
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა რუსთავში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის თაობაზე იმსჯელა.
კომიტეტის წევრებმა ქალაქ რუსთავის მერის, ნინო ლაცაბიძისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებისგან მოისმინეს ინფორმაცია რუსთავში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის
შესახებ.
ნინო ლაცაბიძემ 2026 წელს ქალაქ რუსთავში ეკოლოგიური პრობლემების მოსაგვარებლად განხორციელებულ პროექტებზე, ჯერ კიდევ არსებულ გამოწვევებსა და მათი მოგვარების გზებზე ისაუბრა.
„რუსთავში უპრეცედენტო პროექტები ხორციელდება. დაგეგმილი გვაქვს ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია, ახალი პარკების მშენებლობა, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. საბავშვო ბაღებსა და სკოლებში ვიწყებთ ახალ პროექტს, რომელიც არსებული მწვანე სივრცეების კეთილმოწყობასა და მათი საგანმანათლებლო და
რეკრეაციული დანიშნულებით გამოყენებას ითვალისწინებს. ქალაქის განვითარების 2020–2026 და 2020–2030 წლების გეგმა ამბიციურ პროექტებს მოიცავს, რომელთა განხორციელებით მოწესრიგდება მწვანე სივრცეები, გზები და ახალი ინფრასტრუქტურა აშენდება. თუმცა, ეკოლოგიური პრობლემების სრულად მოსაგვარებლად აუცილებელია, საწარმოებმა მეტი პასუხისმგებლობა აიღონ საკუთარ თავზე და მავნე გამონაბოლქვის შემცირების მიმართულებით, ქმედითი ნაბიჯები გადადგან“, - განაცხადა რუსთავის მერმა.
ქალაქ რუსთავში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის შედეგებთან დაკავშირებით პრეზენტაცია წარადგინა სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა, მარინე არაბიძემ.
მან მონიტორინგის სადგურების მუშაობა, ჩატარებული ინდიკატორული გაზომვები და მიღებული შედეგები მიმოიხილა და აღნიშნა, რომ 2027 წლიდან ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პროგნოზირების სისტემის ამოქმედება იგეგმება.
ატმოსფერულ ჰაერში მძიმე მეტალებისა და ბენზაპირენის მონიტორინგის შედეგებზე საუბრისას, მომხსენებელმა აღნიშნა, რომ საშუალოწლიურ ნორმაზე გადაჭარბების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
რუსთავში ატმოსფერული ჰაერის დამაბინძურებელი ობიექტების ინსპექტირების შედეგები კომიტეტის წევრებს სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ნელი კორკოტაძემ გააცნო. მისი ინფორმაციით, ყველა იმ მსხვილ საწარმოში, რომელიც ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებაზე ახდენს გავლენას, დეპარტამენტის მიერ ინტენსიური და კომპლექსური ინსპექტირება განხორციელდა.
მომხსენებელმა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ 2025-2026 წლებში რუსთავსა და გარდაბანში განხორციელებული ინსპექტირების შედეგები მიმოიხილა. ასევე ისაუბრა გეგმიური და არაგეგმიური შემოწმების შედეგებზე, მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების უწყვეტი თვითმონიტორინგის სისტემაზე, ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვისა და საწვავის ხარისხის კონტროლზე.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრებმა სხდომაზე ინფორმაცია მოისმინეს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ მწვანე კლიმატის ფონდში აკრედიტაციის შესახებ, რომელიც სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორის მოადგილემ, ლევან მოსახლიშვილმა წარადგინა.
მისი თქმით, „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ საქართველოში პირველი სახელმწიფო კომპანია გახდა, რომელმაც მწვანე კლიმატის ფონდში აკრედიტაცია მოიპოვა, რაც სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს“ საშუალებას აძლევს, განახორციელოს კლიმატის ცვლილებაზე ორიენტირებული, ეკონომიკურად ნაკლებად მიმზიდველი პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობენ სათბურის აირების ემისიებისა და კლიმატზე ცვლილების უარყოფითი გავლენის შემცირებას.
როგორც მან აღნიშნა, ფონდის მისია საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალის რეალიზაციის ხელშეწყობა, ენერგეტიკული პროექტების განვითარება, საინვესტიციო რესურსების მოზიდვა და მათი ეფექტიანი განხორციელებაა.