რატი იონათამიშვილი - წლიდან წლამდე ვითარდება ის პროგრამები და სერვისები, რომელთა მეშვეობითაც ხდება შშმ პირთა უფლებების დაცვა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ რატი იონათამიშვილმა მონაწილეობა მიიღო მდგრადი განვითარების მიზნების ფონდის ერთობლივი პროგრამის - „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური დაცვის სისტემის გარდაქმნა საქართველოში“ ფარგლებში გამართულ ღონისძიებაში.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიმართულებით გატარებულ ღონისძიებებსა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს გაეროს 6-მა ორგანიზაციამ, პარლამენტის და სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებმა და სხვა პარტნიორებმა.
ერთობლივი პროგრამის მიზანი პოლიტიკური გარემოს გაუმჯობესება, ინფრასტრუქტურის, ინფორმაციისა და სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა, სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობა და ასევე შშმ პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის (UNCRPD) ეფექტიანი განხორციელების ხელშეწყობაა.
„მთავარი გადაწყვეტილება ცალსახად იყო ახალი კანონის მიღება შშმ პირთა უფლებების შესახებ, რომელმაც უზრუნველყო მთელი რიგი სამართლებრივი და პოლიტიკური გარანტიები იმისთვის, რომ შშმ პირთა თვალსაზრისით გადაწყვეტილებები ყოფილიყო სწორი, ეფექტური და კონკრეტულ შედეგებზე გათვლილი. წლიდან წლამდე ვითარდება ის პროგრამები და სერვისები, რომელთა მეშვეობითაც ხდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ და იმ მნიშვნელოვან პროექტებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც შშმ პირთა მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ხორციელდება. მათ შორისაა, ბიოფსიქოსოციალური მოდელის დანერგვა, შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობა და სხვა.
„ერთობლივად, ჩვენ და ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციები, ვმუშაობთ იმისათვის, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს მიეცეთ იგივე შესაძლებლობები და საშუალებები, რომ ინტეგრირდნენ საზოგადოებაში, ინტეგრირდნენ შრომის ბაზარზე როგორც დანარჩენი ყველა მოქალაქე საქართველოში“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორის, საბინე მახლის განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა სოციალური დაცვის სისტემის გარდაქმნისთვის, რათა ის მეტად მორგებული იყოს შშმ პირებზე.
„სწორედ ამიტომ შევიკრიბეთ, საქართველოს მთავრობის, პარლამენტისა და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და პარტნიორებთან ერთად. ჩვენ ვმსჯელობთ, თუ როგორ შეგვიძლია შშმ პირთა მიმართ სამედიცინო მიდგომის, სოციალური მოდელით ჩანაცვლება. აღნიშნულ პროგრამაში განვიხილავთ, შშმ ბავშვთა ინტეგრაციის შესაძლებლობებს, რათა მათ შეძლონ სკოლაში სიარული, ასევე შშმ პირებმა შეძლონ მუშაობა და სამუშაო პროცესებში ჩართვა“, - განაცხადა გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა.
შეხვედრის მონაწილეებს ასევე მიმართა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებების საკითხებში ნიკოლოზ თათულაშვილმა, რომლის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ ბოლო წლებში ქმედითი ნაბიჯები გადადგა იმისთვის, რომ ქვეყანაში შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ, სხვადასხვა პარტნიორთან ერთად, გამოთქვა მზადყოფნა, მომავალშიც განაგრძოს საქართველოში შშმ პირთა სოციალური დაცვის სისტემის გარდაქმნის მხარდაჭერა.
ერთობლივი პროგრამა ხორციელდება გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA), გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women), ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO), გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR), საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და შშმ პირთა ორგანიზაციების მონაწილეობით.