ირაკლი ქადაგიშვილი - არსებული მექანიზმების და პროცედურების დახვეწა უფრო მოქნილს და გამოწვევებთან დაკავშირებით ადეკვატურს გახდის პარლამენტის რეგლამენტს

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა კანონპროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“. წარმოდგენილი პროექტი ითვალისწინებს არაერთ შინაარსობრივ, არსებით, პროცედურულ, ტექნიკურ, ტერმინოლოგიურ და რედაქციული ხასიათის შესწორებას.
სხდომაზე მომხსენებელმა, ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, რომ მოქმედი რეგლამენტი 2018 წლის დეკემბერშია მიღებული, მას შემდეგ პრაქტიკამ აჩვენა, რომ საჭიროა დოკუმენტში გარკვეული ცვლილებების შეტანა, არსებული მექანიზმების და პროცედურების დახვეწა, რაც უფრო მოქნილს და გამოწვევებთან დაკავშირებით ადეკვატურს გახდის პარლამენტის რეგლამენტს.
წარმოდგენილი პროექტის თანახმად საპარლამენტო პოლიტიკური სუბიექტებისა და საპარლამენტო ორგანოების მიერ თავისი უფლებამოსილების უფრო ეფექტურად განხორციელების მიზნით განისაზღვრება და ზუსტდება პროცედურები.
საპარლამენტო საქმიანობაში დაგროვილი გამოცდილებისა და არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, ფართოვდება უფლებამოსილებები და განისაზღვრება, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს საჭიროების შემთხვევაში, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ცალკეულ საკითხებზე შეეძლება შექმნას საკონსულტაციო საბჭო, რომლის შემადგენლობა და საქმიანობის წესი განისაზღვრება პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით; პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით განისაზღვრება აგრეთვე სხდომათა დარბაზში დამსწრე პირთათვის სპეციალური ადგილების დაკავების წესი.
საპარლამენტო საქმიანობის ორკვირიანი ციკლის თანმიმდევრულად და უფრო ეფექტურად წარმართვისთვის დგინდება, რომ პარლამენტის მორიგი სესიის პლენარული სხდომების კვირაში დაუშვებელი იქნება კანონპროექტის საკომიტეტო განხილვა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიღებულია კანონპროექტის დაჩქარებული ან გამარტივებული წესით განხილვის შესახებ გადაწყვეტილება. აგრეთვე, სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტისა და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტის განხილვის შემთხვევებისა.
მკაფიოდ განისაზღვრება პროცედურები, რომელიც არეგულირებს სხდომებზე კენჭისყრის ჩატარება-გადადების საკითხს; პლენარული სხდომების კვირის სამშაბათს განცხადებების ხანგრძლივობას და გამოსვლისთვის განკუთვნილი დროის სხვა პარლამენტის წევრისთვის დათმობის წესს.
სამართლებრივად იხვეწება და ზუსტდება საკომიტეტო საქმიანობასთან დაკავშირებული რეგლამენტით განსაზღვრული მექანიზმები და პროცედურები. ასევე, იხვეწება პროცედურები საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების ეფექტური ფუნქციონირების მიზნით.
კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს განხილულ ცვლილებებს.