
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხელაშვილმა შეხვედრა გამართა ეთნიკური უმცირესობებით, კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მცხოვრებ მასწავლებლებთან.
გიორგი ხელაშვილი პედაგოგებს საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით მიმდინარე პროცესზე და არსებულ გამოწვევებზე ესაუბრა.
„ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით, საქართველო ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე იმყოფება და აღსანიშნავია, რომ მასწავლებლებს ამ საკითხების მიმართ დიდი ინტერესი აქვთ. ისინი კარგად საუბრობენ ქართულ ენაზე, მოტივირებულები არიან და ჩანს, რომ შეუძლიათ ეს საკითხები თავიანთ მოსწავლეებს კარგად გადასცენ. აუცილებელია მსგავსი შეხვედრები არა მხოლოდ თბილისში და პარლამენტში, არამედ რეგიონებშიც გაიმართოს. ეს კამპანია ორგანიზებულია ნატოს და ევროკავშირის ცენტრის მიერ, თუმცა უმჯობესი იქნება თუ უფრო ფართო და გაშლილი იქნება როგორც პარლამენტის, ასევე სამინისტროების მონაწილეობა“, - განაცხადა გიორგი ხელაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
„პედაგოგების ინფორმირება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე წარმოადგენს მნიშვნელოვან ამოცანას, რადგან ისინი არიან ინფორმაციის გამავრცელებლები სამიზნე აუდიტორიაში, განსაკუთრებით, ახალგაზრდებში და მათ კოლეგებში. დღეს, როდესაც განსაკუთრებით მძაფრია ანტიდასავლური პროპაგანდა, ფაქტებზე დაფუძნებულ სწორ ინფორმაციას უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ პროექტის კოორდინატორმა, მარიამ გიგაურმა.
დღევანდელი შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა.