
პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ჟურნალში (PNAS) გამოქვეყნებული კვლევის „სამხრეთ კავკასია, საქართველო, ნეოლითის პერიოდში პურის ხორბლის წარმოშობის დამოუკიდებელი ცენტრი“, პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდა.
კვლევა ადასტურებს, რომ საქართველო პურის ხორბლის (Triticum aestivum) წარმოშობის დამოუკიდებელი და დღეისათვის დოკუმენტურად დადასტურებული უძველესი კერაა.
როგორც გელა სამხარაულმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საქართველოში ხორბლის კულტურის უძველესი ფესვების მეცნიერული დადასტურება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ მრავალსაუკუნოვან ცივილიზაციურ პროგრესს, რომელსაც საფუძველი ვაზის კულტივაციამ ჩაუყარა.
მისივე თქმით, ბუნებრივია, რომ რეგიონში, სადაც მეღვინეობისა და მევენახეობის უნიკალური ტექნოლოგიები განვითარდა, მაღალი დონით ყოფილიყო წარმოდგენილი ხორბლის სელექცია და მიწათმოქმედებაც.
გელა სამხარაულის შეფასებით, ქართული მიწა კვლავ ინახავს მრავალ საიდუმლოს და მომავალი აღმოჩენები კიდევ უფრო გაამყარებს ქვეყნის ადგილს მსოფლიო აგრარული კულტურის სათავეებთან.
სტატია ეყრდნობა აკადემიკოს დავით ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით ჩატარებულ საერთაშორისო მულტიდისციპლინურ კვლევას, რომელიც ეფუძნება საქართველოში, გადაჭრილ და შულავერის გორებზე აღმოჩენილ 8 000 წლის წინანდელ არქეოლოგიურ მასალასა და პალეობოტანიკოსის, პროფესორ ნანა რუსიშვილის მრავალწლიან სამეცნიერო კვლევებს.
საერთაშორისო მულტიდისციპლინური კვლევა საქართველოს კულტურის სამინისტროს, ღვინის ეროვნული სააგენტოს პროექტის - „ღვინისა და ვაზის კვლევა და პოპულარიზაცია“ - ფარგლებში, ტორონტოს უნივერსიტეტის, ვაისმანის ინსტიტუტისა და „საზოგადოება ივერიისას“ მხარდაჭერით განხორციელდა.
ღონისძიებაში მონაწილეობა ასევე მიიღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.