
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარი საქართველოში ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკის შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოსა და ევროკავშირის ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტებზე ისაუბრეს.
გიორგი ამილახვარმა ელჩს კომიტეტის საქმიანობა გააცნო და განათლების მიმართულებით მიმდინარე პროექტებსა და რეფორმებზე ინფორმაცია მიაწოდა. მხარეებმა ასევე განიხილეს თანამშრომლობის სამომავლო გეგმები.
„ვისაუბრეთ იმ საგანმანათლებლო პროექტებზე, რომელსაც ევროკავშირთან ერთად ვახორციელებთ საქართველოში. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ქართული განათლება და მეცნიერება დავაახლოოთ ევროპის საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცესთან. ამ მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო თანამშრომლობის სამომავლო გეგმების დასახვა. ელჩმა იმ პროექტების მხარდაჭერაში, რომელსაც ჩვენ კომიტეტის ფარგლებში ვახორციელებთ, სრული მზაობა გამოთქვა“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მარიამ ლაშხი.