
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის უფროს მრჩეველს სამხრეთ კავკასიაში ვლადიმირ შკოლნიკოვს და ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენელს საქართველოში ბესარიონ ბოხაშვილს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს კომიტეტისა და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარიატის თანამშრომლობის კარგ გამოცდილებაზე და მის ფარგლებში მომზადებულ ერთობლივ პროდუქტებზე.
მიხეილ სარჯველაძემ ყურადღება გაამახვილა კომიტეტის პრიორიტეტებზე და საგაზაფხულო სესიის ფარგლებში დაგეგმილ საქმიანობაზე, ასევე მადლობა გადაუხადა სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში გაწეული დახმარებისთვის.
თავის მხრივ, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლებმა წარმოადგინეს წინადადებები, სადაც ხედავენ კომიტეტის აქტიურ ჩართულობას, მათ სამომავლო საქმიანობასთან დაკავშირებით.
განხილული იქნა აგრეთვე სამომავლო თანამშრომლობის სხვა საკითხებიც.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა დაადასტურეს ურთიერთთანამშრომლობის გაგრძელებისა და განვითარებისთვის საჭირო ორმხრივი მზაობა და სურვილი.