
დეპუტატი კონსტანტინე გამსახურდია მხარს უჭერს საქართველოს საპატრიარქოს ინიციატივას ახალი კანონის შემოღებასთან დაკავშირებით. მის თქმით, კანონი მორწმუნე ინდივიდებისა და რელიგიური ჯგუფების ინტერესების და მათი რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფის მიყენებისგან დაიცავს.
კონსტანტინე გამსახურდიამ აღნიშნა, რომ მსგავსი კანონის შემოღების აუცილებლობა ილიას უნივერსიტეტში მოწყობილი სკანდალური წიგნის პრეზენტაციამ და მის შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო. "საქართველოს კანონმდებლობით გარკვეულ შემთხვევებში იზღუდება აზრის თავისუფალი გამოხატვა. ასევე, იკრძალება უხამსობის გავრცელება. აქ წინა პლანზე საზოგადოების ინტერესი, მშვიდობა და დემოკრატია გამოდის. მიუხედავად ამისა, აუცილებელია ახალი კანონის მიღება, რომელიც გამორიცხავს საზოგადოებაში დაპირისპირებისა და დაძაბულობის გაჩენას", – განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ.
დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ უხამსობა და მორწმუნეების რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა არ უნდა მიმდინარეობდეს საშუალო და უმაღლეს სკოლებში და ამ სკოლების ხელმძღვანელები ხელს არ უნდა უწყობდნენ უხამსობის პროპაგანდას.
კონსტანტინე გამსახურდიამ განაცხადა, რომ კანონპროექტის შემუშვებასთან დაკავშირებით აპირებს დაუკავშირდეს როგორც საპარლამენტო უმრავლესობას და უმცირესობას, ასევე არასაპარლამენტო პარტიებს.