საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

ეკა ბესელიამ და გედევან ფოფხაძემ მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელეს

მედია და საზოგადოება 16 დეკემბერი 2017
ეკა ბესელიამ და გედევან ფოფხაძემ მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელეს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გედევან ფოფხაძე დღეს „კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" წარმომადგენლებს შეხვდნენ.

სამუშაო ფორმატის შეხვედრაზე მართლმსაჯულების რეფორმის შესახებ ისაუბრეს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ინფორმაციით, რეფორმის მეოთხე ტალღის ფარგლებში ცვლილებები დაგეგმილია სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, იუსიტიციის უმაღლესი საბჭოსა და იუსტიციის სკოლასთან დაკავშირებით.

შეხვედრაზე ისაუბრეს, ასევე, იმ სამუშაო გეგმაზე, რომელიც მომავალი წლიდან ამ რეფორმის გაგრძელებას გულისხმობს.

„კომიტეტში შქმნილია სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ხელისუფლების სამივე შტოა ჩართული - საკანონმდებლო, სასამართლო და აღმასრულებელი ხელისუფლება და, ასევე, რამდენიმე საერთაშორისო, ჩვენი პარტნიორი დონორი ორგანიზაცია. ამ ეტაპზე, ამ ფორმატში ჩვენ ვმუშაობთ ოთხ საკითხზე. ეს არის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხები, ასევე საქმეთა განხილვის დაჩქარება და საქმეთა ნაკადის მართვა. ამ მიმართულებით უკვე მომზადებულია პირველი პროექტი, რომელიც ეხება სამოქალაქო და ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებებს. ეს ცვლილებები მოსამართლეებს დაეხმარება, რომ უფრო სწრაფად განიხილონ საქმეები. ასევე ვმუშაობთ იუსტიციის საბჭოსა და იუსტიციის უმაღლესი სკოლის საკითხებზე. ძალიან დიდი ინტერესია ამ რეფორმის მიმართ“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის განცხადებით, მნიშვნელოვანია გატარდეს რეფორმა და შეიცვალოს კანონმდებლობა, რომელიც უკავშირდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მუშაობის რეგლამენტს, იუსტიციის სკოლასა და მოსამართლეების სკოლას, მოსამართლეების დანიშვნის წესსა და დისციპლინურ პასუხისმგებლობას.