
საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარემ აპარატის თანამშრომლებთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა და ოთხწლიანი ერთობლივი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
„ძვირფასო თანამშრომლებო, ძვირფასო კოლეგებო, დღეს აქ ბრძანდებით შეკრებილი ის ხალხი, ვისზეც დგას საქართველოს პარლამენტი. ყოველ ოთხ წელიწადში დგება ხოლმე მომენტი, როდესაც ქვეყანაში ხდება ცვლილება და ეს ცვლილება პირველ რიგში სწორედ ამ შენობაში, საქართველოს პარლამენტში აისახება. გასული არჩევნებიდან გავიდა ოთხი წელი, როდესაც მე და ჩემმა კოლეგებმა შემოვაბიჯეთ საქართველოს პარლამენტში და თუ რაიმე შევძელით ამ დროის განმავლობაში და საქართველოს პარლამენტმა თუ შეძლო თავისი მოვალეობის პირნათლად შესრულება ქვეყნის წინაშე, ეს არის პირველ რიგში თქვენი დამსახურება და მე დღეს მინდა მადლობა მოგახსენოთ ამისთვის. მადლობა თითოეულ თქვენგანს. მადლობა ყველას, ვინც ძალიან ბევრი წელია ერთგულად ემსახურებით თქვენს საქმეს“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა აპარატის თანამშრომლებთან მიმართვისას.
პარლამენტის თავმჯდომარემ კმაყოფილებით აღნიშნა, რომ აპარატში მომუშავე რამდენიმე ასეული ადამიანი მიუხედავად განსხვავებული ასაკის, პროფესიის და პოლიტიკური შეხედულებისა, ერთგულად ემსახურებიან თავის საქმეს და ნორმალური, ცივილიზებული ურთიერთობებით თანამშრომლობენ.
„მე ვისურვებდი ის ატმოსფერო რაც პარლამენტის აპარატშია, თავად პარლამენტში მის წევრებს და ფრაქციებს შორის იყოს და განსხვავებულებმა მოვახერხოთ ერთად შრომა, ერთად ყოფნა ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. შეიძლებოდა დღეს ჩემი გამოსვლა ერთი სიტყვით შემოფარგლულიყო და ეს სიტყვაა მადლობა, დიდი მადლობა! წარმატებები უკვე ახალი პარლამენტის საქმიანობის უზრუნველყოფაში, გისურვებთ წარმატებებს და დარწმუნებული ვარ, რომ უკეთესი და უკეთესი პარლამენტები ეყოლება ჩვენს ქვეყანას.
მე გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. ჩვენ კვლავაც შევხვდებით ერთმანეთს, ცხოვრება გრძელდება და ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის სამსახურს“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
სიტყვით მიმართვის და დამშვიდობების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ აპარატის თანამშრომლებთან ერთობლივი ფოტო გადაიღო.