შალვა პაპუაშვილი: ჩვენმა საამაყო ძიუდოისტებმა განსაკუთრებული სიხარული მოგვანიჭეს - პირველად, შერეული გუნდი მსოფლიო ჩემპიონი გახდა და პირველი ქალი მსოფლიო ჩემპიონი გვყავს

„მივესალმები ძიუდოს ფედერაციის წარმომადგენლებს, სპორტსმენებს, ჩვენს საამაყო ძიუდოისტებს, რომელთაც არაერთხელ მოგვანიჭეს სიხარული, მაგრამ რაც ახლა განვიცადეთ, ეს განსაკუთრებული სიხარული იყო, ბევრი მიზეზის გამო. პირველად, შერეული გუნდი მსოფლიო ჩემპიონი გახდა. რაც ამ სფეროში შეჯიბრება არსებობს, სულ ერთი ქვეყანა - იაპონია იმარჯვებდა და ახლა გამარჯვება საქართველომ მოიპოვა. ჩვენ ასევე გვყავს პირველი ქალი მსოფლიო ჩემპიონი ძიუდოში“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების წევრების სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, სახელმწიფოს ჩართულობის გარეშე, მაღალი სპორტული შედეგების მიღწევა რთულია.
მისივე თქმით, სისტემური მიდგომით, სპორტსმენების მომზადება წლების განმავლობაში მიმდინარეობდა, რამაც არა მხოლოდ ცალკეული ძიუდოისტის, არამედ გუნდის და მთლიანად ფედერაციის წარმატება მოგვიტანა.
„ბევრი ქვეყანაა, რომელიც შესაძლოა ჩვენზე მეტ ინვესტიციას დებს ძიუდოში, მაგრამ ასეთ შედეგს ვერ აღწევს. ნიჭის, ძალის, ენერგიის და ინტელექტის ინვესტიციაა ამ სფეროში და საბოლოოდ, ასეთ წარმატებას მივაღწიეთ. ეს სიხარული ყველასთვის გადამდებია - როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, გადამდებია ყველა ბავშვისთვის, რომელიც უყურებს სპორტსმენების მიერ მიღწეულ შედეგებს და შემდეგ სპორტის ამ სახეობით ინტერესდება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს: საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლები და სპორტსმენები.