
საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე დღეს, „რედისონ ბლუ ივერიაში“ ავსტრიის რესპუბლიკის ევროპულ და საერთაშორისო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპის, დასავლეთ ბალკანეთის, სამხრეთ კავკასიის, ცენტრალური აზიის და ცენტრალურ ევროპული ინიციატივის დეპარტამენტის დირექტორს, ელჩ ჰაიდემარია გიურერს შეხვდა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ავსტრიელი დიპლომატის მიზანს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ ჩვენს ქვეყანაში, ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობის და ვითარების უკეთ შესწავლა წარმოადგენს. მისი თქმით, შეხვედრაზე ადვოკატ გიორგი ონიანის დაპატიმრების საკითხიც განიხილეს. „დააპტიმრო ადვოკატი ისეთ ვითარებაში, როდესაც მას სერიოზული პროცესი მიჰყავს და რომელიც კიდევ ერთია იმათ რიგში, ვინც ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, ამის პარალელურად გაგაჩნდეს ამბიცია - ეს არჩევნები იყოს ცივილიზებული და დემოკრატიული, აბსოლუტურად წარმოუდგენელია“, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
მისივე თქმით, ხელისუფლება აგრძელებს დევნას იმ ადამიანებისა, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში აპირებენ კენჭისყრას. შეხვედრაზე მხარეებმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრეს. გიორგი ბარამიძის თქმით, უკრაინის ამბები ძალიან ბევრ რამეს სასიკეთოდ შეცვლის აღმოსავლეთ ევროპაში. „უკრაინაში პუტინის რეჟიმი პირწმინდად დამარცხდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დამარცხდა უკრაინის უკან, წარსულში დაბრუნების იდეა. ეს მნიშვნელოვანია როგორც უკრაინა-ევროკავშირის, უკრაინა-რუსეთის ურთიერთობებში, ასევე საქართველოს, მოლდოვას და სხვა ქვეყნების ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის თვალსაზრისით“, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.