
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილა „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონში ცვლილებები.
მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა კომიტეტის წევრებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ზურაბ ეზუგბაიამ წარუდგინა.
ცვლილებების ძირითადი მიზანია, ზუთხისებრთა სახეობების გასამრავლებლად და დასაცავად რიონის აღკვეთილის შექმნა სამტრედიის მუნიციპალიტეტში. მდინარე რიონი ერთ-ერთია მსოფლიოს იმ რამდენიმე მდინარიდან, სადაც ჯერ კიდევ შენარჩუნებულია ზუთხისებრთა სატოფო ადგილები და ისინი ბუნებრივ გარემოში მრავლდებიან.
აღკვეთილის ტერიტორია ფარავს 554 ჰექტარს და მოიცავს მდინარე რიონის იმ მონაკვეთს, სადაც ხდება ზუთხისებრთა ქვირითობა.