
საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომლებიც უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ქუთაისიდან თბილისში გადატანას ეხება, ასევე იმაზე, თუ რა ფუნქცია შეიძლება დაეკისროს პარლამენტის შენობას და ზოგიერთ სხვა საკითხზე პარლამენტის აპარატის სტაჟიორებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ბიძინა გუჯაბიძე ესაუბრა. შეხვედრაზე სტაჟიორებს პარლამენტის წევრმა კომიტეტის მუშაობა, გარემოს დაცვის პრინციპები და ფუნქციები, დასანერგი სიახლეები და განსახორციელებელი ცვლილებები გააცნო. მან განმარტა, რომ ქვეყანაში შეიქმნება საწარმოები, რომელთათვისაც საჭირო გახდებიან სპეციალისტები; გადამზადდება ტექნიკური პერსონალი სოფლის მეურნეობის გაუმჯობესებისათვის; იქნება საკონსულტაციო ცენტრები, რომ რეკომენდაცია გაუწიონ გლეხებს და საჭიროების მიხედვით უპროცენტო ან დაბალპროცენტიანი სესხი მისცენ ბანკიდან.
შეხვედრაზე ახალგაზრდებმა მიმართეს კითხვით პარლამენტის წევრს, შესაძლებელი იქნება თუ არა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შეტანილ იქნეს ცვლილება, რომლის მიხედვითაც, პარლამენტის აპარატში ექვსთვიანი სტაჟირება სამუშაო სტაჟში ჩაეთვლებათ. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გარდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანისა, სტაჟიორებს ურჩია, შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებზედაც გაამახვილონ ყურადღება და თავიანთი წინადადება დახვეწილი სახით წარუდგინონ მას, რომ შეძლოს მათთვის შესაბამისი დახმარების გაწევა.