ირაკლი კოვზანაძემ ფინანსთა სამინისტროს სამომავლოდ ბიუჯეტის დეფიციტის კიდევ უფრო შემცირებისკენ მოუწოდა

„ბიუჯეტის დეფიციტი რომ ჩამოცდეს 4%-ს ეს იქნება რეალური დახმარება საქართველოს ეროვნული ბანკისთვის ინფლაციის შემცირების საქმეში და მნიშვნელოვანი ნაბიჯი მაკროეკონომიკური სტაბილურობის და მდგრადობის მიმართულებით“, - განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებული ვერსიის განხილვისას.
ირაკლი კოვზანაძის თქმით, მთავრობის, კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს მიერ ბიუჯეტის დეფიციტის შემცირების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები მისასალმებელია, თუმცა, მან მოუწოდა მთავრობას, რომ ყველა არსებული რეზერვი, ან რაც 2022 წლის განმავლობაში გამოჩნდება, მიმართული იყოს დეფიციტის კიდევ უფრო შემცირებისკენ.
ირაკლი კოვზანაძემ ყურადღება გაამახვილა ქვეყნისთვის მთავარ გამოწვევებზე და ამ კუთხით ბიუჯეტის როლზე.
„კოვიდპანდემიამ შექმნა სიცოცხლის რისკის და ფიზიკური არსებობის პრობლემები. ამასთანავე, შეცვალა ფისკალური და მონეტარული წესრიგი და რეალობა. მინდა შევეხო პრობლემებს სამივე მიმართულებით - ჯანდაცვის, ანუ პანდემიის დამარცხების, ფისკალური, ანუ საბიუჯეტო კუთხით და მონეტარული, ანუ ამ შემთხვევაში ინფლაციის კუთხით,“ - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.
მისი თქმით, ქვეყანაში რთული ეპიდვითარებაა, აცრა კი, კოვიდინფექციის დამარცხების მთავარი გზაა და სხვა ეფექტური გზა კაცობრიობას დღეს არ გააჩნია.
რაც შეეხება ფასების ზრდას, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, ინფლაციასთან დაკავშირებული მდგომარეობა რთულია და მძიმე ტვირთად აწვება როგორც მოსახლეობას, ასევე, ეკონომიკას.