
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაცია, მაისში, რიგაში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი და ამ სამიტთან დაკავშირებული მოლოდინები, ასევე, სამიტის წინ ჩვენი ქვეყნის და პარლამენტის წინაშე მდგარ ამოცანებზე ისაუბრეს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, თინათინ ხიდაშელისა და ევროკავშირის ელჩის, იონაშ ჰერმანის შეხვედრისას.
„შეხვედრაზე ვისაუბრეთ რიგის სამიტზე და ამ სამიტისგან მოლოდინებზე. განვიხილეთ ის შესაძლებლობები კიდევ რა შეიძლება გაკეთდეს დარჩენილი ერთი თვის განმავლობაში. რა შეიძლება იყოს ის ფორმატი, რომელშიც ევროკავშირის მისიასთან საქართველოში ვითანამშრომლებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მაქსიმალური წარმატება მივიღოთ“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მისივე თქმით, ევროკავშირი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დონორია საქართველოში, მათ შორის პარლამენტისთვისაც. „ამ შეხვედრის ერთ-ერთი ამოცანა იყო ისიც, რომ მომავალში დაგეგმილ პროექტებზე გვესაუბრა. მაისის პირველი კვირა ევროპის კვირაა. ჩვენ, ძირითადად ყველა ღონისძიებას მათთან ერთად ვაკეთებთ. ამიტომ დღევანდელ შეხვედრაზე ამ თემებზეც ვისაუბრეთ,“ - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.