ირმა ინაშვილი: „ირანის ელჩი საქართველოში მიმდინარე საარჩევნო რეფორმით და მისი შესაძლო პოზიტიური შედეგებით დაინტერესდა“

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირმა ინაშვილი ირანის ელჩს საქართველოში - სეიედ ჯავად ყავამ შაჰიდსა და საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე როგორც საქართველოს საშინაო, ასევე საგარეო საკითხებზე ისაუბრეს.
„ეს იყო ჩემი პირველი შეხვედრა ირანის ელჩთან საქართველოში. ვისაუბრეთ ირანთან საქართველოს ურთიერთობაზე პოლიტიკის ნაწილში, ასევე ეკონომიკის ნაწილში. აღინიშნა, რომ ბოლო წლების მანძილზე საქართველოსა და ირანს შორის ეკონომიკური ურთიერთობები პროგრესს განიცდიდა. ირანი მზად არის გააფართოოს ინვესტიციების მოცულობა საქართველოში“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ. მისი ინფორმაციით, ირანის ელჩი დაინტერესდა საქართველოში მიმდინარე საარჩევნო რეფორმით.
„ვისაუბრეთ თუ რა პოზიტიური შედეგები შეიძლება მოჰყვეს პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ქართული დემოკრატიისთვის. ვიმსჯელეთ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს რეფორმა პარტიებისთვის. სტუმრები ასევე დაინტერესდნენ მედიის თავისუფლების საკითხებით“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.