საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

გია ჟორჟოლიანი: „საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება შესაძლებელია ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს პარტიების დეპუტატების მხარდაჭერის გარეშეც“

მედია და საზოგადოება 12 მაისი 2020
გია ჟორჟოლიანი: „საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება შესაძლებელია ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს პარტიების დეპუტატების მხარდაჭერის გარეშეც“

საქართველოს პარლამენტის წევრის, გია ჟორჟოლიანის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება შესაძლებელია ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს პარტიების დეპუტატების მხარდაჭერის გარეშეც.

მისი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭირო 113 ხმა შესაძლებელია მოგროვდეს ქართული ოცნების წევრი 93 და სხვა დეპუტატებისგან, რომლებიც არ არიან ნაციონალური მოძრაობის და ევროპული საქართველოს წევრები და რომელთა უმრავლესობამ საჯაროდ არაერთხელ დააფიქსირა, რომ მხარს უჭერენ საკონსტიტუციო ცვლილებებს.

ამის შესახებ მან გია ჟორჟოლიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„საკონსტიტუციო ცვლილების განხორციელებისთვის არ არის აუცილებელი კონსენსუსი ქართულ ოცნებას, ნაციონალურ მოძრაობასა და  ევროპულ საქართველოს შორის. საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭირო 113 ხმა შესაძლებელია მოგროვდეს ქართული ოცნების წევრი 93 და სხვა დეპუტატებისგან, რომლებიც არ არიან ნაციონალური მოძრაობის და ევროპული საქართველოს წევრები. ყველას კარგად გვახსოვს, რომ ქართულმა ოცნებამ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ერთხელ უკვე გააწბილა როგორც საქართველოს მოქალაქეები, ასევე ჩვენი უცხოელი პარტნიორები და მეგობრები. რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას და ევროპულ საქართველოს, მათი უპასუხისმგებლო და არაკონსტრუქციული მოქმედებები დიდი ხანია ჩვენი საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი. ამ პოლიტიკური ჯგუფების მიერ არაარსებითი და არარსებული მიზეზების მოშველიებით საკონსტიტუციო ცვლილების ჩავარდნა მათ დააკისრებს უდიდეს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, რასაც ვფიქრობთ, არჩევნების დროს ჩვენი ხალხი გაითვალისწინებს. ბოლოს მინდა ვთქვა, რომ დღეს ეს თემა არ არის აქტუალური, შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ბრძოლა ქარის წისქვილებთან, ჩვენთვის დღეს აქტუალურია ყოველდღიური ცხოვრების პრობლემები პანდემიის პერიოდში და ამაზე კონცენტრირება არის როგორც მთავრობის, ასევე ყველა პასუხისმგებელი პოლიტიკური ძალისათვის უმნიშვნელოვანესი“, - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.