საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე პირველი მოსმენით იმსჯელეს

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი განიხილა.
საქართველოს პარლამენტის წევრების: ბექა დავითულიანის, მაია ბითაძის, ირაკლი ზარქუას, სოზარ სუბარის, ირაკლი მეძმარიაშვილის, მაია მენაღარიშვილის, ქეთევან დუმბაძის, გიორგი ცაგარეიშვილის, ედიშერ თოლორაიასა და ვიქტორ ჯაფარიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტით სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის“ მოსაკრებლის განწილვადების ვადები იცვლება და 2025 წლის 1 იანვრამდე განისაზღვრება.
მოქმედი კანონმდებლობით მოსაკრებლის - „მოსაკრებელი სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის“, გადახდის განწილვადების შესაძლებლობის ვადა განსაზღვრული იყო არაუგვიანეს 2020 წლის 1 იანვარამდე.
კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის და საკითხს მომხსენებლის ბექა დავითულიანის განცხადებით, განწილვადების ვადის ამოწურვა აფერხებს შენობების ფუქციონირებას.
„ვიანიდან 2020 წელს დასრულდა მოსაკრებლის გადასახადის ვადები, თბილისში დარჩა დაახლოებით 20 კომპანია, რომელსაც აშენებული აქვს შენობა, მაგრამ დარჩენილი აქვს მოსაკრებლის გადასახადი, ამიტომ შენობებს ვერ ვიღებთ ექსპლუატაციაში. აქედან გამომდინარე, ზარალდება მოსახლეობა და გაჩერებულია შენობების ფუნქციონირება. გთავაზობთ 2025 წლამდე განწილვადობის შესაძლებლობა დავუტოვოთ თბილისის მუნიციპალიტეტს“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.
კომიტეტების წევრებმა წარმოდგენილ კანონპროექტს მხარი დაუჭირეს.