შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე, „საქართველოს პარლამენტის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტი წარადგინა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე „საქართველოს პარლამენტის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტი წარადგინა.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, 2027-2029 წლებისთვის ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის ფარგლებში, პარლამენტის 2027 წლის ბიუჯეტის საერთო საპროგნოზო მოცულობა განსაზღვრა 102 მილიონი ლარით, თუმცა, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ 2026 წლის ბიუჯეტიდან ამოღებულ იქნა პარლამენტში არ შემოსული პარლამენტის 49 წევრის ხელფასი, 2027 წლის პროექტში პარლამენტის ბიუჯეტი 10,46 მილიონი ლარით შემცირდა და მომავლი წლის ბიუჯეტი 91,54 მილიონი ლარის ოდენობით განისაზღვრა.
პარლამენტის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტით მომუშავეთა რიცხოვნობა 708 ერთეულს შეადგენს.
შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის წევრებს ეკონომიკური მუხლების მონაცემები გააცნო.
„შრომის ანაზღაურების“ მუხლი 45,8 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც წლევანდელ ბიუჯეტთან შედარებით 300 ათასი ლარით ნაკლებია.
„საქონელისა და მომსახურების" მუხლი, არსებული ტენდენციის გათვალისწინებით, 0,8 მილიონი ლარით არის გაზრდილი და 34 მილიონ ლარს შეადგენს.
„გრანტების“ მუხლი უცვლელია და 150 ათასს ლარს შეადგენს. „სოციალური უზრუნველყოფის“ მუხლშიც თანხა 900 ათას ლარს შეადგენს.
„სხვა ხარჯების“ მუხლში თანხა 4,5 მლნ ლარს შეადგენს და წლევანდელ ბიუჯეტთან შედარებით ეს მონაცემი 157 ათასი ლარითაა გაზრდილი, რაც დაკავშირებულია ჯანმრთელობის დაზღვევის მომსახურების ფასების ზრდასთან.
რაც შეეხება „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლს, 2027 წლისთვის 6 მილიონი ლარია გათვალისწინებული.
