
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი საერთაშორისო შეთანხმებების თაობაზე იმსჯელა.
„საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“ ნოტების გაცვლის გზით დადებული შეთანხმების ფარგლებში, რომელიც საქართველოსა და გერმანიას შორის გამართულ სამთავრობო მოლაპარაკებებსა და კონსულტაციებს ეფუძნება, გერმანიის მთავრობის მიერ საქართველოსათვის გამოყოფილი იქნება არაუმეტეს 2 მლნ 100 ათასი ევრო რომელიც ორ კომპონენტადაა გაყოფილი. ერთი კომპონენტია შესწავლა (300 ათასი ევრო), და მეორე - ამ შესწავლის საფუძველზე შეიქმნება კონცეფცია საქართველოს რეგიონებში მდგრადი ურბანული განვითარებისთვის (1 მლნ 800 ათასი ევრო). პროექტის მიხედვით შერჩეული ქალაქების განვითარებისთვის განისაზღვრება ინდივიდუალური საჭიროებები და მიმართულებები. პროექტის მოქმედების ვადად განსაზღვრულია 2023 წლის თებერვალი - 2025 წლის 1 იანვრის პერიოდი.
კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა ასევე განიხილეს „საქართველოს მთავრობასა და თურქმენეთის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმება, რომელიც დამსწრეთ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა გააცნო.
შეთანხმება ითვალისწინებს მხარეთა მიერ დანიშნულ ავიაგადამზიდავებს შორის სხვადასხვა სახის კომერციული შეთანხმების დადებას, მათ შორის ზიარ-კოდის გამოყენებას, რაც ნიშნავს ერთი რეისის შეთანხმებულად გამოყენებას ორი ან მეტი ავიაკომპანიის მიერ, სადაც ერთი გადამზიდველი წარმოადგენს მარკეტინგულ ავიაგადმზიდველს, ხოო მეორე კომპანია - ოპერატორს. შეთანხმებით რეგულირდება ასევე ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა ფრენის უსაფრთხოება და საავიაციო უშიშროება. როგორც მარაიამ ქვრივიშვილმა განმარტა, საქართველოს მსგავსი შეთანხმება გაფორმებული აქვს მრავალ პარტნიორ ქვეყანასთან.
„ახალი შეთანხმება ხელს შეუწყობს საქართველოსა და თურქმენეთს შორის რეგულარული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვების განხორციელებისას მომსახურების პირობების ამაღლებას და თავისუფალი კონკურენციისა და ტურიზმის განვითარებას“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილი შეთანხმებების რატიფიცირებას.