საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

დავით უსუფაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრობის კანდიდატი წარადგინა

თავმჯდომარე 05 სექტემბერი 2016
დავით უსუფაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრობის კანდიდატი წარადგინა

პარლამენტის თავმჯდომარემ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე, კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტის, პროფესორ ზაზა რუხაძის კანდიდატურა წარადგინა. 

„მე, როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ვისარგებლე ჩემი უფლებით და საზოგადოებას საკონსტიტუციო სასამართლოში იმ ვაკანტურ თანამდებობაზე, რომელიც თვის ბოლოს გაჩნდება და ის მოსამართლე დანიშნულია საქართველოს პარლამენტის მიერ, წარვადგინე კონსტიტუციური სამართლის ცნობილი სპეციალისტის, პროფესორ ზაზა რუხაძის კანდიდატურა.

ზაზა რუხაძე გახლავთ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სოციალურ და სამართლებრივ მეცნიერებათა სკოლის დეკანი. იგი მოღვაწეობდა ტექნიკურ უნივერსიტეტში, ბათუმის უნივერსიტეტში. არის მრავალი წიგნის ავტორი კონსტიტუციურ სამართალში, დემოკრატიული მმართველობის საკითხებზე ბევრს მუშაობდა. იყო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე 2001-2003 წლებში. იგი არის ძალიან გამოცდილი კონსტიტუციონალისტი, თეორეტიკოსი და პრაქტიკოსი, წესიერი და პრინციპული ადამიანი. დღევანდელ საკონსტიტუციო სასამართლოს სწორედ ასეთი პიროვნება სჭირდება, რადგან იგი დაუყოვნებლივ შველას საჭიროებს“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მისივე შეფასებით, ზაზა რუხაძე იქნება ერთ-ერთი ის მოსამართლე, რომელიც სხვა კოლეგებთან ერთად საკონსტიტუციო სასამართლოს ფეხზე დააყენებს. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, იგი ასევე დარწმუნებულია და სჯერა, რომ საქართველოს პრეზიდენტი და უზენაესი სასამართლო თავიანთი კვოტებით ძალიან მალე სამ მოსამართლეს დანიშნავენ, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს სრულყოფილად მუშაობის საშუალებას მისცემს.

პარლამენტის თავმჯდომარემ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის არჩევის პროცედურებიც განმარტა და განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტს არა მხოლოდ უფლება აქვს საკონსტიტუციო სასამართლოში სამი მოსამართლის დანიშვნის და ამ კონკრეტულ შემთხვევაში ერთის დანიშვნის, არამედ, ეს მისი ვალდებულებაა.

„საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია მიიღოს ასეთი გადაწყვეტილებები არჩევნებამდე ნებისმიერ დროს, ეს, ცხადია, მოხდება იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი შეიკრიბება და ექნება გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა. ამასთანავე, თუ არ დავნიშნეთ სასამართლოს წევრი, მაშინ ეს ორგანო პარალიზებული იქნება. ამიტომ მინდა ვისურვო, რომ საქართველოს პარლამენტის დღევანდელ შემადგენლობას ექნება ამისი შესაძლებლობა და პასუხისმგებლობა. მე პირადად ყველაფერს ვიღონებ, რომ შედგეს სხდომა და თუ ვერ შედგა, მაშინ ეს საკითხი მომავალი პარლამენტის განსახილველი იქნება“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.