ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტებმა საქართველოს პარლამენტში მუშაობა დაიწყეს

12 თებერვალი 2018
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტებმა საქართველოს პარლამენტში მუშაობა დაიწყეს

საქართველოს პარლამენტში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა, ადამიანის უფლებათა და დემოკრატიის კომიტეტისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების კომიტეტის სხდომა გაიმართა.

პოლიტიკურ საკითხთა, ადამიანის უფლებათა და დემოკრატიის კომიტეტის სხდომაზე განიხილება უსაფრთხოების გამოწვევები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და ევროკავშირის როლის გაძლიერება მათ დარეგულირებაში. 

სხდომა პოლიტიკურ საკითხთა, ადამიანის უფლებათა და დემოკრატიის კომიტეტის თანათავმჯდომარემ დარიუშ როსატიმ გახსნა.

„ჩვენ ყველას გვაქვს საერთო გამოწვევები - ტერორიზმი, კიბერუსაფრთხოება, ისეთი წარმოების ომის ფორმა, რომელიც რუსეთის ფედერაციის მიერ გამოიყენება. მთავარი თემა ეს არის ომის გადაუწყვეტელი პრობლემა, რომელიც პარტნიორ ქვეყნებს ეხება. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს მისი ყველა პარტნიორი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს“, - განაცხადა კომიტეტის თანათავმჯდომარემ სხდომის გახსნისას. 

მისი თქმით, ევროკავშირი აქტიურ როლს თამაშობს შერიგების საკითხებში. მან ყურადღება გაამახვილა საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიაზე და როგორც აღნიშნა, კონფლიქტების მოგვარების საკითხებში ევროკავშირის როლის გაძლიერებასთან დაკავშირებით არის ახალი მოთხოვნები.

სხდომაზე ანგარიში წარადგინა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილმა. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა გადაუჭრელი კონფლიქტების შედეგებსა და საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკაზე.

საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის კომიტეტის სხდომაზე დღეს ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

„ჩემი ქვეყნისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა გადაუჭრელი კონფლიქტი და საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციაა. ამ კონფლიქტის გადაჭრა კი მშვიდობიანი გზით უნდა მოხდეს“, - აღნიშნა მინისტრმა ანგარიშის წარდგენისას.

ქეთევან ციხელაშვილმა იმ ვითარებაზე ისაუბრა, რომელიც განგრძობადი ოკუპაციის პირობებში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონშია შექმნილი. მან ყურადღება გაამახვილა იმ უსაფრთხოებასა და ჰუმანიტარულ გამოწვევებზე რასაც გადაუჭრელი კონფლიქტი იწვევს.

ქეთევან ციხელაშვილმა ისაუბრა საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკაზე, რომლის ერთ-ერთი განმსაზღვრელი სწორედ ჩართულობისა და შერიგების პოლიტიკაა. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა იმ პროექტებზე, რომელსაც ახორციელებს საქართველოს მთავრობა და რომელთა მიზანიც კონფლიქტით დაზარალებული ადამიანების დახმარებაა იმ სტრატეგიის საწინააღმდეგოდ, რაც რუსეთის მხრიდან ხორციელდება.

„ესაა დაყოფის კიდევ უფრო გაღრმავება, მაშინ როცა ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკა ხიდების აღდგენისკენ, საზოგადოებებს შორის ნდობის მშენებლობისა და იმ დაბრკოლებების გადალახვისკენაა მიმართული, რომელთა გადალახვაც ადამიანებს ყოველდღიურად უწევთ“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

თემაზე: „უსაფრთხოების გამოწვევები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და ევროკავშირის როლის გაძლიერება მათ დარეგულირებაში“ ანგარიში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ წარადგინა. 

თამარ ხულორდავამ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ 6 ქვეყნიდან 5 კონფლიქტურ ვითარებაში იმყოფება და ზოგი ომის მდგომარეობაშიც კი არის. აქედან გამომდინარე, უსაფრთხოება არა მარტო საერთო ინტერესი, არამედ იგი გამოწვევებით სავსე თემაა.

„უსაფრთხოება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მნიშვნელოვანია არა მარტო ამ სახელმწიფოებისთვის, არამედ ეს ევროპის ინტერესსაც წარმოადგენს. ჩვენ ვსაუბრობთ უსაფრთხოებაზე, როგორც განვითარების და კეთილდღეობის წინაპირობაზე, შესაბამისად ჩვენს რეგიონში მშვიდობა და უსაფრთხოება მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვისაც“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ.

მომხსენებელმა გამოსვლისას ხაზი გაუსვა იმასაც, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში კონფლიქტებს სხვადასხვა შინაარსი აქვთ, რაც მისი თქმით, ართულებს ამ საკითხზე საერთო მიდგომების ჩამოყალიბებას.

„საქართველოსთან მიმართებით ცხადია, რუსეთი კონფლიქტის ნაწილია და აუცილებელია მასზე საერთაშორისო ზეწოლა გაიზარდოს“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მოხსენებით წარდგა ევროპარლამენტის წევრი, თანამომხსენებელი გუნარ ჰოკმარკი.

„მშვიდობა და უსაფრთხოების განმტკიცება ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სასიცოცხლოა ინტერესია. აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნების სუვერენიტეტი დარღვეულია, რაც აფერხებს მათ განვითარებას და საერთო ევროპულ სტაბილურობას. ამიტომ ევროკავშირმა და პარტნიორებმა უნდაა გააძლიერონ თანამშრომლობა კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისთვის, მართლმსაჯულების გაძლიერებისა და ეკონომიკური განვითარებისთვის“, - განაცხადა მომხსენებელმა. 

