ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს სამუშაო ჯგუფმა გასვლითი სამუშაო შეხვედრა გამართა
აპარატი 03 ივლისი 2022

ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს სამუშაო ჯგუფმა, საბჭოს წევრის, ხატია წილოსანის ხელმძღვანელობით, თემაზე „საპარლამენტო ზედამხედველობა კრიზისის დროს და მის მიღმა", გასვლითი სამუშაო შეხვედრა გამართა.
დამსწრეთ მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ხატია წილოსანმა და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, ნიკ ბერესფორდმა.
შეხვედრაზე პრეზენტაციები წარადგინეს საერთაშორისო და ადგილობრივმა ექსპერტებმა.
პარლამენტის აპარატის უფროსმა, ქეთევან კვინიკაძემ პარლამენტის ბიზნესუწყვეტობის პოლიტიკაზე ისაუბრა.
„საგანგებო მდგომარეობის პირობებში, ერთი მხრივ, პარლამენტის საზედამხედველო საქმიანობის გაძლიერებისა და მეორე მხრივ, პარლამენტის აპარატის საქმიანობის უწყვეტობის უზრუნველყოფისათვის შესაბამისი პროცედურების დანერგვა საშუალებას მოგვცემს გაიზარდოს პარლამენტის როლი დამდგარი საფრთხეების აღმოფხვრის პროცესში და მისი საქმიანობა წარიმართოს მაქსიმალურად შეუფერხებლად, მთავრობის საქმიანობაზე განხორციელდეს ეფექტიანი ზედამხედველობა და უზრუნველყოფილი იქნას საპარლამენტო საქმიანობის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება ციფრული დემოკრატიის ინსტრუმენტების გამოყენებით. რეკომენდაციები ამ მიმართულებით შემუშავებული იქნება წლის ბოლომდე, რითაც ასევე ხელს შევუწყობთ ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის სრულფასოვან შესრულებას“, - აღნიშნა შეხვედრის დასასრულს ხატია წილოსანმა.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საპარლამენტო უმრავლესობის და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა, პარლამენტის აპარატის თანამშრომლებმა და საბჭოს საკონსულტაციო ჯგუფის წევრმა ორგანიზაციებმა: გაეროს განვითარების პროგრამა, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება.
შეხვედრა ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით გაიმართა.