პაატა კვიჟინაძე: აუდიტის რეკომენდაციები უნდა შესრულდეს, ეს ჩვენთვის პრინციპული საკითხია

შესაბამისი აუდიტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორი ობიექტში ჩატარდა.
აუდიტის პერიოდმა 2016-2019 წლები მოიცვა.
კანონმდებლები ფონდის მიერ გრანტების გაცემის, სახელშეკრულებო პირობების შესრულების და საზღვარგარეთ განათლების მიღების ხელშეწყობის მიმართულებით წარმოდგენილ შესაბამისობის და ეფექტიანობის ანგარიშებს გაეცნენ.
ჩატარებული სამუშაოს შედეგად გამოვლენილი მიგნებების და ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად, სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიმართ გაიცა 9 რეკომენდაცია, რომელიც გაზიარებული იქნა ფონდის მიერ და მათი შესრულების ვადად მიმდინარე წლის დეკემბერი დასახელდა.
ხოლო სსიპ- განათლების საერთაშორისო ცენტრის მიმართ აუდიტის სამსახურმა გასცა 7 რეკომენდაცია.
პროგრამების დაგეგმვის, განხორციელების და პრიორიტეტების განსაზღვრის კუთხით. სამინისტროსა და ფონდის წარმომადგენლების მხრიდან გაკეთდა შესაბამისი განმარტებები გამოვლენილ ნაკლოვანებებსა და მათი აღმოფხვრის გზებთან დაკავშირებით.
კანონმდებელთა შეფასებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ობიექტების შემდგომი შემოწმებისას ყურადღება უნდა გაამახვილოს უკვე გაცემული რეკომენდაციების შესრულებაზე.
წინააღმდეგ შემთხვევაში, აუცილებლად გადაიდგმება ნაბიჯები პასუხისმგებლობის გამკაცრების კუთხით.
ჯგუფის ხელმძღვანელმა, პაატა კვიჟინაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარლამენტი, საზედამხედველო ფუნქციის განხორციელების ფარგლებში, პრინციპულ ყურადღებას უთმობს და მუდმივ მონიტორინგს ახორციელებს რეკომენდაციების აღსრულების მიმართულებით.
„ჩვენ, საერთაშორისო პრაქტიკის თანახმად, ვიხილავთ მხოლოდ რეკომენდაციებს. აუდიტის სამსახური არ იღებს სადამსჯელო გადაწყვეტილებებს. ის გასცემს რეკომენდაციებს. შეთანხმების შემთხვევაში რეკომენდაციები უნდა შესრულდეს. ეს ჩვენთვის პრინციპული საკითხია“.
საკითხის განხილვაში პარლამენტის წევრებთან და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
აუდიტის სამსახურის ანგარიშები, შენიშვნებით და შესაბამისი რეკომენდაციებით აუდიტის ჯგუფის წევრებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ მარიამ ზაალიშვილმა გააცნო.