გიგი წერეთელი: გერმანიის პრეზიდენტის ვიზიტი უნდა იყოს გამოყენებული რუსეთის მიერ აღებული ვალდებულებების შესასრულებლად დამატებითი ზემოქმედებისათვის

08 ოქტომბერი 2019
გიგი წერეთელი: გერმანიის პრეზიდენტის ვიზიტი უნდა იყოს გამოყენებული რუსეთის მიერ აღებული ვალდებულებების შესასრულებლად დამატებითი ზემოქმედებისათვის

საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ თავმჯდომარის, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის გიგი წერეთლის განცხადებით, გერმანიის პრეზიდენტის ვიზიტი მნიშვნელოვანია ჩვენ ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების გასააქტიურებლად. თუმცა, უნდა იყოს გამოყენებული რუსეთის მიერ აღებული ვალდებულებების შესასრულებლად დამატებითი ზემოქმედებისათვის. 

ბატონი შტაინმაიერი ძალიან გამოცდილი პოლიტიკოსია და მან კარგად იცის რეგიონში არსებული კონფლიქტების თემა. მე მქონდა მასთან შეხვედრები, და ვიცი რომ ყოველთვის დაინტერესებულია საქართველო-რუსეთის ურთიერთობებისა და ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციის საკითხებით. მართალია, ამჯერად, ბატონ შტაინმაიერს არ გაუკეთებია კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით კონკრეტული შეთავაზება, თუმცა, მისთვის კარგად არის ცნობილი, რომ ეს საკითხი პირველ რიგში რუსეთთან მოლაპარაკებით უნდა მოგვარდეს“.

რუსეთს აქვს კონკრეტულ ვალდებულებებზე ხელი მოწერილი და ის მას არ ასრულებს. პირიქით, კიდევ უფრო ააქტიურებს საქართველოს ტერიტორიების ანექსიის პროცესს. ამ საკითხში, ჩვენ საერთაშორისო პარტნიორების როლი ძალზედ მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი გერმანიის. ხელისუფლების ამოცანა ზუსტად ის არის, რომ ეს ვიზიტი გამოყენებული იყოს სამომავლოდ რუსეთზე ზემოქმედების გასაძლიერებლად. ასევე, საერთაშორისო არენაზე უკრაინასთან ერთად საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის აქტიურად განხილვისთვის“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.