ევრონესტის ენერგეტიკული უსაფრთხოების კომიტეტის სხდომას დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია თავმჯდომარეობდა. 

„ბირთვული უსაფრთხოება არის გამოწვევა და ამას სჭირდება ქვეყნებს შორის კონსენსუსი. სხვადასხვა ქვეყნებმა თავიანთი ხედვა აირჩიეს რომ ჩაანაცვლონ და ნახონ ალტერნატიული გზა ბირთვული უსაფრთხოების მიმართულებით. მნიშვნელოვანია ჩამოვაყალიბოთ ხედვა, რომელიც მიგვიყვანს კონსენსუსამდე. ენერგოეფექტურობა ზეგავლენას ახდენს ეკონომიკურ განვითარებაზე, ამიტომ უნდა შესრულდეს ყოვლისმომცველი ანალიზი“, - აღნიშნა რომან კაკულიამ. 

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, ქვეყნებს შორის თანამშრომლობა, თუ როგორი უნდა იყოს ენერგო სისტემის და უსაფრთხოების თანაფარდობა - ეს არის გამოწვევა, აღნიშნა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ. 

ენერგეტიკული უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე ენერგეტიკული ეფექტურობისა და ენერგეტიკული მდგრადობის სფეროში ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის მიმდინარე თანამშრომლობაზე იმსჯელეს. 

როგორც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობასთან თანამშრომლობის ხელმძღვანელმა, ვინსენტ რეიმ აღნიშნა, ბირთვული უსაფრთხოება ევროკავშირის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია. მისი თქმით, ენერგოუსაფრთხოება არის ევროკავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ერთ-ერთი პრიორიტეტი. მისივე თქმით, ქვეყნებს შორის ამ მიმართულებით მიმდინარეობს აქტიური თანამშრომლობა. მომხსენებელმა ევროკავშირის უსაფრთხოების გამყარებაში ჩვენი ქვეყნების ტრანზიტული როლი და ევროკავშირის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებაში ამ ქვეყნების მნიშვნელოვანი წვლილი აღნიშნა.

სხდომაზე მოხსენებით წარსდგა ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩიქოვანი, რომელმაც ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე და მის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტზე ენერგოეფექტურობაზე ისაუბრა. „ენერგია მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩვენს უსაფრთხოებაზე და ეკონომიკურ განვითარებაზე. ენერგოეფექტურობა არის ენერგოუსაფრთხოების მნიშვნელოვანი ნაწილი. ენერგოეფექტურობა უფრო და უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს ამ ბოლო დროს, ვინაიდან ელექტროენერგიისა და გაზის მოხმარება მკვეთრად იზრდება. ეს არის გამოწვევა და იმისთვის რომ დავძლიოთ ეს გამოწვევა ენერგო ეფექტური ტექნოლოგიების დანერგვა და ხელშეწყობა ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია”, - აღნიშნა გიორგი ჩიქოვანმა.

EU4Energy-ს ექსპერტმა მურმან მარგველაშვილმა თავისი გამოსვლა ენერგოეფექტურობის სფეროში მიმდინარე მნიშვნელოვან საკითხებს დაუთმო. 

„ჩვენ ვსაუბრობთ ენერგოეფექტურობაზე, რომელიც განახლებად ენერგიას მოიცავს და იმაზე, თუ როგორ ახორციელებენ ამას განვითარებული ქვეყნები. ჩვენ ვამბობთ, რომ უნდა წავიდეთ ამ მიმართულებით“, - განაცხადა მომხსენებელმა.

მან საქართველოსთვის მდგრადი ენერგიის მნიშვნელობაზე და საჭიროებაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვის ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც თავის მხრივ სხვადასხვა მიმართულებით მოიტანს დადებით შედეგებს. მათ შორის, გარემოს დაცვის, კლიმატის და ეკონომიკის განვითარების კუთხით.

მურმან მარგველაშვილმა აუდიტორიას ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის განხორციელებისთვის საჭირო რეკომენდაციები გააცნო და განაცხადა, რომ „ევროკავშირი-ენერგიისთვის“ პროექტის ფარგლებში აღნიშნულ თემაზე მუშაობა კვლავ აქტიურად გაგრძელდება. 
სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. 

დღევანდელ სხდომაზე რეზოლუციების ინიცირება შედგა. პარტნიორები მომავალ თვეებში რეზოლუციის პროექტებზე იმუშავებენ. 

ევროკავშირის წარმომადგენლები და აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნების დელეგაციები მორიგ სხდომებზე, ივნისში უკვე ევროპარლამენტში შეიკრიბებიან აღნიშნული საკითხების განსახილველად და საბოლოო რეზოლუციების დასამტკიცებლად. 

კომიტეტების დღეს გამართულ სხდომაში ევროპარლამენტის, უკრაინის, მოლდოვის, აზერბაიჯანის, სომხეთის საპარლამენტო დელეგაციები და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. 

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ღონისძიებები რეგულარულად იმართება პოლიტიკური დიალოგისა და საპარლამენტო კონსულტაციებისთვის. ევროკავშირთან მრავალმხრივი თანამშრომლობის განსახილველად პარტნიორი პარლამენტები კომიტეტის სხდომებზე რეგულარულად იწვევენ ევროკომისიის, მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.