ირმა ინაშვილი საქართველოში შვედეთის სამეფოს საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ირმა ინაშვილი საქართველოში შვედეთის სამეფოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, ერიკ სალმგრენ ვონ შანცს და ელჩის ეკონომიკური მრჩევლის თანაშემწეს, გუსტავ ლოფგრენს შეხვდა.
შეხვედრაზე შვედი დიპლომატი „პატრიოტთა ალიანსის“ პოლიტიკური ხედვებით, ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს ინტეგრაციასთან დაკავშირებით და ზოგადად, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე პარლამენტის წევრის შეფასებებით დაინტერესდა.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ საელჩოს წარმომადგენლებს „პატრიოტთა ალიანსის“ პოლიტიკური ორიენტირები გააცნო და აღნიშნა, რომ პარტია ზომიერად კონსერვატიურ-ცენტრისტულ პოზიციას იკავებს და პარტიის ვექტორს ევროკავშირის სტრუქტურებში და ნატოში ინტეგრაცია წარმოადგენს. მისივე განცხადებით, „პატრიოტთა ალიანსი“ საქართველო-ნატო-რუსეთის სამხრივი ურთიერთობების პლატფორმის შექმნის ინიციატორია, რომლის მიზანსაც სამმხრივი ფორმატის დიალოგის და კონსულტაციების გამართვა წარმოადგენს, რაც თავის მხრივ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და ევროპულ ინსტიტუტებთან ქვეყნის ინტეგრაციას შეუწყობს ხელს.