ნინო წილოსანმა, ესტონეთის ელჩთან ერთად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში შეხვედრები გამართეს

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ნინო წილოსანი, ესტონეთის ელჩ რიინა კალიურანდთან ერთად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტს სტუმრობდა.
კომიტეტის თავმჯდომარემ და ელჩმა შეხვედრა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, აგრარულ სექტორში დასაქმებულ მეწარმე ქალებთან გამართეს.
შეხვედრაზე მეწარმეების წინაშე არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
ნინო წილოსანმა და რიინა კალიურანდმა, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან, სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარ დეპუტატთან, გივი ჭიჭინაძესთან და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ახლადარჩეულ მერ გენადი ბალანჩივაძესთან ერთად, სოფელ გუმათში ჩაის გადამამუშავებელი საწარმო დაათვალიერეს.
საწარმოში მაღალი ხარისხის ბიო ჩაის აწარმოებენ და რეალიზებას, ძირითადად, ევროპის ბაზარზე ახდენენ.
„Renegade Tea Estate“ ესტონური ინვესტიციაა და საქართველოში უკვე ჩაის სამ პლანტაციას ფლობს.
აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და ესტონეთის ელჩი შპს ,,ჰერბიაშიც“ იმყოფებოდნენ, სადაც 80 სახეობის პროდუქციას აწარმოებენ.
„ჰერბიას“ სათბურები 10 ჰექტარ ტერიტორიაზეა გაშენებული. ამ ეტაპზე, კომპანია ბოსტნეულითა და მწვანილით ყველა ქსელურ მარკეტს ამარაგებს საქართველოში.
ნინო წილოსანმა და რიინა კალიურანდმა დაათვალიერეს წყალტუბოში არსებული სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრიც და აღნიშნეს, რომ წყალტუბოს, როგორც უნიკალური ბალნეოლოგიური კურორტის განახლებასთან ერთად, მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის პრიორიტეტული მიმართულების მხარდაჭერა და განვითარება.