ფრაქციამ „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ პარლამენტში დაარეგისტრირა ინიციატივა „ელიტური კორუფციის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“, - ამის შესახებ ფრაქციის თავმჯდომარემ, ბადრი ჯაფარიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენი ამოცანაა შეიქმნას კომისია, რომელიც გამოიკვლევს საქართველოში არსებული ელიტური კორუფციის ფაქტებს, დაადგენს მათში გარეულ პირებს, მათ შორის, თანამდებობის პირებს და ამით ჩვენ შევქმნით პრეცენდენტს, რომ აღარასდროს ჩვენს ქვეყანაში დაუსჯელად არ ხდებოდეს მასშტაბური ელიტური კორუფციის ფაქტები“, - აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.
ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ფრაქციას „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ აქვს კოლეგების მხარდაჭერა. მან იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნულ ინიციატივას მხარს დაუჭერს „ქართული ოცნებაც“, „იმიტომ, რომ ქვეყნის ინტერესებშია გამოვლენილი იქნას ელიტური კორუფციის ყველა ფაქტი და ადამიანებმა პასუხი აგონ ბიუჯეტის სახსრების მითვისებისათვის“.