
ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ბაია კვიციანი გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს საქართველოში, იესპერ მოლერს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა ბავშვთა დაცვის სფეროში საქართველოში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები დასახეს.
„განვსაზღვრეთ საკითხთა წრე, რომელზეც ერთობლივად ვიმუშავებთ. ერთიან ძალისხმევას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რათა თითოეულ ბავშვს მივცეთ თანაბარი შესაძლებლობა როგორც ჯანდაცვაზე, ასევე განათლებაზე და, ზოგადად, მათი უფლებების დაცვაზე. ფონდის წარმომადგენლებმა დახმარებისთვის მზადყოფნა გამოხატეს“, - განაცხადა ბაია კვიციანმა შეხვედრის შემდეგ.
მისივე თქმით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ოჯახების გაძლიერების მუნიციპალურ პროგრამებზე, რომელსაც UNICEF-ი ათ მუნიციპალიტეტში ახორციელებს.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ბავშვთა მიმართ ძალადობის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის მოდელზე და ამ საკითხთან დაკავშირებით დანერგილი პრაქტიკის გაფართოების თაობაზე.
როგორც ბაია კვიციანმა აღნიშნა, ფონდის წარმომადგენლები საპარლამენტო საბჭოს ასევე დაეხმარებიან სამოქმედო გეგმის ინდიკატორების ეფექტურობასთან დაკავშირებით მონიტორინგის განხორციელებაში.