
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე თბილისის 128-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა და განათლების სექტორში მიმდინარე რეფორმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
გიორგი ჩაკვეტაძემ ახალგაზრდებს საპარლამენტო და საკომიტეტო საქმიანობა გააცნო. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება ზოგადი და უმაღლესი განათლების რეფორმებზე გამახვილდა.
„სკოლის მოსწავლეები პარლამენტს ვიზიტორთა პროგრამის ფარგლებში ესტუმრნენ. შეხვედრაზე ვისაუბრეთ მნიშვნელოვან სიახლეებზე, რომელიც განათლების სფეროში მიმდინარეობს. მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები და მიეღოთ ინფორმაცია სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით“, - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.
მოსწავლეებმა პარლამენტის სასახლე და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმი დაათვალიერეს.