
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ჯულიენ კრამპი და ამერიკის საელჩოს პოლიტიკური ოფიცერი ევან ელიოტი საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებს „გირჩს“ და „რეფორმების ჯგუფს“ შეხვდნენ.
შეხვედრაზე ევროკავშირის 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს.
„გვქონდა კითხვები ევროკავშირის პოზიციაზე, ევროინტეგრაციის პროცესზე. განვიხილეთ ყველა ის საკითხი, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება. გავაცანით ჩვენი პოლიტიკური ჯგუფის ხედვები კონკრეტულ პრობლემებზე, ვისაუბრეთ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესზე“, - განაცხადა პოლიტიკური ჯგუფი „გირჩის“ წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
„სტუმრები დაინტერესდნენ, რატომ და რა არგუმენტებით არ ვართ ჩართული ძირითად პროცესში, რატომ არსებობს პარალელური პროცესი და როგორ ვხედავთ ამ პროცესების შეერთებას, გაერთიანებას უკვე საკომიტეტო მოსმენებზე, სადაც წარდგენილი იქნება როგორც „ქართული ოცნების“ სამუშაო ჯგუფებიდან კონკრეტული ინიციატივებით შემუშავებული, ასევე ოპოზიციის მხრიდან შემუშავებული საკანონმდებლო პროექტები. ჩვენი პარტნიორების ინტერესებშია მაქსიმალურად შესრულდეს 12-ვე პუნქტი და ქვეყანამ შეძლოს სტატუსის მიღება. ისინი ამ პროცესს დააკვირდებიან და ეცდებიან მხარი დაუჭირონ ყველას, ვინც ამ პროცესში მიიღებს მონაწილეობას“, - განაცხადა „რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ.
როგორც ჯულიენ კრამპმა აღნიშნა, 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაში მნიშვნელოვანია ჩართული იყოს როგორც სახელისუფლებო გუნდი, ასევე ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოება.
„ბოლო ორი კვირის განმავლობაში რამდენიმე შეხვედრა გვქონდა როგორც მმართველი პარტიის, ასევე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან. განვიხილავდით პარლამენტში რეფორმების პროცესს და, კერძოდ, ძალისხმევას სასამართლო სისტემის, საარჩევნო კოდექსის რეფორმებთან მიმართებაში და სხვა ასპექტებს 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით, რომლებიც ივნისში წარადგინა ევროკომისიამ და რეკომენდაცია ევროპულმა საბჭომ გაუწია. რაც შეეხება პროცესს, ოპოზიციური პარტიების და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით პარლამენტში მუშაობისკენ, ჩართულობისკენ მოვუწოდებთ. შინაარსობრივი კუთხით მივმართავთ ასოცირების დღის წესრიგს, რომელზეც ევროკავშირი და საქართველო ოფიციალურად ორი დღის წინ შეთანხმდნენ; ამ დოკუმენტში მოცემულია რიგი ძირითადი პრიორიტეტებისა. ასევე ვეყრდნობით ეუთო/ოდირის და ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის წინა რეკომენდაციებს სასამართლო სისტემის და საარჩევნო რეფორმის სფეროში, რომლებიც ჩვენთვის თანაბრად მნიშვნელოვანია. აგრეთვე მოვიხსენიეთ ამ ორი ინსტიტუტის, ეუთო/ოდირის და ვენეციის კომისიის შეთავაზებები, საქართველოსთვის შემდგომი მხარდაჭერის გაწევასთან დაკავშირებით, რაც ასევე მოიცავს კანონპროექტების განხილვას და მოვუწოდეთ ყველას, რომ ეს შესაძლებლობა გამოიყენონ. რეფორმებზე მუშაობა ძალზე მნიშვნელოვანია 12 პრიორიტეტის კონტექსტში, ამიტომ ევროკავშირის წარმომადგენლობა კვლავ იქნება ჩართული და გააგრძელებს შეხვედრებს ყველა დაინტერესებულ მხარესთან“, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ჯულიენ კრამპმა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.