გივი მიქანაძე გაერო-ს განვითარების პროგრამის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

ნიუ-იორკში, გაერო-ს სათავო ოფისში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე გაერო-ს გენერალური მდივნის თანაშემწეს, გაერო-ს განვითარების პროგრამის ევროპისა და დსთ-ის რეგიონულ დირექტორს, ივანა ჟივკოვიჩს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის მრავალწლიანი შედეგები და ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივაზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა გაეროსთან 2025-2030 წლებში განსახორციელებელი აქტივობების ჩარჩო დოკუმენტის ხელმოწერისთვის საქართველოს მთავრობასა და გაერო-ს სააგენტოებს შორის დაწყებული განხილვების მნიშვნელობაზე. ხაზი გაესვა გაერო-ს სააგენტოების ცალკეული პროგრამების დაგეგმარებას.
ივანა ჟივკოვიჩმა მადლიერება გამოხატა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მაღალი რანგის თანამშრომლობისა და ჩართულობის მიმართ.
მან ასევე ისაუბრა მაისის ბოლოს საქართველოში დაგეგმილ ვიზიტზე, სადაც შესაძლებლობა ექნება შემდგომი თანამშრომლობის საკითხები ხელისუფლების წარმომადგენლებთან დეტალურად განიხილოს.
შეხვედრაში მონაწილეობას იღებდა გაერო-სა და საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი დავით ბაქრაძე.