
ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის დელეგატი ანტონ ობოლაშვილი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არალის საჯარო სკოლის მოსწავლეებს და პედაგოგებს შეხვდა. დეპუტატმა მოსწავლეებს პარლამენტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო და სასკოლო რეფორმის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა. მოსწავლეებმა იმ საჭიროებებსა და საკითხებზე ისაუბრეს, რომელიც არალის სკოლის წინაშე დგას. საუბარი შეეხო სკოლის ინფრასტრუქტურას, კვების ობიექტისა და სასკოლო ლაბორატორიის გახსნის მნიშვნელობას და სპორტული ინვენტარის განახლებას.
„სკოლას მთელი რიგი საჭიროებები აქვს, რომლებიც გამართულ საგანმანათლებლო პროცესს უკავშირდება. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ვისაუბრებთ და სკოლის ადმინისტრაციას კონკრეტული გადაწყვეტილებებით დავუბრუნდებით“, - განაცხადა ანტონ ობოლაშვილმა.