12-პუნქტიან გეგმაზე მუშაობის ფარგლებში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივ შეხვედრაზე „სტამბოლის კონვენციის“ ნორმებთან ეროვნული კანონმდებლობის დაახლოებაზე იმსჯელეს

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტისა და გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საბჭოს ორგანიზებით გაიმართა სამუშაო შეხვედრა. შეხვედრის მიზანი იყო იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე მსჯელობა, რაც ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციიდან („სტამბოლის კონვენცია“) გამომდინარეობს და ეროვნული კანონმდებლობის მის ნორმებთან დაახლოებას ემსახურება.
შეხვედრისას განხილულ საკითხებს შორის იყო სქესობრივი ხასიათის დანაშაულებისა და ძალადობის მსხვერპლთა რევიქტიმიზაციისგან დაცვის მექანიზმების საკანონმდებლო რეგულირება და მათგან გამომდინარე სისხლის სამართლის კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები.
შეხვედრა ემსახურებოდა ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთის, გენდერული თანასწორობისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ძალისხმევის გაძლიერების განხორციელებას.