
გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გუბაზ სანიკიძემ სამოქალაქო თანხმობის და კონფლიქტის დარეგულირების საკითხებში აფხაზეთის ა/რ მინისტრთან, ლელა გულედანთან. კომიტეტის თავმჯდომარე ახლადშექმნილი სამინისტროს ფუნქციებით და ამოცანებით დაინტერესდა.
როგორც ლელა გულედანმა აღნიშნა, სამინისტრო უზრუნველყოფს აფხაზეთში სამოქალაქო თანხმობისა და კონფლიქტების დარეგულირების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებას და განხორციელებას; დარეგულირების პროცესში სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო სექტორის ჩართულობას; ოკუპირებული აფხაზეთის მიმართ არაღიარების სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებისთვის ხელშეწყობას; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოსათვის აფხაზეთში სამოქალაქო თანხმობისა და კონფლიქტის დარეგულირების სფეროში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული რეკომენდაციებისა და წინადადებების წარდგენას. მისივე თქმით, სამინისტრო საქართველოს მთავრობის შესაბამისი უწყებების კოორდინაციით, უზრუნველყოფს ქართული დიასპორების წარმომადგენლებთან მჭიდრო კავშირის დამყარებასა და მათ ჩართულობას სახალხო დიპლომატიის განხორციელების პროცესში და კონფლიქტის დარეგულირების საკითხთან დაკავშირებით საზოგადოების მუდმივ ინფორმირებულობას.
„აუცილებელი იყო აფხაზეთის მთავრობას ეს სტრუქტურა ჰქონოდა. ჩვენ გვექნება კოორდინაცია და გარკვეულ მიმართულებებზე ინფორმაციების გაცვლას მოვახდენთ. დიასპორის მიმართულებით უნდა გააქტიურდეს ერთობლივი მუშაობა. თუ კომიტეტს სხვადასხვა ქვეყნებში ექნება ვიზიტები, ამას სამინისტროსთან ერთად დავგეგმავთ. ქვეყნის გარეთ აფხაზებს და ქართველებს კარგი ურთიერთობა აქვთ. ბევრგან მათ საერთო დიასპორაც კი აქვთ შექმნილი. ეს არის ძალიან საინტერესო და სასიამოვნო კანონზომიერება. ამიტომ ჩვენ აუცილებლად ვითანამშრომლებთ“, - აღნიშნა შეხვედრაზე გუბაზ სანიკიძემ.