საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გუბაზ სანიკიძემ ჩერქეზული კულტურის ცენტრის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

მედია და საზოგადოება 16 ოქტომბერი 2013

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში „ჩერქეზული კულტურის ცენტრმა“ მამუკა გოგიტიძის წიგნის „ჩერქეზი სამხედრო მოღვაწეები“ პრეზენტაცია გამართა, რომელიც ყაბარდო - ბალყარეთის საზოგადოებრივი მოძრაობა „ჰასეს“ ხელმძღვანელის იბრაჰიმ იაგანოვის 50 წლის იუბილეს მიეძღვნა.

როგორც ავტორმა აღნიშნა, წიგნში ჩერქეზი ხალხის ისტორია, მამაცობა და კულტურაა აღწერილი. ის რუსულად გამოიცა იმისთვის, რომ უფრო ხელმისაწვდომი იყოს როგორც ჩრდილოეთ კავკასიაში, ისე საზღვარაგრეთ მცხოვრები ჩერქეზი დიასპორისთვის. „ჩვენი და ჩერქეზი ხალხის ურთიერთობა რამდენიმე ათასწლეულს მოიცავს. მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ გვაქვს გენეტიკური, კულტურული, პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობა. ბოლო 2 ათეული წლის განმავლობაში კავკასიის ქედს გადაღმა და გადმოღმა ისე განვითარდა მოვლენები, რომ ჩვენ ერთმანეთის გაუცხოებისა და მივიწყების გზაზე დავდექით. რაც უფრო მალე დავივიწყებთ წყენას, მით უკეთესი იქნება როგორც ჩვენთვის და ჩერქეზებისთვის და ისე საერთოდ, მთელი კავკასიისთვის“, – აღნიშნა მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გუბაზ სანიკიძემ. მან იუბილარს დაბადების დღე მიულოცა და ამ წიგნის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. ღონისძიებაზე სტუმრებმა ქართულ-ჩერქეზული ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ურთიერთობების გასაღრმავებლად საჭიროა სხვადასხვა კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიების განხორციელბა. დღევანდელ პრეზენტაციას ესწრებოდნენ სტუმრები ყაბარდო - ბალყარეთის რესპუბლიკიდან, ჩერქეზული დიასპორის წარმომადგენლები იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოდან, თსუ–ს და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტების კავკასიოლოგი პროფესორები, სტუდენტები და სხვა სტუმრები.