
„დიასპორული მიმართულება აღმოჩნდა საგარეო საქმეთა სამინისტროს წიაღში. ამან განსაკუთრებით დიდი როლი ითამაშა პანდემიის პერიოდში და ხელი შეუწყო, რომ უცხოეთში მცხოვრებმა ჩვენმა თანამემამულეებმა იგრძნეს - მათ მფარველობს სახელმწიფო და ეს არ არის ლიტონი სიტყვები. ეს უზრუნველყო საგარეო საქმეთა სამინისტრომ და დიპლომატიურმა კორპუსმა“, - ამის შესახებ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეხვედრაზე, „ელჩების კონფერენცია 2022” განაცხადა.
ბექა ოდიშარიამ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, დიასპორა არის ქართული ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი მაგენერირებელი და მისი წვლილი და შენატანი ყოველწლიურად იზრდება.
როგორც ბექა ოდიშარიამ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ წარმატებულმა ქართველმა დიასპორელებმა საქართველოში ინვესტიციები განახორციელონ და ამ საქმეში საქართველოს დიპლომატიური კორპუსის როლი განსაკუთრებით დიდია.
„ბოლო წელიწადში ჩვენ მოვახერხეთ, რომ რამდენიმე პლატფორმის მეშვეობით, დავუკავშირდით ათასობით ახალგაზრდა დიასპორელს. პრემიერ-მინისტრთან ერთად, ჩვენ შევთანხმდით, რომ უნდა მოვიწვიოთ წარმატებული ბიზნესმენები. საგარეო საქმეთა სამინისტროს, ელჩების და დიპლომატიური კორპუსის როლი აქ განუზომელია“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრება - „ელჩების კონფერენცია 2022“ დღეს გაიხსნა.
ქართველ დიპლომატებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.