის კომპონენტსაც მოიცავს. ტოტალური თავდაცვა მთელი ქვეყნის საქმეა, ხელისუფლებისაც და მოქალაქისაც, რომლისთვისაც ქვეყანა მშვიდობიანობის დროს უნდა ემზადებოდეს“, - განაცხადა კობა კობალაძემ.

მისი განცხადებით, თუ გვინდა ერთიან ძლიერ საქართველოში ცხოვრება, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სახელმწიფო სტრუქტურების, თავდაცვის ძალების, მოსახლეობის, ახალგაზრდების პატრიოტული ფიზიკური და ეკონომიკური პოტენციალის სრული მზადყოფნა, აუცილებელია დეტალურად განისაზღვროს რისკები, გამოწვევები, მუქარები თუ საფრთხეები, რომელიც სახელმწიფოს წინაშე დგას.

სიტყვით გამომსვლელმა, თავდაცვის ბიუჯეტის დაგეგმვაზეც გაამახვილა ყურადღება. „ბიუჯეტი კი არ უნდა მოვარგოთ საჭიროებებს, არამედ, ჯერ საზოგადოება უნდა ჩამოყალიბდეს რამდენად უღირს სახელმწიფოს მშვიდობა და უსაფრთხოება ,რასაც ლოგიკურად უნდა მოჰყვეს რესურსების სწორი და ზუსტი გადანაწილება“, - განაცხადა კობა კობალაძემ.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ბერაიამ, დადებითად შეაფასა თავდაცვის მინისტრის ანგარიში.

„ჩვენ მოვისმინეთ ამომწურავი ანგარიში, თუ როგორ ხორციელდება თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების ინსტიტუციური და ოპერატიული შესაძლებლობის განვითარება. ეს არის ნაბიჯები, რომლებიც ეფუძნება ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეების შეფასებას, მათ საპასუხოდ ოპტიმალური ძალთა სტრუქტურის ფორმირების ამოცანებს და მისი ეფექტიანი ფუნქციონირების მიზნებს“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის შეფასებით, რეგიონში, საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად აღიარება ჯარისკაცების და თავდაცვის სისტემის უდიდესი დამსახურებაა.

მისი თქმით, როდესაც სახეზეა რუსეთის ფედერაციის მხრიდან, საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია, თავდაცვის სისტემას ჩვენი ქვეყნისთვის განუზომლად დიდი მნიშვნელობა აქვს. არჩილ თალაკვაძემ თავის გამოსვლაში, სავალდებულო სამხედრო სამსახურის რეფორმაზეც ისაუბრა.

„ჩვენ ველოდებით სავალდებულო სამხედრო სამსახურის რეფორმას. ჩვენ გვინდა სამხედრო სავალდებულო სამსახური, რომელიც არის თანამედროვე, რომელიც იზიდავს ახალგაზრდებს, სადაც რაც შეიძლება მოკლე დროში უფრო მნიშვნელოვან ცოდნას, უნარებს, პატრიოტულ სულისკვეთებას და საომარ მზადყოფნას მიიღებენ ადამიანები“, - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.

თავდაცვის მინისტრმა, დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრებსა და საქართველოს მთავრობას მადლობა გადაუხადა თავდაცვის რეფორმების მხარდაჭერისთვის.

„ჩვენ უდრეკად გავაგრძელებთ წინსვლას და თქვენთან ერთად მზად ვართ მაქსიმალური გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისთვის“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

მან სურვილი გამოთქვა, რომ საქართველოს პარლამენტთან მაქსიმალურად ღია ფორმატში ითანამშრომლოს.

„თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტთან, რომელთანაც გვაქვს უპრეცედენტოდ კარგი თანამშრომლობის დინამიკა, და ყველა ის აღნიშნული რეფორმა თუ წარმატება არის ჩვენი საერთო მონაპოვარი, გავაგრძელებთ მომავალშიც“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

მისი განცხადებით, შესაძლებელია თანამშრომლობის სხვა ფორმატებიც განისაზღვროს, რათა პარლამენტის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდეთ სამხედრო ბაზებს ესტუმრონ და ადგილზე გაეცნონ, თუ რა არის გაკეთებული ჩვენი ქვეყნის თავდაცვის ძალების აღჭურვის, მათ შორის პროფესიონალიზმის ამაღლების თვალსაზრისით და რა კეთდება მისი გრძელვადიანი განვითარებისთვის.

მინისტრის საათის ფორმატში, ლევან იზორიას მოსმენამდე, სხდომაზე განხილულ საკითხებთან დაკავშირებით კენჭისყრის პროცედურა გაიმართა.

საქართველოს პრეზიდენტის მიერ პარლამენტში იყო ცესკო-ში არსებულ ერთ ვაკანტურ ადგილზე წარმოდგენილი გიორგი შარაბიძის და ნათია იოსელიანის კანდიდატურები.

კენჭისყრის შედეგად, პარლამენტმა 78 ხმით, 12-ის წინააღმდეგ, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე წარმოდგენილ გიორგი შარაბიძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა.