სტაჟირების გავლის წესი

დამტკიცებულია

  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის

          2019 წლის 31 დეკემბრის №1/458/19 ბრძანებით 

საქართველოს პარლამენტის აპარატში სტაჟირების გავლის წესი 

თავი I. ზოგადი დებულებანი 

მუხლი 1. რეგულირების სფერო

1. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტის აპარატის (შემდგომ – პარლამენტის აპარატი) სტრუქტურულ ერთეულებში სტაჟირების გავლის, მათ შორის, დისტანციურად გავლის, წესსა და პირობებს.

2. სტაჟირების დისტანციურად გავლის შემთხვევებზე არ ვრცელდება ამ წესის მე-10 მუხლის მე-10 პუნქტი, III თავი, მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები და VII თავი. 

მუხლი 2. სტაჟირების მიზანი

სტაჟირების მიზანია მაღალკვალიფიციური პერსონალის მომზადება, სტაჟიორების პროფესიული ზრდა, მათ მიერ პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება/განვითარება და საქართველოს პარლამენტის საქმიანობის მხარდაჭერა. 

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სტაჟირება – პარლამენტის აპარატის სტრუქტურულ ერთეულებში ამ წესით რეგულირებული საქმიანობის ანაზღაურების გარეშე განხორციელება;

ბ) სტაჟიორი – პირი, რომელიც ამ წესის საფუძველზე გადის სტაჟირებას;

გ) სტაჟირების გავლის მსურველი – პირი, რომელიც ამ წესის შესაბამისად მონაწილეობს პარლამენტის აპარატის მიერ გამოცხადებულ სტაჟირების კონკურსში;

დ) სტაჟირების კოორდინატორი (შემდგომ – კოორდინატორი) – პარლამენტის აპარატის ადამიანური რესურსებისა და ინსტიტუციური განვითარების დეპარტამენტის სასწავლო ცენტრის თანამშრომელი, რომელიც უზრუნველყოფს სტაჟირების გავლის ორგანიზებას, სტაჟირების პროგრამის (სტაჟირების თეორიული და პრაქტიკული ნაწილების) განხორციელების საერთო ზედამხედველობას და შუალედური ტესტირებისა  და დასკვნითი გამოცდების ორგანიზებას;

ე) მენტორი – პარლამენტის აპარატის სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენელი, რომელიც ამ სტრუქტურულ ერთეულში უშუალოდ ხელმძღვანელობს სტაჟირების გავლის პროცესს. 

მუხლი 4. სტაჟირების ხანგრძლივობა და პერიოდულობა

1. სტაჟირების ხანგრძლივობაა 6 თვე.

2. სტაჟირება ცხადდება წელიწადში ორჯერ. სტაჟირება შესაძლებელია გამოცხადდეს პარლამენტის აპარატის შემდეგ სტრუქტურულ ერთეულებში: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილეების სამდივნოები, დეპარტამენტები, მანდატურის სამსახური (შემდგომ − სამსახური), საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი, საქართველოს პარლამენტის კომიტეტების აპარატები, საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის (შემდგომ − დროებითი კომისია) აპარატი.

3. პარლამენტის აპარატის ერთსა და იმავე სტრუქტურულ ერთეულში სტაჟირების ორჯერ გავლა დაუშვებელია. 

თავი II. სტაჟიორთა შერჩევა

 მუხლი 5. სტაჟიორთა შერჩევა კონკურსის საფუძველზე

1. პარლამენტის აპარატში სტაჟიორი მიიღება კონკურსის წესით.

2. სტაჟირების კონკურსის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტის აპარატის უფროსი.

3. სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მსურველმა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მისამართზე: [email protected] უნდა წარადგინოს განაცხადი სტაჟირების გავლის თაობაზე.

4. სტაჟირების კონკურსი ცხადდება საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე (www.parliament.ge). სტაჟირების კონკურსის ჩატარების შესახებ განცხადება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას:

ა) სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განცხადებების რეგისტრაციის ადგილისა და დროის შესახებ;

ბ) სტაჟირების კონკურსში მონაწილეობისთვის საჭირო მოთხოვნების შესახებ;

გ) სტაჟირების კონკურსის ეტაპებისა და თემატიკის შესახებ;

დ) სტაჟირების კონკურსის ჩატარების ადგილის, დროისა და ფორმის შესახებ.

5. დასაშვებია სტაჟირების კონკურსის ჩატარების შესახებ სხვა ინფორმაციის გამოქვეყნებაც.

6. სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მსურველს უფლება აქვს, განაცხადი მხოლოდ ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე წარადგინოს.

7. სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მსურველმა უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

ბ) განაცხადი (დანართი №1);

გ) აპლიკაცია (დანართი №2);

დ) დიპლომის ასლი/უმაღლესი განათლების დამადასტურებელი ცნობა ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტობის დამადასტურებელი ცნობა.

8. სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მსურველთა დოკუმენტაციის წარდგენა და რეგისტრაცია ხდება ელექტრონულად, კონკურსის გამოცხადებიდან არანაკლებ 10 დღის განმავლობაში. 

მუხლი 6. სტაჟირების გავლის მსურველთათვის დადგენილი მოთხოვნები

პარლამენტის აპარატში სტაჟიორად მიიღება საქართველოს მოქალაქე, რომელიც არის ქმედუნარიანი, იცის სახელმწიფო ენა, აქვს საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან არის ბაკალავრიატის არანაკლებ დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტი და მისი სპეციალობა შეესაბამება პარლამენტის აპარატის იმ სტრუქტურულ ერთეულს, სადაც სურს სტაჟირების გავლა. 

მუხლი 7. სტაჟირების ორგანიზება

პარლამენტის აპარატის სტრუქტურულ ერთეულებში სტაჟიორთა მიღების პროცედურებს და მათ მიერ სტაჟირების გავლას კოორდინაციას უწევს პარლამენტის აპარატის ადამიანური რესურსებისა და ინსტიტუციური განვითარების დეპარტამენტი. 

მუხლი 8. სტაჟიორთა შესარჩევი კომისია

1. პარლამენტის აპარატში იქმნება სტაჟიორთა შესარჩევი კომისია (შემდგომ – კომისია).

2. კომისია შედგება კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის არანაკლებ 2 და არაუმეტეს 4 წევრისგან.

3. კომისიის თავმჯდომარეა პარლამენტის აპარატის უფროსი.

4. კომისიას ჰყავს მდივანი, რომელიც უზრუნველყოფს სტაჟირების კონკურსთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხების მოგვარებას, ამზადებს საჭირო დოკუმენტაციასა და შესაბამის მასალებს, ამასთანავე, არ სარგებლობს ხმის უფლებით.

5. კომისიის მდივანს და კომისიის სხვა წევრებს ბრძანებით ნიშნავს პარლამენტის აპარატის უფროსი.

6. კომისია უფლებამოსილია, თუ მის სხდომას ესწრება კომისიის წევრთა უმრავლესობა.

7. კომისია გადაწყვეტილებას იღებს მის სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრების ხმათა უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.

8. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და მის სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრები. 

მუხლი 9. სტაჟირების კონკურსის ეტაპები

1. სტაჟირების კონკურსის ეტაპებია:

ა) განაცხადების გადარჩევა;

ბ) გასაუბრება (გასაუბრებაზე სტაჟირების გავლის მსურველს შესაძლებელია მიეცეს წერითი დავალება, პარლამენტის აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის საჭიროებიდან და საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე).

2. სტაჟირების დისტანციურად გავლის შემთხვევაში სტაჟირების კონკურსის ეტაპებია:

ა) განაცხადების გადარჩევა;

ბ) ტესტირება (სახელმწიფო ენა, კომპიუტერული უნარები);

გ) გასაუბრება (გასაუბრებაზე სტაჟირების გავლის მსურველს შესაძლებელია მიეცეს წერითი დავალება, პარლამენტის აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის საჭიროებიდან და საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე). 

მუხლი 10. სტაჟირების კონკურსის პირობები

1. განაცხადების გადარჩევა გულისხმობს სტაჟირების გავლის მსურველთა მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასებას.

2. განაცხადების გადარჩევის ეტაპის გადალახვის შემდეგ სტაჟირების დისტანციურად გავლის მსურველები საქართველოს პარლამენტის სასახლეში გაივლიან ტესტირებას:

ა) ქართულ ენაში;

ბ) კომპიუტერულ უნარებში.

3. ტესტირების ეტაპზე არ დაიშვება პირი, რომელიც ვერ გადალახავს განაცხადების გადარჩევის ეტაპს.

4. სტაჟირების გავლის მსურველს სტაჟირების კონკურსის თითოეული ეტაპის ჩატარების ადგილისა და დროის შესახებ უნდა ეცნობოს  მის ჩატარებამდე არანაკლებ 3 სამუშაო დღით ადრე.

5. სტაჟირების გავლის მსურველის წინასწარ დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის, აგრეთვე მისი მოტივაციის, პიროვნული და პროფესიული უნარ-ჩვევების შეფასების მიზნით ტარდება გასაუბრება. გასაუბრების თემატიკას განსაზღვრავს კომისია.

6. გასაუბრება კომისიამ შესაძლებელია ჩაატაროს ონლაინრეჟიმში.

7. გასაუბრების შედეგად კომისია იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) სტაჟირების გავლის მსურველის დადებითად შეფასების შემთხვევაში – მისი სტაჟიორად მიღების შესახებ;

ბ) სტაჟირების გავლის მსურველის უარყოფითად შეფასების შემთხვევაში – მის სტაჟიორად მიღებაზე უარის თქმის შესახებ.

8. პარლამენტის აპარატის ადამიანური რესურსებისა და ინსტიტუციური განვითარების დეპარტამენტი კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით აცნობებს სტაჟირების გავლის მსურველებს მათ მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებებს.

9. კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე სტაჟიორებს პარლამენტის აპარატის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებში ბრძანებით ნიშნავს პარლამენტის აპარატის უფროსი.

10. ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პარლამენტის აპარატის თითოეულ სტრუქტურულ ერთეულში შეიძლება დაინიშნოს არაუმეტეს 2 სტაჟიორისა. 

მუხლი 11. სტაჟირების კონკურსის ჩაშლა

სტაჟირების კონკურსი ჩაშლილად ითვლება, თუ მასში მონაწილეობისთვის არცერთი განაცხადი არ იქნა წარდგენილი ან კომისიამ ვერ შეარჩია შესაბამისი კანდიდატი. 

თავი III. სტაჟირების გავლა 

მუხლი 12. სტაჟიორთა სამუშაო დრო

სტაჟიორთა სამუშაო კვირის ხანგრძლივობაა 5 დღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. სამუშაო დრო იწყება 10.00 საათზე და მთავრდება 18.00 საათზე. შესვენებაა 14.00 საათიდან 15.00 საათამდე. 

მუხლი 13. სტაჟირების თეორიული და პრაქტიკული ნაწილები

1. სტაჟირების დაწყებიდან კოორდინატორი უზრუნველყოფს სტაჟიორთა მიერ 5-კვირიანი სწავლების სასწავლო პროგრამის გავლას, გარდა ამ მუხლის მე-3პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

2. სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ სტაჟიორები გაივლიან 20-კვირიან პრაქტიკას პარლამენტის აპარატის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში, გარდა ამ მუხლის მე-3პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

3. სტაჟიორი, რომელსაც სტაჟირება გავლილი აქვს პარლამენტის აპარატის რომელიმე სტრუქტურულ ერთეულში, ამასთანავე, გავლილი აქვს 5-კვირიანი სწავლების სასწავლო პროგრამა, სტაჟირების პარლამენტის აპარატის სხვა სტრუქტურულ ერთეულში გავლისას, 5-კვირიანი სწავლების სასწავლო პროგრამისა და 20-კვირიანი პრაქტიკის ნაცვლად, გაივლის 25-კვირიან პრაქტიკას.

4. სტაჟიორი, რომელსაც სტაჟირება გავლილი აქვს პარლამენტის აპარატის რომელიმე სტრუქტურულ ერთეულში, მაგრამ არა აქვს გავლილი 5-კვირიანი სწავლების სასწავლო პროგრამა, სტაჟირებას პარლამენტის აპარატის სხვა სტრუქტურულ ერთეულში გაივლის ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი წესით.

5. პრაქტიკის გავლის პერიოდში კოორდინატორი უზრუნველყოფს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, მის პირველ მოადგილესა და მოადგილეებთან, პარლამენტის კომიტეტების, საპარლამენტო ფრაქციების, პარლამენტის საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების თავმჯდომარეებთან, საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერებთან, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნებთან, პარლამენტის აპარატის დეპარტამენტების უფროსებთან და სამსახურის უფროსთან, აგრეთვე სტაჟიორების სურვილის შემთხვევაში − პარლამენტის წევრებთან სტაჟიორთა შეხვედრების ორგანიზებას. ამ შეხვედრების ფორმატი ითვალისწინებს აქტუალურ თემებზე საუბარსა და დისკუსიას.

6. სტაჟირების პერიოდში პარლამენტის აპარატის თითოეული სტრუქტურული ერთეულის სტაჟიორები ერთობლივად ამუშავებენ ამ სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე თემას, რის შემდეგაც ეწყობა მისი განხილვა. საქართველოს პარლამენტის კომიტეტის/დროებითი კომისიის აპარატის სტაჟიორების მიერ დამუშავებული თემა განიხილება შესაბამისი კომიტეტის/დროებითი კომისიის იმიტირებულ სხდომაზე.

7. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თემის განხილვას ესწრებიან პარლამენტის აპარატის ყველა სტრუქტურული ერთეულის სტაჟიორები, მენტორები და კოორდინატორი. საუკეთესო თემა გამოვლინდება ფარული კენჭისყრით, რომელშიც მონაწილეობენ პარლამენტის აპარატის ყველა სტრუქტურული ერთეულის სტაჟიორები. 

თავი IV. სტაჟირების დისტანციურად გავლა 

მუხლი 14. სტაჟირების თეორიული და პრაქტიკული ნაწილები

1. სტაჟირების თეორიული ნაწილი მოიცავს საქართველოს პარლამენტის სტრუქტურის, ფუნქციებისა და საქმიანობის შესახებ 10-დღიანი სწავლების დისტანციურ სასწავლო პროგრამას.

2. სტაჟირების თეორიული ნაწილის დასრულების შემდეგ სტაჟიორი გაივლის შუალედურ ტესტირებას.

3. შუალედური ტესტირების წარმატებით გავლის შემთხვევაში სტაჟიორი იწყებს სტაჟირების 20-კვირიან პრაქტიკულ ნაწილს პარლამენტის აპარატის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში, სადაც სტაჟიორის საქმიანობის ზედამხედველობას ახორციელებს მენტორი წინასწარ შედგენილი პრაქტიკული სასწავლო გეგმის შესაბამისად. ამ გეგმით განსაზღვრული დავალებების შესრულების ხანგრძლივობაა კვირაში არაუმეტეს 15 საათისა.

4. სტაჟირების პრაქტიკული ნაწილის დასრულების შემდეგ სტაჟიორი აბარებს დასკვნით გამოცდას (პრაქტიკულ დავალებას). 

თავი V. სტაჟიორის უფლებები და მოვალეობები. მენტორის მოვალეობები

მუხლი 15. სტაჟიორის უფლებები და მოვალეობები

1. სტაჟიორს უფლება აქვს, მენტორთან შეთანხმებით:

ა) გაეცნოს პარლამენტის აპარატისა და მისი შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის სპეციფიკას, აგრეთვე კონკრეტული სფეროს საკითხებზე რეაგირებისთვის საჭირო პროცედურებს;

ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას, მათ შორის, საარქივო მასალებს, ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით, ელექტრონული საშუალებებით და სხვა;

გ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებები.

