
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილა და მხარი დაუჭირა „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ კანონპროექტს.
კანონპროექტი სხდომაზე, ერთ-ერთმა ავტორმა, კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ წარადგინა.
პროექტის მიზანია, ერთი მხრივ, დაინტერესებულ პირთა მიერ მათ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების იმგვარი გამოყენების ხელშეწყობა, რომ არ დაირღვეს ბალანსი ეკოლოგიურ წონასწორობასა და საკუთრებით სარგებლობის უფლებას შორის, ხოლო, მეორე მხრივ, მშენებლობებისა და ავარიული სახლების დასრულება/ჩანაცვლების მიზნით, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის რამდენიმე მიმდინარე პროექტის შეუფერხებლად განხორციელების ხელშეწყობა.
კანონის პროექტით, მშენებლობის ნებართვის არსებობის შემთხვევაში, მწვანე ნარგავების ჭრის დასაშვებობასთან დაკავშირებული პირობები ზუსტდება.
კანონპროექტის თანახმად, ხდება მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში მწვანე ნარგავების ჭრასთან დაკავშირებული 25%-იანი შეზღუდვის გაანგარიშების წესის დაზუსტება, მათ შორის, იმ ნარგავების კატეგორიების მკაფიო განსაზღვრა, რომლებიც ექვემდებარება აღნიშნულ შეზღუდვას და იმ ნარგავების გამორიცხვა, რომლებიც თავისი ბიოლოგიური მახასიათებლებისა და ეკოლოგიური ღირებულების გათვალისწინებით არ უნდა იქნას ჩართული აღნიშნულ გაანგარიშებაში.
კანონის პროექტი ასევე ითვალისწინებს დაუმთავრებელი მშენებლობებისა და ავარიული სახლების დასრულება/ჩანაცვლების მიზნით, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მწვანე ნარგავების მოჭრა/გადარგვასთან დაკავშირებით განსხვავებული პირობების დადგენის შესაძლებლობას.
კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: მაია ბითაძე, ვარლამ ლიპარტელიანი, ანტონ ობოლაშვილი, რიმა ბერაძე და დავით კაჭარავა.