საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

ფრაქცია - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ წევრები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდნენ

მედია და საზოგადოება 10 დეკემბერი 2021
ფრაქცია - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ წევრები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდნენ

ფრაქცია - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ წევრები საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდნენ.

 

მხარეებმა ისაუბრეს ქვეყნაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაზე, სასამართლო და საარჩევნო რეფორმაზე.

 

„ჩვენ ვისაუბრეთ ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელთა მოგვარება აუცილებელია იმისთვის, რომ ქვეყანა ამ მძიმე პოლიტიკური და სოციალური კრიზისიდან გამოვიდეს. ვისაუბრეთ იმაზეც, რომ თუ გვინდა ქვეყანაში კრიზისი დაძლეული იყოს, უნდა შეწყდეს პოლიტიკური დევნა, შერჩევითი მართლმსაჯულება და შურისძიება. ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით, რომ ის არის წამების, არაჰუმანური და დამამცირებელი მოპყრობის, პოლიტიკური დევნის და შურისძიების მსხვერპლი. ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ვისაც ხელისუფლებისაგან განსხვავებული პოზიცია აქვს, მათ შორის სხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს და აქტივისტებს, მათ მიმართ ფართო მასშტაბიანი დევნა ხორციელდება“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ფრაქციის წევრმა, აკაკი მინაშვილმა.

 

მისი თქმით, ფრაქციის წევრებმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის საკუთარი ხედვა გააცნეს.

 

„იმისთვის, რომ ქვეყანას ეკონომიკური განვითარების შანსი გაუჩნდეს, აუცილებელია დამოუკიდებელი სასამართლო და რეალური რეფორმის გატარება. ბოლო პერიოდში, ჩვენ ვხედავთ ხელისუფლებამ როგორ „გადააგდო“ არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები, არამედ ყველა ჩვენი პარტნიორი და არ ატარებს არანაირ რეფორმას, არამედ პირიქით, დაპირებების საწინააღმდეგოდ ნიშნავს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს და ასევე, დანიშნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებიც. ვისაუბრეთ იმაზეც, რომ ქვეყნაში არ განხორციელებულა რეალური საარჩევნო რეფორმა. სარჩევნო რეფორმის, ვადამდელი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარეშე, სადაც მოქალაქეებს საშუალება ექნებათ აირჩიონ ხელისუფლება, რომლის მიმართაც ექნებათ ნდობა, ბუნებრივია, ქვეყანა კრიზისიდან ვერ გამოვა“, - აღნიშნა აკაკი მინაშვილმა.

 

შეხვედრას ქართული მხრიდან ესწრებოდნენ ფრაქცია - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ წევრები: აკაკი მინაშვილი და ზაალ უდუმაშვილი.