შალვა პაპუაშვილი: დადგება დღე, როდესაც ჩვენს აფხაზ დებთან და ძმებთან ერთად გავაგრძელებთ სულიერ და კულტურულ განვითარებას

„საქართველოში გვყავს თაობა, რომელიც აფხაზეთში ცხოვრობდა, გვყავს თაობა, რომელსაც აფხაზეთი მოკლე მონაკვეთებით ახსოვს და გვყავს თაობა, რომელსაც აფხაზეთი არც უნახავს და ამიტომ, ასეთი ტიპის ღონისძიებები განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების გამოფენაზე - „ფერები აფხაზეთიდან“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილე გიორგი ვოლსკის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ღონისძიების ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, აფხაზ თანამოქალაქეებთან კავშირი უნდა შენარჩუნდეს, რათა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ, სხვადასხვა მიმართულებით განვითარება აქტიურად დაიწყოს.
„ასეთი ღონისძიების გამართვა და ზოგადად, ამ მიმართულების შენარჩუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რათა შენარჩუნდეს ის ნაპერწკალი, რომ როდესაც დადგება ჩვენი აფხაზ დებთან და ძმებთან ერთიანობის დღე, ამ ნაპერწკლიდან აინთოს სულიერი და კულტურული განვითარების ცეცხლი, რაც ყოველთვის ახასიათებდა აფხაზეთს. გამოფენა თემატურადაც მნიშვნელოვანია - ასახულია აფხაზეთთან დაკავშირებული მოგონებები, ემოცია და ფერები. საქართველოს პარლამენტის სახელით, ვუდასტურებ სრულ მხარდაჭერას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
შალვა პაპუაშვილის თქმით, აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების გამოფენა მნიშვნელოვანია საქართველოს დამოუკიდებლობის დღის კონტექსტშიც, რომელსაც ქვეყანა 26 მაისს აღნიშნავს.
სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ. მისი თქმით, აფხაზეთში უდიდესი ინტელექტუალური პოტენციალია და ეს მიმართულება წარმოჩენილი უნდა იყოს.
„მადლობა ღონისძიების ორგანიზატორებს და მათ, ვინც ეს ნამუშევრები შექმნა, ვინც გულით აფხაზეთშია და თავისი ყოველდღიურობით მოგვიწოდებს, გვახსოვდეს აფხაზეთი. შეიძლება, დღევანდელი გამოფენა მცირეა, მაგრამ ტენდენციაა პოზიტიური. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ სამინისტრო, თუ საჭიროა ჩვენთან ერთად, დაფიქრდეს ხელოვანების მომავალშიც არაერთხელ შეკრებაზე. ჩვენ დავბრუნდებით აფხაზეთში, მთავარია, გვიყვარდეს ერთმანეთი და ჩვენი სამშობლო“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძემ საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად განვლილი გზის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ თანასწორუფლებიანობის პრინციპზე დაყრდნობით აფხაზ თანამოქალაქეებთან ერთობლივი განვითარება რეინტეგრაციისა და დეოკუპაციის მთავარი ღერძი უნდა იყოს.
„არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი თანამოქალაქეების ბედი, რომლებსაც საკუთარი სახლების დატოვება მოუწიათ. ხელოვნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმაა იმისთვის, რომ მათ საკუთარი ტკივილის გაზიარების შესაძლებლობა მიეცეთ. დღევანდელი გამოფენაც სწორედ ერთ-ერთი ასეთი საშუალებაა. წარმოდგენილი ნამუშევრების ავტორებს აფხაზეთთან პირადი ისტორიები აკავშირებთ. ფერებით პეიზაჟების და ემოციების გახსენება მხატვრისთვის ერთგვარი გზაა მისი წილი აფხაზეთის დასაბრუნებლად. ეს არის ჩვენი საერთო წარსული, რომელიც, ვფიქრობ, საჭიროებს სათანადო გააზრებას და შეფასებას. თქვენი ნახატები მივიწყებული ემოციების გამოღვიძებაა“, - განაცხადა კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ.