
აგროდაზღვევის საკითხებს მიეძღვნა შეხვედრა, რომელიც აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიგლა აგულაშვილმა დღეს სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებთან სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციაში გამართა.
აგრარულ საკითხთა კომიტეტმა შესაბამისი დარგისა და სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად აგროდაზღვევის კონცეფციაზე მუშაობა ამ რამდენიმე თვის წინათ დაიწყო და ამ თემაზე რამდენიმე სამუშაო შეხვედრა უკვე გაიმართა.
სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ აგროდაზღვევა სოფლის მეურნეობის განვითარების ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტია. გიგლა აგულაშვილის განცხადებით, ისე მოხდა, რომ დღემდე, ქვეყნის დამოუკიდებლობის მთელი პერიოდის განმავლობაში, დაზღვევის სექტორმა და ფერმერმა, სამწუხაროდ, ერთმანეთი “ვერ იპოვეს” და იმ კონცეფციით, რომელზეც სპეციალისტები მუშაობენ, ეს გაუცხოება უნდა მოისპოს.
“ჩვენ უკვე შევთანხმდით იმაზე, რომ სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიული გეგმის ერთ-ერთი ნაწილი არის დაზღვევის სექტორის განვითარება - ფერმერებისთვის აგროდაზღვევის სერვისის შეთავაზება ორმხრივ სასარგებლო პირობებზე. ეს კონცეფცია, რომელზეც ვმუშაობთ, გულისხმობს სამი ძირითადი მოთამაშის თანამშრომლობას – ერთი მხრივ ეს არის ფერმერი, მეორე მხრივ - სადაზღვევო დაწესებულებები და მესამე – სახელმწიფო. სახელმწიფოს როლი არის როგორც მასტიმულირებლისა ფერმერსა და სადაზღვევო აგენტებს შორის, იმისათვის, რომ ეს პროცესი ჯანსაღად წარიმართოს”, - განაცხადა გიგლა აგულაშვილმა. მისი თქმით, ამ ეტაპზე სწორედ იმაზე მუშაობენ, თუ რამდენად პროაქტიური შეიძლება იყოს სახელმწიფოს როლი კონცეფციის მიხედვით, რომ სოფლის მეურნეობაში დაზღვევის პროცესი რაც შეიძლება ნორმალურად წარიმართოს.
კონცეფციას ფართო საზოგადოების სამსჯავროზე, სავარაუდოდ, მარტის ბოლოს გამოიტანენ. განხილვები გაიმართება სპეციალისტების, ექსპერტების, ფერმერების, კანონმდებლების, დაინტერესებული პირების მონაწილეობით. მხოლოდ ამის შემდეგ ჩამოყალიბდებიან კანონპროექტის საბოლოო ვერსიაზე, რომლის ინიცირებაც პარლამენტში მოხდება.