2. სტაჟიორი ვალდებულია:

ა) სტაჟირების გავლის პროცესში ზედმიწევნით დაიცვას საქართველოს პარლამენტის საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები;

ბ) იხელმძღვანელოს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით, პარლამენტის აპარატის დებულებითა და პარლამენტის აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით;

გ) გაიაროს ამ წესით განსაზღვრული სტაჟირების პროგრამა (სტაჟირების თეორიული და პრაქტიკული ნაწილები);

დ) მენტორის მიერ მიცემული ყველა დავალება მითითებულ ვადაში შეასრულოს;

ე) გაეცნოს პარლამენტის აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის სფეროსა და სპეციფიკას, სათანადო ნორმატიულ აქტებს, საკითხების მომზადებისა და დოკუმენტების შედგენის პრაქტიკას;

ვ) მონაწილეობა მიიღოს პარლამენტის აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მუშაობაში, სტაჟირების სპეციფიკის გათვალისწინებით;

ზ) დაიცვას ამ წესით დადგენილი მოთხოვნები, პარლამენტის აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობა და სხვა აქტები, რომლებიც, მათი შინაარსისა და სტაჟიორის თავისებურებათა გათვალისწინებით, შეიძლება სტაჟიორზე სრულად ან ნაწილობრივ ვრცელდებოდეს;

თ) სტაჟირების გავლის პროცესში, აგრეთვე სტაჟირების დასრულების შემდეგ დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საიდუმლოების პრინციპი – არ გაავრცელოს საქართველოს პარლამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა სტაჟირების გავლის პროცესში. 

მუხლი 16. მენტორის მოვალეობები

1. საქართველოს პარლამენტი სტაჟიორს უქმნის სათანადო პირობებს პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შეძენისთვის/განვითარებისთვის.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნით მენტორი:

ა) უშუალოდ წარმართავს და კოორდინაციას უწევს სტაჟიორის საქმიანობას;

ბ) სტაჟიორს აწვდის სასწავლო თემატიკას, აძლევს დავალებებს, განუსაზღვრავს შესასრულებელი სამუშაოს მიმართულებას და მისი შესრულების ვადას;

გ) აკონტროლებს სტაჟიორის მიერ სამუშაოს და მოვალეობების შესრულებას;

დ) სტაჟიორს ხელს უწყობს უფლებების განხორციელებასა და მოვალეობების შესრულებაში, დროულად აწვდის საქმიანობასთან დაკავშირებულ, სწორ ინფორმაციას;

ე) აცნობს სტაჟიორს პარლამენტის აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის სტრუქტურას, საქმიანობის სფეროსა და სპეციფიკას;

ვ) უქმნის სტაჟიორს შესაბამის გარემოს სათანადო პროფესიული გამოცდილების მიღებისთვის. 

თავი VI. სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტა 

მუხლი 17. სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტა

1. სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტის საფუძველია:

ა) სტაჟიორის პირადი განცხადება;

ბ) სტაჟიორის მიერ დავალების ორჯერ არასაპატიო მიზეზით შეუსრულებლობა, რაც დასტურდება მენტორის დასაბუთებული დასკვნით;

გ) სტაჟიორის მიერ ამ წესით დადგენილი მოთხოვნების უხეში დარღვევა;

დ) სტაჟიორის მიერ სხვა დაწესებულებაში პრაქტიკის ან სტაჟირების გავლის ან სამსახურის დაწყების ფაქტის გამოვლენა, თუ ეს ხელს უშლის პარლამენტის აპარატში სტაჟირების გავლის პროცესს;

ე) სტაჟიორის მიერ სტაჟირების პერიოდში 5 დღის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით პარლამენტის აპარატის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში გამოუცხადებლობა;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სტაჟირების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტის აპარატის უფროსი შესაბამისი მენტორის ან/და პარლამენტის აპარატის ადამიანური რესურსებისა და ინსტიტუციური განვითარების დეპარტამენტის უფროსის წარდგინების საფუძველზე, ხოლო იმავე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – სტაჟიორის პირადი განცხადების საფუძველზე.

 თავი VII. სტაჟირების შეფასება 

მუხლი 18. სტაჟირების შეფასების ეტაპები

1. სტაჟირების შეფასების ეტაპებია:

ა) I ეტაპი − 5-კვირიანი სწავლების შეფასება (ჯამური შეფასების 25%);

ბ) II ეტაპი − 20-კვირიანი პრაქტიკის შეფასება (ჯამური შეფასების 50%);

გ) III ეტაპი − დასკვნითი გამოცდა (ჯამური შეფასების 25%).

2. ჯამური შეფასების მაქსიმალური ქულაა 100. 

მუხლი 19. I ეტაპის შეფასება

1. I ეტაპის − 5-კვირიანი სწავლების შეფასების − მაქსიმალური ქულაა 25; გამოცდის ხანგრძლივობაა 90 წუთი.

2. 5-კვირიანი სწავლების სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ სტაჟიორმა უნდა ჩააბაროს გამოცდა − 100 შეკითხვისგან შემდგარი ტესტი. თითოეული სწორი პასუხი ფასდება 0,25 ქულით. სტაჟიორს ტესტი ჩაბარებულად ჩაეთვლება არანაკლებ 19 ქულის დაგროვების შემთხვევაში. თუ სტაჟიორი დააგროვებს 12,75-დან 19 ქულამდე, მას ერთხელ ეძლევა ტესტის გადაბარების უფლება. ტესტის გადაბარება ხდება მისი ჩაბარებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.

3. თუ სტაჟიორი 19 ქულაზე ნაკლებს დააგროვებს, იგი სტაჟირებას ვეღარ გააგრძელებს. 

მუხლი 20. II ეტაპის შეფასება

1. II ეტაპის − 20-კვირიანი პრაქტიკის შეფასების − მაქსიმალური ქულაა 50.

2. პრაქტიკის ყოველი 4 კვირის ბოლოს სტაჟიორმა უნდა წარადგინოს შესრულებული სამუშაოს და მომზადებული დავალებების ანგარიში. სტაჟიორის ანგარიშს უნდა ერთოდეს მენტორის თვიური ანგარიში (დანართი №3), რომელშიც შეტანილია ინფორმაცია საანგარიშო პერიოდში სტაჟიორის პუნქტუალურობის, დავალებების შესრულების ხარისხისა და დროულობის, კომუნიკაციის უნარის შესახებ და სხვა. სტაჟიორის ანგარიშის შეფასების მაქსიმალური ქულაა 10. სტაჟიორის ყველა (ხუთივე) ანგარიშის შეფასებების ქულათა ჯამი იქნება II ეტაპის ჯამური შეფასების მაჩვენებელი.

3. ყოველ საანგარიშო პერიოდს აფასებს კოორდინატორი შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით, შესაბამისი ქულებით (თითოეული კრიტერიუმის შეფასების ერთეულია 0,5 ქულა):

ა) დისციპლინა (საქართველოს პარლამენტის აპარატის შინაგანაწესითა და ამ წესით დადგენილი მოთხოვნების დაცვა) − 0-დან 1 ქულის ჩათვლით;

ბ) სამუშაოებში (ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში) აქტიური მონაწილეობა − 0-დან 2 ქულის ჩათვლით;

გ) სტაჟირების პროგრამით განსაზღვრული დავალებების დროული შესრულება − 0-დან 2 ქულის ჩათვლით;

დ) სტაჟირების პროგრამით განსაზღვრული დავალებების ხარისხიანი შესრულება − 0-დან 5 ქულის ჩათვლით. 

მუხლი 21. III ეტაპის შეფასება

1. III ეტაპის − დასკვნითი გამოცდის − მაქსიმალური ქულაა 25; დასკვნითი გამოცდის ხანგრძლივობაა 90 წუთი.

2. სტაჟიორი დასკვნით გამოცდაზე დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან I და II ეტაპებზე ჯამურად დააგროვა არანაკლებ 35 ქულისა. სტაჟიორი, რომელსაც 35 ქულაზე ნაკლები ექნება დაგროვებული, დასკვნით გამოცდაზე არ დაიშვება და მას სტაჟირება გავლილად არ ჩაეთვლება. ამასთანავე, სტაჟიორი, რომელიც სტაჟიორად მიღების პერიოდში იყო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტი, დასკვნით გამოცდაზე დაიშვება დიპლომის ასლის/უმაღლესი განათლების დამადასტურებელი ცნობის წარმოდგენის შემთხვევაში.

3. სტაჟიორმა უნდა ჩააბაროს დასკვნითი გამოცდა − 100 შეკითხვისგან შემდგარი ტესტი. თითოეული სწორი პასუხი ფასდება 0,25 ქულით. სტაჟიორს ტესტი ჩაბარებულად ჩაეთვლება არანაკლებ 16 ქულის დაგროვების შემთხვევაში. თუ სტაჟიორი დააგროვებს 12-დან 16 ქულამდე, მას ერთხელ ეძლევა ტესტის გადაბარების უფლება. ტესტის გადაბარება ხდება მისი ჩაბარებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.

 მუხლი 22. პარლამენტის აპარატში სტაჟირების განმეორებით გავლა

სტაჟიორს, რომელსაც სტაჟირება გავლილი აქვს პარლამენტის აპარატის რომელიმე სტრუქტურულ ერთეულში, ამასთანავე, მიღებული აქვს ამ წესით დადგენილი I, II და III ეტაპების შეფასებები, სტაჟირების პარლამენტის აპარატის სხვა სტრუქტურულ ერთეულში გავლისას უნარჩუნდება გავლილი სტაჟირების შეფასების I ეტაპზე მიღებული ქულა, ხოლო II და III ეტაპების შეფასებები მან უნდა მიიღოს ამ თავით დადგენილი წესით. I ეტაპზე მიღებული ქულის გაუმჯობესების მიზნით სტაჟიორს უფლება აქვს, გადააბაროს აღნიშნული ეტაპის გამოცდა. უფრო დაბალი ქულის მიღების შემთხვევაში მას უფლება არა აქვს, მოითხოვოს მაღალი ქულის შენარჩუნება.

 თავი VIII. შეფასება სტაჟირების დისტანციურად გავლისას 

მუხლი 23. სტაჟირების შეფასების ეტაპები

1. სტაჟირების დისტანციურად გავლის შემთხვევაში სტაჟირების შეფასების ეტაპებია:

ა) I ეტაპი − თეორიული ნაწილის შეფასება (ჯამური შეფასების 20%);

ბ) II ეტაპი − პრაქტიკული ნაწილის შეფასება (ჯამური შეფასების 40%);

გ) III ეტაპი − დასკვნითი გამოცდა (ჯამური შეფასების 40%).

2. ჯამური შეფასების მაქსიმალური ქულაა 100. 

მუხლი 24. I ეტაპის შეფასება

1. I ეტაპის − 10-დღიანი სწავლების დისტანციური სასწავლო პროგრამის შეფასების − მაქსიმალური ქულაა 20; გამოცდის ხანგრძლივობაა 90 წუთი.

2. 10-დღიანი სწავლების დისტანციური სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ სტაჟიორმა უნდა ჩააბაროს გამოცდა − 100 შეკითხვისგან შემდგარი ტესტი. თითოეული სწორი პასუხი ფასდება 0,2 ქულით. სტაჟიორს ტესტი ჩაბარებულად ჩაეთვლება არანაკლებ 16 ქულის დაგროვების შემთხვევაში. თუ სტაჟიორი დააგროვებს 14-დან 16 ქულამდე, მას ერთხელ ეძლევა ტესტის გადაბარების უფლება. ტესტის გადაბარება ხდება მისი ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში.

3. თუ სტაჟიორი 16 ქულაზე ნაკლებს დააგროვებს, სტაჟირება შეწყდება. 

მუხლი 25. II ეტაპის შეფასება

1. II ეტაპის − 20-კვირიანი პრაქტიკის შეფასების − მაქსიმალური ქულაა 40.

2. პრაქტიკის ყოველი 4 კვირის ბოლოს სტაჟიორმა უნდა წარადგინოს შესრულებული სამუშაოს და მომზადებული დავალებების ანგარიში. სტაჟიორის ანგარიშს უნდა ერთოდეს მენტორის ანგარიში (დანართი №4), რომელშიც შეტანილია ინფორმაცია დავალებების შესრულების ხარისხისა და დროულობის, კომუნიკაციის უნარისა და სამუშაოებში მონაწილეობის შესახებ. სტაჟიორის ანგარიშის შეფასების მაქსიმალური ქულაა 10. სტაჟიორის ყველა (სამივე) ანგარიშის შეფასებების ქულათა ჯამი იქნება II ეტაპის ჯამური შეფასების მაჩვენებელი.

3. ყოველი საანგარიშო პერიოდი ფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით, შესაბამისი ქულებით:

ა) სტაჟირების პროგრამით განსაზღვრული დავალებების ხარისხიანი შესრულება − 0-დან 5 ქულის ჩათვლით;

ბ) სტაჟირების პროგრამით განსაზღვრული დავალებების დროული შესრულება − 0-დან 3 ქულის ჩათვლით;

გ) კომუნიკაციის უნარი − 0-დან 1 ქულის ჩათვლით;

დ) სამუშაოებში მონაწილეობა − 0-დან 1 ქულის ჩათვლით. 

მუხლი 26. III ეტაპის შეფასება

1. III ეტაპის − დასკვნითი გამოცდის − მაქსიმალური ქულაა 40; დასკვნითი გამოცდის ხანგრძლივობაა 90 წუთი.

2. სტაჟიორი დასკვნით გამოცდაზე დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან I და II ეტაპებზე ჯამურად დააგროვა არანაკლებ 35 ქულისა (თითოეულ ეტაპზე დაგროვებული ქულა დამრგვალდება). სტაჟიორი, რომელსაც 35 ქულაზე ნაკლები ექნება დაგროვებული, დასკვნით გამოცდაზე არ დაიშვება და მას სტაჟირება გავლილად არ ჩაეთვლება.

3. სტაჟიორმა უნდა ჩააბაროს დასკვნითი გამოცდა − 2 პრაქტიკული დავალება, რომლებიც შეფასდება 40 ქულით (თითოეული პრაქტიკული დავალება − 20 ქულით). სტაჟიორს გამოცდა ჩაბარებულად ჩაეთვლება არანაკლებ 16 ქულის დაგროვების შემთხვევაში. თუ სტაჟიორი დააგროვებს 12-დან 16 ქულამდე, მას ერთხელ ეძლევა გამოცდის გადაბარების უფლება მისი ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში.

4. საბოლოო შედეგის გამოთვლისას დასკვნით გამოცდაზე დაგროვებული ქულა დამრგვალდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სტაჟიორმა 16 ქულაზე მეტი დააგროვა. 

თავი IX. სტაჟირების დასრულება 

მუხლი 27. სტაჟირების დასრულება

1. სტაჟირების ვადის დასრულების შემდეგ პარლამენტის აპარატის უფროსი იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) სტაჟირების შედეგების დადებითად შეფასების შესახებ;

ბ) სტაჟირების შედეგების უარყოფითად შეფასების შესახებ.

2. სტაჟირების შედეგების დადებითად შეფასების შემთხვევაში სტაჟიორს ეძლევა შესაბამისი კატეგორიის სერტიფიკატი:

ა) სტაჟიორს, რომელიც დააგროვებს 90 ან მეტ ქულას, გადაეცემა სტაჟირების გავლის დამადასტურებელი „A“ კატეგორიის სერტიფიკატი;

ბ) სტაჟიორს, რომელიც დააგროვებს 75-დან 89 ქულის ჩათვლით, გადაეცემა სტაჟირების გავლის დამადასტურებელი „B“ კატეგორიის სერტიფიკატი;

გ) სტაჟიორს, რომელიც დააგროვებს 51-დან 74 ქულის ჩათვლით, გადაეცემა სტაჟირების გავლის დამადასტურებელი „C“ კატეგორიის სერტიფიკატი;

დ) სტაჟიორს, რომელიც დააგროვებს 50 ან ნაკლებ ქულას, სტაჟირება გავლილად არ ჩაეთვლება და სტაჟირების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი არ გადაეცემა.