
ბათუმში „ქართველთა მსოფლიო ცენტრის - მუზეუმ-კომპლექსის“ დაფუძნების ინიციატივით გამოდის საერთაშორისო არასამთავრობო, ჰუმანიტარულ-საქველმოქმედო ორგანიზაცია "მომავალი“, რომლის პრეზიდენტს ზაურ გოგიტიძეს და სხვა წარმომადგენლებს დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გუბაზ სანიკიძე დღეს პარლამენტში შეხვდა.
აღნიშნული ცენტრის მიზანია უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა შორის ეროვნული თვითშეგნების შენარჩუნება და ერთიან ეროვნულ სივრცეში მათი ინტეგრაცია.
საერთაშორისო არასამთავრობო, ჰუმანიტარულ-საქველმოქმედო ორგანიზაცია "მომავლის“ ინიციატივა მოიწონეს და მხარდაჭერა გამოუცხადეს თურქეთის რესპუბლიკის სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებმა ქართველთა შთამომავლებმა და თურქეთში დროებით მცხოვრებმა ქართველებმა, რის თაობაზე მათ ამ ცოტა ხნის წინათ საქართველოს პარლამენტსაც მიმართეს.
აღნიშნული ორგანიზაციის პრეზიდენტ ზაურ გოგიტიძის განცხადებით, ცენტრი იქნება როგორც კულტურული, სამეცნიერო, საგანმანათლებლო, ეკონომიკური თუ სხვა სახის შეხვედრების ადგილი, რომლის მიზანს საქართველოდან ადრეულ თუ თანამედროვე პერიოდში წასულ ქართველთა, სხვადასხვა ეროვნების პირთა, მათ შთამომავალთა სამშობლოსთან დაახლოება წარმოადგენს.
„ისტორიული ქარტეხილების შედეგად მილიონობით ქართველი, საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეროვნების ადამიანი, მათი შთამომავლობა სამშობლოს მოწყდა და ჩვენი პლანეტის სხვადასხვა კუთხეში აღმოჩნდა. აქედან გამომდინარე, ცენტრის უმთავრესი მისიაა -საქართველოსთან მათი მჭიდრო დაახლოებისათვის ხელშეწყობა, ურთიერთკავშირების დამყარება, სხვადასხვა ერთობლივი პროგრამებისა და პროექტების განხორციელება“, - განაცხადა "მომავლის“ პრეზიდენტმა.
როგორც გუბაზ სანიკიძემ განაცხადა, აღნიშნული იდეა ძალიან მნიშვნელოვანი და მოსაწონია და კომიტეტის საქმიანობის მიმართულებიდან გამომდინარე, მხარს დაუჭერს ყველა ინიციატივას და წამოწყებას, რომელიც დაკავშირებული იქნება უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა თვითშეგნების შენარჩუნებასა და მათი ერთიან ეროვნულ სივრცეში ინტეგრაციასთან.
გუბაზ სანიკიძემ სტუმრებს აღუთქვა, რომ კომიტეტი შესაძლებლობის ფარგლებში მონაწილეობას მიიღებს აღნიშნული პროექტის განხორციელებაში, რითაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ქართველების დაახლოებას და გაერთიანებას, კულტურულ, სამეცნიერო და საგანმანათლებლო სფეროში თანამშრომლობას, ერთობლივი ბიზნეს-პროექტების განხორციელებას.