საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საბჭოს ფარგლებში თემატური მოკვლევა დაიწყო

საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საბჭოს ფარგლებში დაიწყო თემატური მოკვლევა თემაზე - „ქალების წვდომა ფინანსურ რესურსებზე“. თემატური მოკვლევის ხელმძღვანელი და მთავარი მომხსენებელია საქართველოს პარლამენტის წევრი ანა ნაცვლიშვილი.
თემატური მოკვლევის ჯგუფი შედგება სხვადასხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი დეპუტატებისაგან და ჯგუფს პირველად ხელმძღვანელობს საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი.
მოკვლევის მიზანია, აღმოიფხვრას არსებული ბარიერები და ქალებს გაუიოლდეთ სამეწარმეო - ფინანსურ რესურსებზე წვდომა. ამ მიზნით მოკვლევა ხელს შეუწყობს საქართველოს პარლამენტისთვის და სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის პოლიტიკის ინსტრუმენტების შექმნას.
„ქალები საქართველოში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ ოჯახების და საზოგადოების ეკონომიკური გადარჩენის საქმეში. თუმცა მათი შრომა ხშირად უხილავი, დაუფასებელი და დაუცველია. ამასთან, ქალებს გაცილებით უფრო შეზღუდული აქვთ წვდომა ეკონომიკურ რესურსებზე, საკუთარი ბიზნესის წამოწყების შესაძლებლობებზე, ვიდრე მამაკაცებს. თანასწორობა და სამართლიანი გარემო არ არსებობს ეკონომიკური თანასწორობის გარეშე. ჩვენი მიზანია, ხილული გავხადოთ ყველა ის ბარიერი, რაც ქალებს ხელს უშლის გახდნენ ეკონომიკურად აქტიურები და წარმატებულები, შევიმუშავოთ გამოსავლის გზები არსებული პრობლემებიდან და მივაღწიოთ ცვლილებებს, რაც ქალებს და ზოგადად ჩვენს საზოგადოებას სჭირდება ამ მიმართულებით. როგორც არაერთი ქვეყნის გამოცდილება აჩვენებს, ქალების ეკონომიკური გაძლიერებით ძლიერდება საზოგადოების უნარი ებრძოლოს სიღარიბეს, ძალადობას და უსამართლობას“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
ამ მიზნით თემატური მოკვლევის ფარგლებში შესწავლილი იქნება არსებული კანონმდებლობა, ინსტიტუციური ჩარჩო და პრაქტიკა, ასევე საერთაშორისო გამოცდილება, გაანალიზდება ქალი მეწარმეების და ფინანსური რესურსის გამცემი ორგანიზაციების გამოცდილებები საქართველოში, ექპსპერტების ჩართულობით მომზადდება რეკომენდაციები, რომელთა აღსრულებას ზედამხედველობას გაუწევს პარლამენტი. მოკვლევის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება თავად მეწარმე ქალებთან თბილისსა და საქართველოს რეგიონებში, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, დონორ ორგანიზაციებთან, საფინანსო სექტორთან.
მოკვლევის ფარგლებში პირველი გასვლითი შეხვედრა დაგეგმილია 9-10 აგვისტოს ამბროლაურში.
მოკვლევა ხორციელდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ასოცირების შესახებ შეთანხმების მხარდაჭერის პროექტის (AA Facility) და დემოკრატიის ეროვნული ინსტიტუტის და დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.